ელექტრომობილების მწარმოებელ Lucid-სა და ძვირად ღირებული სპორტული მანქანების ბრიტანულ კომპანია Aston Martin-ს შორის ბატარეებისა და ელექტროძალური აგრეგატის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმება გაფორმდა. გარიგება „მაღალეფექტიანი“ ელექტრომობილების განვითარებასაც ითვალისწინებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებული განცხადების თანახმად, შეთანხმების ფარგლებში Lucid-ი ბრიტანულ ავტომწარმოებელს EV-მოდელების განსავითარებლად, ელექტროძალური აგრეგატის სისტემის შერჩეულ კომპონენტებს გადასცემს. გარიგების პირობებით, ბრიტანული ფირმა დაახლოებით 28.4 მილიონ ახალ ჩვეულებრივ აქციას გამოუშვებს, საუდის არაბეთის საინვესტიციო საჯარო ფონდის მიერ მხარდაჭერილ Lucid-ს კი $232 მილიონის ნაღდ ფულს ეტაპობრივად გადაუხდის. შეთანხმებით, Lucid-ი Aston Martin-ის 3.7%-იან წილსაც მიიღებს.
Aston Martin-ის განცხადებით, ელექტრიფიკაციის პროგრამა ავტომწარმოებლის მდგრადობის გამაძლიერებელი სტრატეგიის ნაწილია. ბრიტანული კომპანია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის შიდაწვის ძრავებისა (ICE) და ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების (BEV) ტექნოლოგიების განვითარებისთვის $2.6 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.
Lucid-ის განცხადებით, Aston Martin-თან გრძელვადიანი სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორობა მათი კომპანიისთვის ბატარეისა და ელექტროძალური აგრეგატის სისტემის მიწოდებისა და ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა, რომელთა საერთო ღირებულება $450 მილიონზე მეტი იქნება. ცნობისთვის, ელექტროძალური აგრეგატი EV-ებს მუხტავს და შიდაწვის ძრავის საჭიროებას ფარავს.