აშშ: უცხოეთში არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთმა $300 მილიონი დახარჯა

აშშ: უცხოეთში არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთმა $300 მილიონი დახარჯა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უცხოეთში სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში ფარულად ჩასარევად და პოლიტიკურ კანდიდატებზე ზეგავლენის მოსახდენად 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

„რუსეთის ფედერაციის ფარული პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტს არჩევნებში ჩარევის ზუსტი დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობა სხვადასხვა სტრატეგიას იყენებდა, მათ შორის: პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების პირდაპირ მოსყიდვას, პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსებას, მედიასა და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებასა და ცრუ ბრალდებების გავრცელებას.

აშშ-ის დაზვერვის პროგნოზით, რუსეთი მომავალშიც განაგრძობს ზემოხსენებულ საქმიანობას და, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები და აქტივობა უფრო მეტად გაიზრდება.

საგულისხმოა, რომ რუსეთი აქტიურად ერეოდა როგორც დასავლური სახელმწიფოების, ასევე აზიური და აფრიკული ქვეყნების არჩევნებშიც.

რუსული ძალების მიერ ფარული ზეგავლენის მოხდენის მცდელობის თვალსაჩინო მაგალითებად აშშ-ის 2016 და 2020 წლების, საფრანგეთის 2017 წლის, უკრაინის საპრეზიდენტო და სუდანის საპარლამენტო არჩევნები სახელდება.