„მიგრაციის პაქტის“ ამოქმედების პირველ წელს, EU-ს ქვეყნებს შორის მხოლოდ 1,283 თავშესაფრის მაძიებელი გადაანაწილეს

„მიგრაციის პაქტის“ ამოქმედების პირველ წელს, EU-ს ქვეყნებს შორის მხოლოდ 1,283 თავშესაფრის მაძიებელი გადაანაწილეს

© European Union 2024/Oliver Bunic

 

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი შეთანხმების, ე.წ. „მიგრაციის პაქტის“ ფარგლებში გათვალისწინებული სავალდებულო სოლიდარობის მექანიზმის ამოქმედების პირველ წელს, წევრ ქვეყნებს შორის მხოლოდ 1,283 თავშესაფრის მაძიებელს გადაანაწილებენ. შედარებისთვის, ევროკომისიის თავდაპირველი გეგმა იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და კვიპროსიდან EU-ს სხვა წევრ ქვეყნებში 30,000 ადამიანის გადაყვანას ითვალისწინებდა.

Euronews-ის ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებიდან ამ დროისთვის მხოლოდ 562 ადამიანია გადანაწილებული და ყველა მათგანი კვიპროსიდან ლიეტუვაში, რუმინეთში, ბულგარეთსა და საფრანგეთში მოხვდა. როგორც გამოცემას EU-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა, წლის ბოლომდე კვიპროსიდან დამატებითი რეისებია დანიშნული, რის შემდეგაც გადაყვანილთა საერთო რაოდენობა 1,283-ს მიაღწევს. ამის ფონზე საინტერესოა, რომ მხოლოდ 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 669,000-მა ადამიანმა მოითხოვა.

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის რეგულაციაა. შეთანხმების პირობებით, ევროკომისიას ყოველწლიურად ე.წ. სოლიდარობის ფონდის შემუშავება დაევალა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიგრაციული წნეხის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებს.

მექანიზმი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: თავშესაფრის მაძიებლების სხვა ქვეყნებში გადანაწილებასა და ფინანსურ კონტრიბუციებს. სახელმწიფოებს შეუძლიათ, ფულადი დახმარების ნაცვლად ან მასთან ერთად, ქვეყნებს ალტერნატიული მხარდაჭერაც შესთავაზონ, მაგალითად, დააფინანსონ ინფრასტრუქტურული პროექტები ან შეისყიდონ საჭირო აღჭურვილობა.

შეთანხმებით განსაზღვრული მინიმალური წლიური ზღვარი 30,000 თავშესაფრის მაძიებლის ქვეყნებს შორის გადანაწილება და €600 მილიონის ფინანსური კონტრიბუციაა. თითოეული ქვეყნის წილი მოსახლეობის რაოდენობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით განისაზღვრება, თუმცა მთავრობებს აქვთ უფლებამოსილება, აირჩიონ, თუ რა ფორმით შეასრულებენ ვალდებულებას.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის მიგრაციული წნეხის ქვეშ მყოფ ქვეყნებად ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და კვიპროსი განისაზღვრა. ჩეხეთს, ხორვატიას, ავსტრიასა და პოლონეთს კი ქვეყნებში არსებული მიგრაციული მდგომარეობის გამო კვოტებისგან გათავისუფლება მიენიჭათ. შესაბამისად, დანარჩენ 18 ქვეყანას ფინანსურად ან თავშესაფრის მაძიებლების მიღებით კონტრიბუცია დაევალა. დანია ამ მექანიზმში არ მონაწილეობს.

თუმცა წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ პირველი წლის ვალდებულებები პროპორციულად შემცირებულიყო, რადგან ახალი წესები მხოლოდ 2026 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა. შედეგად, 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 30,000-ის ნაცვლად 21,000 პირი გადანაწილდებოდა, ფინანსური შენატანი კი 420 მილიონ ევრომდე დავიდა. თუმცა 21,000 ადამიანის გადანაწილების ვალდებულება უმეტესწილად მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.