ასობით მუსლიმანს ლოცვისთვის Ikea-მ ავტოსადგომი დაუთმო

ასობით მუსლიმანს ლოცვისთვის Ikea-მ ავტოსადგომი დაუთმო

გერმანიაში შვედური ავეჯის ცნობილი ბრენდის Ikea-ს ავტოსადგომზე ასობით მუსლიმანი შეიკრიბა და ერთად აღნიშნა რამადანის თვის დასასრული. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ისინი მეჩეთში სოციალურ დისტანციას ვერ დაიცავდნენ და სალოცავად დიდი სივრცე სჭირდებოდათ. ასე რომ, მათ დაწესებული შეზღუდვებიდან ასეთი გამოსავალი იპოვეს.

ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვეცლარის მეჩეთის წინამძღოლი ქადირ თერზი ამბობს, რომ Ikea არც დაფიქრებულა, როდესაც მათ ავტოსადგომის სალოცავად გახსნა სთხოვეს. მისივე თქმით, ის არც იყო თავიდან დარწმუნებული რომ კომპანია მათ ამის შესაძლებლობას მისცემდა. “დიახ, შეგიძლიათ ილოცოთ, გვითხრა მან. ძალიან გაოცებული და ბედნიერი ვიყავი ერთდროულად“, – აღნიშნა ქადირ თერზიმ.

მისივე თქმით, ავტოსადგომზე ლოცვის შესაძლებლობა უდიდესი შესაძლებლობა იყო მუსლიმანებისთვის, რომლებმაც მთელი რამადანის თვე იზოლირებულად გაატარეს.

“სრულიად განსხვავებული რამადანის თვე გვქონდა, კონტაქტების, ვიზიტების გარეშე“, – ამბობს მეჩეთის წინამძღოლი.

აღსანიშნავია, რომ Ikea-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში უამრავი პოზიტიური შეფასება მოჰყვა. თავად მეჩეთმა კი Twitter-ზე დაწერა: “ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ვეცლარის პოლიციას, Ikea-ს მენეჯმენტს, ძმებს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ამ განსხვავებული დღესასწაულის დროს ლოცვის შესაძლებლობა მოგვცა“.  

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სალოცავები 9 მაისიდან გაიხსნა. თუმცა, სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულოა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *