აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა

აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა

ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძი – აჭარული ხაჭაპური, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის, The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა, რის გამოც ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი საკუთარ პლატფორმაზე გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.

„ხაჭაპური, ანუ ყველით გამოტენილი პური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობისა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და ყველის გალღობამდე მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის. ის ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიოთ. ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას მძაფრი გემოს მქონე იმერულ ყველსა და სულუგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა – რთული საქმეა. ეს რეცეპტი, რომელიც კარლა კაპალბოს წიგნიდან „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“ არის ადაპტირებული, მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევს ითვალისწინებს“, – წერს The New York Times-ის კონტრიბუტორი, დანიელა გალარსა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აჭარულ ხაჭაპურთან ერთად, The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მეგრულ ხაჭაპურს, ლობიოს სალათს და ქინძის სოუსს ვხვდებით.