პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მფლობელობაში არსებული Starlink-ისგან, უკრაინელი სამხედროებისთვის სატელიტური ინტერნეტის უზრუნველსაყოფად, ტერმინალების შეძენას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პენტაგონსა და ილონ მასკს შორის წარსულში არსებული დაძაბულობის მიუხედავად იქნა მიღებული. შეგახსენებთ, მასკმა განაცხადა, რომ წელს უკრაინაში Starlink-ის სერვისების დაფინანსებას ვეღარ გააგრძელებდა.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო“ გარიგების შესახებ დეტალები, მათ შორის ფინანსური საკითხები, შესაძლებლობებთან დაკავშირებით ინფორმაცია და სხვა ცნობები გასაჯაროებული არ არის.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში ტელეკომუნიკაციები ან განადგურდა ან მასზე კონტროლი მოწინააღმდეგემ აიღო. გაეროს იანვრის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციის აღსადგენად მინიმუმ 1.8 მილიარდი აშშ დოლარია საჭიროა.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა მასკს Twitter-ის საშუალებით სთხოვა, რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად ქვეყნისთვის Starlink-ის ინტერნეტსერვისები მიეწოდებინა. ორი დღის შემდეგ, ფედოროვმა ამავე სოციალურ ქსელში Starlink-ის ტერმინალის ფოტო გამოაქვეყნა და მასკს მადლობა გადაუხადა.
Starlink-მა უკრაინას პირველი 5,000 ტერმინალიდან 3,667 (დაახლოებით 73%) შესწირა, დანარჩენზე პასუხისმგებლობა კი სახელმწიფოს მიერ მართულმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აიღო. Bloomberg-ის ცნობით, დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 22,000 ტერმინალი ჰქონდა და მოსალოდნელი იყო იმ დროისთვის კიდევ 10,000-ის მიღება.
ტერმინალები, რომლებიც თანამგზავრების ქსელიდან ინტერნეტის მიღებას უზრუნველყოფენ, უკრაინელ სამხედროებს სტაბილური კომუნიკაციისა და ინტერნეტკავშირების შენარჩუნებაში ეხმარება, მიუხედავად მათ ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისა.
2022 წლის ოქტომბერში SpaceX-მა პენტაგონს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ მას არ შეეძლო Starlink-ის სერვისების დაფინანსება უკრაინაში „განუსაზღვრელი ვადით“. კომპანია აღნიშნავდა, რომ მომსახურების 2023 წლის ოქტომბრამდე, ანუ ერთი წლით გაგრძელება, დაახლოებით 380 მილიონი აშშ დოლარი დაჯდებოდა.
2022 წლის დეკემბერში უკრაინამ ევროპული ქვეყნებისგან დაფინანსება მოიპოვა, რათა 2023 წელს Starlink-ის კიდევ 10,000 ტერმინალი დაემატებინა.
უკრაინის ომამდე SpaceX-მა, რომელიც ორ ათწლეულზე მეტს ითვლის, პენტაგონისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტი მიიღო. მათ შორის, თანამგზავრების დედამიწის ორბიტაზე გაშვებასთან დაკავშირებით. ამ გზით, მასკის კომპანია თავდაცვის მიმართულებით სხვა კონტრაქტორების, Lockheed Martin-ისა და Boeing-ის ძლიერ კონკურენტად ჩამოყალიბდა.