ათი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მუზეუმი

ათი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მუზეუმი

Ullens Center for Contemporary Art, პეკინი

ბელგიელმა კოლექციონერმა და თანამედროვე ჩინური ხელოვნების პროპაგანდისტმა ბარონმა გი ულენსმა 2007 წელს პეკინში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი გახსნა. Ullens Center for Contemporary Art პეკინის კვარტალ დაშანძიში, ყოფილი ელექტროდანადგარების ქარხნის ტერიტორიაზე, 8000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ბარონმა და მისმა მეუღლემ, მირიამმა, 25 წლის განმავლობაში აზიაში მოგზაურობისას ჩინური მხატვრობის, ქანდაკებისა და ვიდეოინსტალაციის 2000-მდე ნიმუში შეაგროვეს.
მათ კოლექციას ძირითადად 1980-იანი წლების ჩინური ავანგარდის ნაწარმოებები წარმოადგენს, რომელთა საყიდლად ბელგიელ წყვილს თავიანთი ევროპული კოლექციის დიდი ნაწილის გაყიდვა მოუხდა. ულენსები ამჯერად ჩინური კოლექციის გასხვისებას აპირებენ და თავიანთი საგამოფენო კომპლექსისთვის ახალ პატრონს ეძებენ.
ამ გადაწყვეტილების მიღება ჩინეთის მთავრობის მხრიდან ზეწოლამ განაპირობა – ცოტა ხნით ადრე მთავრობამ ავანგარდისტი მხატვრის აი ვაივეის ნამუშევრების გამოფენა აკრძალა. ჩინური კონტრკულტურით დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ იჩქარონ, სანამ ფეი დავეის, გენ ძინის, ჩჟან პეილის, ვანგა გუანის და „85-იანელთა თაობის” სხვა ნამუშევრები ჯერ კიდევ ულენსების ხელშია და აუქციონის წესით არ გაყიდულა. ბარონი ულენსი კი საქველმოქმედო საქმიანობას ნეპალში გეგმავს. მისი ახალი კოლექცია ამჯერად ინდოელი მხატვრების ნამუშევრებით შეივსება.
ჩინეთი, პეკინი 798 Art District, No.4 Jiuxanqiao Lu
www.ucca.org.cn

Punta della Dogana, ვენეცია

სააუქციონო სახლ Christie’s-სა და Gucci Group-ის მფლობელის, ფრანგი მილიარდერის ფრანსუა პინოს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. პინომ თავისი კოლექციის დასაბინავებლად ორი უზარმაზარი სასახლე შეიძინა: პალაცო გრასი – იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ 2006 წელს რეკონსტრუირებული – პინოს არასაკმარისად ტევადად მოეჩვენა, ამიტომ 2009-ში მან იმავე ანდოს 20 მლნ ევროს ჩეკი გამოუწერა. თანხა მოხმარდა ისტორიული შენობის, ბოლო 30 წლის განმავლობაში უფუნქციოდ მდგარი საზღვაო საბაჟოს – პუნტა დელა დოგანას – წესრიგში მოყვანას.
ანდოს პროექტით, პუნტა დელა დოგანაში მე-17 საუკუნის შემდეგ მიშენებული ყველა ტიხარი და სათავსო დაანგრიეს, მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადებს მნიშვნელოვანი რესტავრირება ჩაუტარეს, გამოცვალეს ოცი კარი, რომლებიც ზღვაზე გადიოდა: სწორედ ამ კარების საშუალებით ხდებოდა შენობაში ნებისმიერი ტვირთის შეტანა-გამოტანა. ასევე რესტავრირებულ იქნა ისტორიული შენობის აგურის კედლები და ხის სახურავები, რომლებიც ზოგ ადგილას დამუქებული მინით შეიცვალა.
პუნტა დელა დოგანას სამკუთხედი დაგეგმარების მქონე შენობა, რომელიც ხომალდის კიჩოს მოგვაგონებს, სან-მარკოს მოედნის პირდაპირ, კანალ-გრანდესა და კანალ-დელა-ჯუდეკას შორისაა განლაგებული. 2009 წელს გახსნილი მუზეუმი პინოს 2500-ექსპონატიანი კოლექციიდან 141 ნამუშევრის მუდმივ ექსპოზიციას შესთავაზებს მნახველს. ასევე მოეწყობა დროებითი გამოფენებიც.
თუ ჯეფ კუნსის, რიჩარდ პრინსის, ტაკაში მურაკამის ან დემიენ ჰერსტის ნამუშევრების ხილვა გსურთ, ჯერ ქვემოთ მითითებულ საიტს გაეცანით, შემდეგ კი ვენეციიის 53-ე ბიენალეს დაელოდეთ და ამ საოცარ ქალაქს ესტუმრეთ.
ვენეცია, იტალია Dorsoduro 2, Campo della Salute
www.palazzograssi.it


NY Carlsberg Glyptotek, კოპენჰაგენი

დანიის დედაქალაქის ცენტრში, ტრივოლის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე „კარლსბერგის ახალი გლიპტოთეკა” 1897 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში ძირითადად ანტიკური ხანის ქანდაკებები და ქვის ნაკეთობებია წარმოდგენილი.
მისი დამაარსებელი, ცნობილი ლუდსახარშ „კარლსბერგის” მეპატრონის შვილი, კარლ იაკობსენი გახლდათ. კოლექცია 10 000 დასახელების ექსპონატისგან შედგება – აქ ძველი საბერძნეთის, ძველი რომისა და ძველი ეგვიპტის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებია გამოფენილი. რაც შეეხება ეტრუსკულ ხელოვნებას, კარლსბერგის გლიპტოთეკა იტალიის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე მდიდარ კოლექციას ფლობს.
ანტიკური ხელოვნების ნიმუშებისთვის შენობის მარცხენა ფრთაა გამოყოფილი, რომელიც 1906 წელს არქიტექტორმა ჰეკ კამპმანმა დააპროექტა და ააშენა.
გლიპტოთეკა ასევე წარმოგიდგენთ ოგიუსტ როდენის ნამუშევრების საფრანგეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე მდიდარ კოლექციას. აქვე იხილავთ დეგას მოცეკვავეების ქანდაკებებს, დანიელი და ნორვეგიელი მოქანდაკეების ნამუშევრებს. ზედა სართულები იმპრესიონისტებს აქვთ დათმობილი: რენუარის, სეზანის, მანეს, პისაროს, ვან გოგის, გოგენის, ტულუზ-ლოტრეკისა და ბონარის ფერწერული ტილოების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ მუზეუმის შიდა ეზოში გაშენებულ ზამთრის ბაღში დაისვენოთ და კაფეში დანიურად მომზადებული ყავა მიირთვათ.
კოპენჰაგენი, დანია, NY Carlsberg Glyptotek Dantes Plads 7
www.glyptoteket.dk

Mathaf: Arab Museum of Modern Art, დოჰა

სპარსეთის ყურის სანაპიროზე აშენებულ კატარის დედაქალაქ დოჰაში სულ ახლახან მუზეუმი გაიხსნა. თანამედროვე არაბული ხელოვნების მუზეუმი Mathaf (მატაფი არაბულად მუზეუმს ნიშნავს) შეიხ ჰასან ბინ მოჰამედ ბინ ალი ალ-ტანის ძალისხმევით დაარსდა, რასაც წინ უძღოდა 20-წლიანი სამუშაო: შეიხი თავის კოლექციას, რომელიც 6000 ნამუშევრისგან შედგება, ზუსტად ამდენ ხანს აგროვებდა.
თანამედროვე არაბული ხელოვნების მცოდნე და მოყვარული შეიხი ამბობს, რომ მუზეუმის გახსნის სურვილი მას შემდეგ არ ასვენებდა, რაც პირველი სურათი შეიძინა, დღეს კი ის ყველაზე აქტიურ კოლექციონერთა ათეულში შედის – არაბი ხელოვანების ნამუშევრებს აუქციონზე გამოტანამდე ყიდულობს და თავის სამუზეუმო კოლექციას ასე ამდიდრებს.
Mathaf-ის შენობა მანამდე სკოლას ეკუთვნოდა, შეიხმა იგი თავისი მუზეუმის დროებით თავშესაფრად აქცია: ფრანგ არქიტექტორს, ჟან-ფრანსუა ბოდენს, მისი რეკონსტრუქციის პროექტი შეუკვეთა, ისე რომ მისი 6000-ექსპონატიანი კოლექციის ხალვათად განთავსება შესაძლებელი გამხდარიყო. ინტერიერი, შეიხის სურვილის თანახმად, დიზაინერებმა თეთრად შეღებეს.
სამუზეუმო დარბაზების გარდა, Mathaf-ში ფუნქციონირებს დროებითი ექსპოზიციების გალერეა, ლექციების ჩასატარებელი ცენტრი და ბიბლიოთეკა
დოჰა, კატარი. Education City, Qatar Foundation
www.mathaf.org.qa

Sakip Sabanci, სტამბული

გავლენიანი თურქი მეწარმე საკიპ საბანჩი 2004 წლამდე (გარდაცვალებამდე) უმდიდრესი კოლექციონერების ოცეულში შედიოდა. მისმა კერძო მუზეუმმა სტამბულის უძველეს ისტორიულ უბანში, ემირგანში, პრინც მეჰმედ ალი ჰასანის შეკვეთით 1927 წელს აგებულ ვილაში დაიდო ბინა.
მეცენატების ოჯახის მრავალწლიანი შრომის შედეგად შეგროვებული კოლექცია თემატიკის მიხედვით რამდენიმე დარბაზშია გამოფენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ იხილონ როგორც ფერწერის, ქანდაკებისა და არქეოლოგიის, ისე კალიგრაფიის, ავეჯისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების უიშვიათესი ექსპონატები.
აქ მოხვედრა თუნდაც მხოლოდ კალიგრაფიის ნიმუშების სანახავად ღირს: ოსმანთა იმპერიის ხანის კალიგრაფიის შედევრები, ყურანის რარიტეტული ხელნაწერი ასლები, ასევე კოლექცია იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც კალიგრაფიისთვის გამოიყენებოდა, არავის დატოვებს გულგრილს.
ძველი რომის, ოსმანთა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი ქანდაკებები და არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული უძველესი ხელოვნების ნიმუშები მუზეუმის გარშემო გაშენებულ, მწვანეში ჩაფლულ ბაღშია განთავსებული.
ფერწერის დარბაზში თავმოყრილია 1850 – 1950 წლებში შექმნილი ნამუშევრები. ცნობილი თურქი მხატვრების – ოსმან ჰამდი ბეისა და ფეიჰამან დიურანის ტილოების გვერდით, სრულიად მოულოდნელად აივაზოვსკის მარინისტულ პეიზაჟებსაც წააწყდებით. XVIII-XIX საუკუნეების ავეჯისა და ინტერიერის სხვა ნივთების, ასევე XIX საუკუნის ფრანგული და გერმანული ფაიფურის მოყვარულებს კი ცალკე დარბაზი გიმასპინძლებთ.
სტამბული, თურქეთი. Sabanci Cad. 42, Emirgan
www.muze.sabanciuniv.edu

Rubell Family Collection, მაიამი

თანამედროვე ხელოვნების გალერეის Rubell Family Collection (RFC)-ის მფლობელები დონალდ და მერა რუბელები კარგა ხანია არტ-ბაზრის გავლენიანი მონაწილეები არიან. თავიანთი პირველი გალერეა ნიუ-იორკში, შორეულ 1964 წელს გახსნეს. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტისა და სკოლის მასწავლებლის მაშინდელი შემოსავალი კვირაში 100 დოლარი გახლდათ. ამ თანხიდან ისინი 25 დოლარს ხელოვნებაზე ხარჯავდნენ – ახალგაზრდა და ყველასთვის უცნობი მხატვრების ნამუშევრებს ყიდულობდნენ.
ოცი წლის შემდეგ წყვილს მაიამი-ბიჩზე სასტუმროების წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა თავიანთი ჰობის – კოლექციონირების მასშტაბები გაეზარდა. 1993 წლიდან რუბელების ოჯახი თავისი Rubell Family Collection-ით მაიამიში საბოლოოდ დაფუძნდა.
მათი კოლექცია თავს იწონებს ჟან-მიშელ ბასკიას, კიტ ჰარინგის, დემიენ ჰერსტის, ჯეფ კუნსის, სინდი შერმანისა და ენდი უორჰოლის ნამუშევრებით. მსოფლიოს არტ-დილერები ხაზგასმით აღნიშნავენ რუბელების ხელოვნებით ფანატიკურ გატაცებას. თავად RFC-ის მეპატრონეები კი ამბობენ, რომ უკვე მრავალი წელია, დილის ექვს საათზე იღვიძებენ და ორ საათს ხელოვნებაზე საუბარში ატარებენ.
ერთ ნიშანდობლივ ამბავს მოგიყვებით, რომელიც რუბელების ხელოვნებისადმი სიყვარულს ადასტურებს: როდესაც მათ მარლენ დიუმას Miss January-ში სამი მილიონი დოლარი შესთავაზეს, საკითხი საოჯახო საბჭოზე განიხილეს და თავიანთი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთეს: „თქვენც ხომ არ დათანხმდებით შვილიშვილებთან ან საყვარელ ძაღლთან განშორებას, თუნდაც ამაში დიდძალი თანხა შემოგთავაზონ?!”.
ამ საოცარი კოლექციის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ მუზეუმის ბიბლიოთეკით ისარგებლოთ ან სამახსოვროდ იქვე, წიგნების მაღაზიაში, ალბომები შეიძინოთ.
მაიამი, ფლორიდა, აშშ
95 NW 29th Street
www.rfc.museum

Soumaya, მეხიკო

კერძო მუზეუმი მექსიკელ მაგნატს – კარლოს სლიმს ეკუთვნის. მისი ოცნება იყო დაეარსებინა მუზეუმი, რომელიც ექსპონატების სიმრავლით ევროპულ გიგანტურ მუზეუმებს არ ჩამოუვარდებოდა.
სლიმის ეს საქმიანობა ქველმოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რადგან მუზეუმის შექმნის მთავარი მიზანი იყო, იმ მექსიკელებისთვის, რომელთაც არა აქვთ საშუალება, საზღვარგარეთ იმოგზაურონ, მიეცა შანსი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ხელოვანთა ნამუშევრებს გასცნობოდნენ. თანამემამულეებზე უანგაროდ ზრუნვის ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მუზეუმში შესვლა ყველასთვის უფასოა.
Soumaya 1994 წელს გაიხსნა, 2011-ში კი არქიტექტორ ფერნანდო რომეროს მიერ დაპროექტებულ ახალ შენობაში გადავიდა (კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შენობის მეტალის ფასადი ბირმინგემის უნივერმაგ Selfridges-ის ასლია), რომლის მშენებლობა 20 მლნ დოლარი დაჯდა. არქიტექტორის ჩანაფიქრით, შენობის ფასადს დამთვალიერებლებისთვის როდენის შემოქმედება უნდა გაეხსენებინა. არჩევანი სწორედ როდენზე შეჩერდა, რადგან კარლოს სლიმის მეუღლე სუმაია (მუზეუმი მის სახელს ატარებს) როდენის დიდ თაყვანისმცემელი გახლდათ. მუზეუმის დამფუძნებელი ყველაზე მეტად როდენის კოლექციით ამაყობს: მუზეუმში დიდი ფრანგი მოქანდაკის 380 ნამუშევარი და ესკიზია წარმოდგენილი. როდენის გარდა, აქ შეგიძლიათ დატკბეთ დალის, პიკასოს, რენუარის, ლეონარდო და ვინჩის, ელ-გრეკოს, ტინტორეტოს და სხვა დიდი მხატვრების შედევრებით.
მუზეუმის საცავები XV – XX საუკუნის ევროპული ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშებითაა გადავსებული, რომელთა საერთო ღირებულება, მუზეუმის დირექტორის შეფასებით, 700 მლნ დოლარს უდრის.
Soumaya -ში ასევე წარმოდგენილია ცნობილი მექსიკელი მხატვრების დიეგო რივერასა და რუფინო ტამაიოს ნამუშევრებიც.

Mexico, მექსიკა
Blvd Miguel de Cervantes Saavedra, 303
Av. Revolucion y Rio Magdalena-Eje 10, Sur-Tizapan, San Angel
www.soumaya.com.mx

Kroller-Muller Museum, ოტერლო

ნიდერლანდის სამეფოს ცენტრში განლაგებულ Kroller-Muller-ის მუზეუმში რომ მოხვდეთ, ამისთვის ხუთ ჰექტარზე გაშენებული დიდი ნაციონალური პარკის – დე-ჰოგე-ველიუვეს გადაკვეთა მოგიწევთ. პარკის შესასვლელთან ველოსიპედებს უფასოდ არიგებენ, ასე რომ მუზეუმში ვიზიტს ბუნების წიაღში გასეირნებაც ემატება, თანაც აქ შეიძლება ველურ ირემსაც კი მოჰკრათ თვალი. თუმცა თქვენი საბოლოო მიზანი მაინც მუზეუმია და მის სიახლოვეზე გზად მდგომი ქანდაკებები მიგანიშნებენ.
მდიდარი ჰოლანდიელი მეწარმის მეუღლის – ჰელენა კროლერ-მიულერის მთავარი გატაცება ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება იყო. 1935 წელს მან მუზეუმი დააარსა, სადაც დღესაც შეგიძლიათ იხილოთ XIX – XX საუკუნეების ფერწერა: პიკასოს, ლეჟეს, მონდრიანის, სეზანის და სხვათა შედევრები. გალერეის მესვეურთა განსაკუთრებული სიამაყის საგანი ვან გოგის ნამუშევრების უმდიდრესი კოლექციაა, რომელიც ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმისას არაფრით ჩამოუვარდება.სწორედ კროლერ-მიულერის მუზეუმშია გამოფენილი „ღამის კაფეს” და „კარტოფილის მჭამელების” ორიგინალები.
თუ ზემოთქმულ დე-ჰოგე-ველიუვეს პარკს გავიხსენებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მუზეუმში ვიზიტი ბავშვებსაც მოეწონებათ. მეტიც: მოეწონებათ იმ უფროსებსაც, ვისაც მუზეუმები საერთოდ არ აინტერესებთ.
ოტერლო, ჰოლანდია
Kroller-Muller Museum Houtkampweg 6
www.kmm.nl

Fondation Beyeler, ბაზელი

ბაზელიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით, რიენში, ქანდაკებებიან პარკში პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო გალერეაა განლაგებული. Fondation Beyeler-ში წარმოდგენილია კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდნენ არტ-დილერი ერნსტ ბაიელერი და მისი მეუღლე ჰილდი.
1997 წელს არქიტექტორმა რენცო პიანომ მწვანეში ჩაფლულ პარკში ჰაეროვანი შენობა ააგო – ვიტრინების მსგავსი უზარმაზარი ფანჯრებითა და ნათელი დარბაზებით. მას შემდეგ ხელოვნების მოყვარულებს საშუალება აქვთ იხილონ კლოდ მონეს, პოლ სეზანის, ვინსენტ ვან გოგის, პაბლო პიკასოს, ენდი უორჰოლის, როი ლიხტეიშტეინისა და ფრენსის ბეკონის ნამუშევრები. აქვეა გამოფენილი აფრიკის, ოკეანიისა და ალიასკის პრიმიტიული ხელოვნების 25 ნიმუში. გალერეის ერთი მესამედი დროებით ექსპოზიციებს მასპინძლობს.
ბაზელიდან Fondation Beyeler-მდე ტრამვაით შეგიძლიათ იმგზავროთ.
ბაზელი, შვეიცარია
Baselstrasse 101 CH-4125, Riehen
www.fondationbeyeler.ch

Leeum Samsung Museum of Art, სეული

სეულის მუზეუმ Leeum-ის შენობაც კი ღირსშესანიშნაობათა გზამკვლევშია შესული. ცნობილი არქიტექტორების: მარიო ბოტას, რემ კოლჰაასისა და ჟან ნუველის მიერ დაპროექტებული შენობა შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა, მაგრამ, რასაკვირველია, მთავარი თვით Leeum Samsung Museum of Art-ის კოლექციაა. კორეელი ელექტრომაგნატის მიერ მუზეუმში თავმოყრილი აზიური კულტურის იშვიათი ნიმუშები თემატიკის მიხედვით სხვადასხვა დარბაზშია გამოფენილი: ფაიფური, ფერწერა, ძველი კორეული დინასტიების ხანიდან შემორჩენილი არტეფაქტები… მაგალითად, ბუდისტური ცერემონიალების ჩასატარებლად საჭირო რიტუალურ ნივთებს მთელი დარბაზი აქვს დათმობილი.

მუზეუმი დამთვალიერებლებს 2004 წლიდან მასპინძლობს. თუ აქ მოხვედრა გსურთ, ბილეთი ერთი დღით ადრე უნდა დაჯავშნოთ – მუზეუმის პერსონალი ამ გზით ახერხებს მნახველთა რაოდენობის გაკონტროლებას, რათა დარბაზებში ხალხმრავლობა აიცილოს თავიდან.

ხუთშაბათობით Leeum-თან არსებულ კაფეში კონცერტებს მართავენ, რომლებზე დასწრებაც უფასოა.
სეული, სამხრეთი კორეა,
№ 747- 18, Hannam-dong, Yongsan-gu
www.leeum.samsungfoundation.org