ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელიც SWIFT-დან დამატებით 60 რუსული ბანკის გათიშვას, კრიპტოპლატფორმების შეზღუდვასა და რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოიცავს. სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეეხება რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“, სპორტსმენებსა და კულტურულ ღონისძიებებში რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენებას.
სანქციების პაკეტი ორშაბათს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მოსკოვმა მოწოდებები — შეეწყვიტა უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვა — უგულებელყო და ინფრასტრუქტურაზე იერიშები განაგრძო. ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის მოქმედებების მიზანი უკრაინელებისთვის ზამთრის პირობების მაქსიმალურად გართულებაა.
ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, ეს 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების რიგით 22-ე პაკეტი იქნება. ევროკომისია წევრ ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას დეკემბერში, სადღესასწაულო შესვენებამდე გეგმავს.
„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების ახალი პაკეტების შეთავაზებას მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად რეალურ მზაობას არ გამოავლენს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სანქციების ახალი პაკეტი ძირითადად რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგაა მიმართული. ამასთან, შეზღუდვები შეეხება კრიპტოპლატფორმებსაც, რომლებსაც მოსკოვი არსებული სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.
ევროკომისია ასევე აპირებს, ევროპულ კომპანიებს რუსული ენერგოობიექტების, განსაკუთრებით კი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების შეკეთება აუკრძალოს. ამ ინფრასტრუქტურის ნაწილი უკრაინის მიერ განხორციელებული შორი მოქმედების დარტყმების შედეგადაა დაზიანებული. დამატებით, შეზღუდვები ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტსაც“ — 70-ზე მეტ გემს — შეეხება, რომლებსაც მოსკოვი ნავთობის ფასზე დაწესებული ზედა ზღვრის გვერდის ავლისთვის იყენებს. ამჟამად აღნიშნული ზღვარი ბარელზე 44 აშშ დოლარია.
სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მხარეს მებრძოლი სამხედროებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს. ევროკომისიამ მსგავსი შეზღუდვის დაწესება ივლისის სანქციების პაკეტითაც სცადა, თუმცა ინიციატივას საფრანგეთისა და იტალიის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ამ ქვეყნების ვარაუდით, მსგავს შეზღუდვებს ვიზების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დამატებითი პრობლემები და საკონსულო სამსახურების შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა.
სანქციების პაკეტში კიდევ ერთი მიმართულება – რუსეთის სპორტისა და კულტურის სფეროა. ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიაზე გამართული სპორტული ღონისძიებებიდან რუსეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე გუნდებისა და სპორტსმენების გამორიცხვას, ასევე რუსეთის ოფიციალური სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას ითხოვს.








