Visa კავკასიის რეგიონში ცვლილებებს არა მხოლოდ ფინანსური ინოვაციების, არამედ პრაქტიკული გადაწყვეტილებების საშუალებით ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმ დროის შემცირება, რომელსაც მოგზაურები საზღვარზე ან აეროპორტში ატარებენ — რესურსი, რომელიც დღეს განსაკუთრებით ფასეული ხდება. ამ ტრანსფორმაციის უკან დგას დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, და მისი პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც გლობალურ ხედვას რეალურ, ადგილობრივ ცვლილებებად გარდაქმნის.
თქვენი კარიერა ფინანსების, გადახდების სისტემებისა და რეგიონული ბაზრების კვეთაზე ააგეთ. რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს მიმართულება?
ეს არჩევანი ძალიან მიზანმიმართული არ ყოფილა — ბუნებრივად ჩამოყალიბდა ჩემი პროფესიული ინტერესებისგან. კარიერის დიდი ნაწილი ინოვაციებსა და პროდუქტის განვითარებას დავუთმე, და მუდმივად მიზიდავდა ის სფეროები, სადაც შეგიძლია რეალურად შეცვალო მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილება.
ფინანსები და განსაკუთრებით გადახდების სისტემა სწორედ ის სივრცეა, სადაც ეს გავლენა ყველაზე თვალსაჩინოა. გადახდები არის ის ფუნდამენტი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ბიზნესებსა და ეკონომიკებს და უზრუნველყოფს ყოველდღიური ცხოვრების უწყვეტობას — ხშირად ისე, რომ თავად ამას ვერ ვამჩნევთ.
ამ ინდუსტრიაში ინოვაცია არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური გაუმჯობესება — ის პირდაპირ ცვლის, როგორ ვმოძრაობთ, როგორ ვყიდულობთ, როგორ ვმოგზაურობთ და როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან.
რეგიონული ბაზრების კომპონენტი კი დამატებით განზომილებას მატებს ამ საქმეს — სხვადასხვა ქვეყნის თავისებურებების, მომხმარებლის ქცევისა და რეგულაციების გათვალისწინება ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის უნდა იყოს ადაპტირებული და რეალურად ღირებული.
საბოლოოდ, ჩემთვის ეს სფერო არის იქ, სადაც იკვეთება ინოვაცია, მასშტაბი და რეალური გავლენა — და სწორედ ამიტომ გავაგრძელე ამ მიმართულებით განვითარება.
Visa საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს. რით გამოირჩევა ეს ბაზარი და კონკრეტულად რატომ ხედავს გლობალური ბრენდი მოგზაურობისა და ცხოვრების სტილის განვითარების დიდ პოტენციალს სწორედ აქ?
საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პროგრესული ბაზარია. ის უკონტაქტო გადახდების ათვისების კუთხით მსოფლიო ლიდერია, რასაც ხელს უწყობს სწრაფად განვითარებადი ფინტექ ეკოსისტემა და მოსახლეობა, რომელიც ციფრული ინოვაციების მიმართ ღიაა. ამავდროულად, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მზარდ საერთაშორისო ცნობადობასთან ერთად, მას საერთაშორისო მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.
ორი ფაქტორის — მაღალი ციფრული სიმწიფისა და ძლიერი ტურისტული პოტენციალის — შერწყმა ქმნის უნიკალურ გარემოს პრემიუმ სამოგზაურო და ცხოვრების სტილის გამოცდილებების შესაქმნელად. ჩვენი პერსპექტივიდან, ეს კომბინაცია საქართველოს აქცევს ბაზრად, სადაც გლობალური გადაწყვეტილებების დანერგვა სწრაფად და მასშტაბურად არის შესაძლებელი, თანაც ისე, რომ ისინი ადგილობრივ საჭიროებებს სრულად ერგება.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი უკვე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორს და აგრძელებს ზრდას როგორც ვიზიტორთა რაოდენობის, ისე მათი ხარჯვის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არამხოლოდ პოპულარული მიმართულებაა, არამედ აქტიურად ვითარდება როგორც სრულყოფილი, მრავალსეზონიანი ტურისტული მიმართულება.
Visa-ს პერსპექტივიდან, მოგზაურობა არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულება, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო გადახდებსა და გლობალურ კომერციას. საერთაშორისო ტურიზმის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება გადახდები სხვადასხვა ქვეყანას შორის, რაც გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.
შედეგად, საქართველო არის იშვიათი მაგალითი, სადაც იკვეთება ძლიერი ციფრული ტრანსფორმაცია და მზარდი საერთაშორისო ნაკადები — და სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში ვხედავთ ჩვენ ყველაზე დიდ პოტენციალს როგორც გადახდების ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ცხოვრების სტილისა და მოგზაურობის გამოცდილების კიდევ უფრო გამდიდრებისთვის.
რა მოტივაცია აქვს Visa-ს, რომ ინვესტიცია კონკრეტულად აქაურ პრემიუმ სამოგზაურო ინფრასტრუქტურაში ჩადოს და როგორ ჯდება ეს ქვეყნის რეგიონული როლის შესახებ არსებულ საერთო ხედვაში?
საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა და ასახავს საქართველოს მზარდ როლს როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მოგზაურობის რუკაზე. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ 2022-დან 2024 წლამდე საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყანას აძლევს რეალურ შესაძლებლობას გაამყაროს საკუთარი პოზიციონირება როგორც გლობალური დანიშნულების მიმართულებამ. Visa-ს მიზანია ამ პროცესში აქტიური როლის შესრულება და როგორც საქმიანი, ისე ტურისტული ვიზიტორებისთვის მაღალი ხარისხის, უწყვეტი გამოცდილების შექმნა.
ინოვაციურ სამოგზაურო გადაწყვეტილებებში ინვესტირება ჩვენთვის ახალი მიმართულება არ არის — ეს რეგიონში ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. 2024-2025 წლებში, TAV Operation Services-თან პარტნიორობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავნერგეთ Fast Track სერვისი გამგზავრებაზე და ჩამოსვლაზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და დააჩქარა აეროპორტის პროცედურები პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის. პარალელურად, თიბისი ბანკსა და Turkish Airlines-თან თანამშრომლობით შევქმენით ერთობლივი სამოგზაურო ბარათი, რომელიც სამი ბრენდის ძლიერ მხარეებს აერთიანებს და მომხმარებლებს ყოვლისმომცველ, დამატებითი ღირებულების შეთავაზებას სთავაზობს.
ეს ინიციატივები ასახავს ჩვენს ნდობას საქართველოს, როგორც სწრაფად განვითარებადი და მაღალი პოტენციალის მქონე ბაზრის მიმართ, და ჩვენს ერთგულებას — შევქმნათ სრულფასოვანი პრემიუმ სამოგზაურო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს გლობალურ სტანდარტებსა და ადგილობრივ საჭიროებებს.
როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეაქვს პრემიუმ მოგზაურობაში განხორციელებულ ამ კონკრეტულ ინვესტიციებს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებაში?
პრემიუმ სამოგზაურო მიმართულებაში განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებაში, პირველ რიგში — გამოცდილების ხარისხის გაუმჯობესების გზით.
ბიზნეს მოგზაური, განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების სეგმენტში, მხოლოდ გადაადგილებას არ ელის — მისთვის კრიტიკულია ეფექტიანობა, კომფორტი და დროის ოპტიმიზაცია. სწორედ აქ ხდება პრემიუმ ინფრასტრუქტურის გავლენა ყველაზე თვალსაჩინო: ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა Fast Track სერვისები, აეროპორტის პროცესების გამარტივება და მაღალი დონის სამოგზაურო პროდუქტები, პირდაპირ ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, როგორც ბიზნეს მიმართულების.
Visa-ს გლობალური ბრენდის აქტიური ჩართულობა სამოგზაურო ეკოსისტემაში მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე. პრემიუმ ინფრასტრუქტურა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს, მათ შორის ავიაკომპანიების სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფორმირებაში.
სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესებით ვქმნით გარემოს, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ახალ მარშრუტებსა და სერვისებში ინვესტირების თვალსაზრისით უფრო მიმზიდველია. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა Fast Track სერვისები და სხვა პრემიუმ გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, არამედ პირდაპირ უწყობს ხელს ბიზნეს და კორპორაციული ტურიზმის ზრდას.
ჩვენი პროექტები საქართველოს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც ეფექტურ სატრანზიტო ან ლოგისტიკურ წერტილს, არამედ როგორც სრულფასოვან დანიშნულების ადგილს, რომელსაც შეუძლია პრემიუმ და კორპორაციული აუდიტორიის მაღალი მოლოდინების დაკმაყოფილება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მიდგომა აძლიერებს ქვეყნის პოზიციას, როგორც რეგიონულ ბიზნეს და სამოგზაურო ჰაბს — ადგილს, რომელიც იზიდავს მაღალბიუჯეტიან ვიზიტორებს და ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას ადგილობრივი ეკოსისტემისთვის.
როგორია ის სამოგზაურო-სამომხმარებლო გამოცდილება, რომლის შექმნასაც ცდილობთ Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის?

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი სამოგზაურო გამოცდილება, რომელიც თავიდან ბოლომდე — ბილეთის დაჯავშნიდან, აეროპორტში გადაადგილებით დაწყებული, დანიშნულების ადგილზე ყოველდღიური ცხოვრებით დამთავრებული — მაქსიმალურად შეუფერხებელი, კომფორტული და პერსონალიზებულია.
ჩვენი მიდგომის საფუძველი არის ის, რომ პრემიუმ მომხმარებლისთვის მოგზაურობა არ არის ფრაგმენტული პროცესების ჯამი — ეს არის ერთიანი პროცესი, სადაც თითოეული ეტაპი ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ გადახდა არ იყოს ცალკე „ტექნიკური“ ქმედება, არამედ იყოს სრულიად ბუნებრივი და შეუმჩნეველი ნაწილი ამ გამოცდილების. თანამედროვე მომხმარებელი ელოდება სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ პროცესს, სადაც ყველაფერი მუშაობს ავტომატურად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დროისა და კომფორტის ოპტიმიზაციას. პრემიუმ სეგმენტისთვის კრიტიკულია, რომ მოგზაურობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი — მინიმალური ლოდინით და მაქსიმალური კომფორტით. სწორედ ამიტომ ვქმნით ისეთ გადაწყვეტილებებს და პარტნიორობებს, რომლებიც ამარტივებს აეროპორტის გამოცდილებას, აჩქარებს პროცესებს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას კონცენტრირდეს მოგზაურობის შინაარსზე, და არა მის ორგანიზაციულ ნაწილზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პერსონალიზაცია. თანამედროვე პრემიუმ მომხმარებელი აღარ ეძებს მხოლოდ მაღალი ხარისხის სერვისს — ის ელოდება გამოცდილებას, რომელიც მის ინტერესებსა და ცხოვრების სტილს სრულად ერგება. ამიტომ ვავითარებთ ეკოსისტემას, სადაც მომხმარებელი იღებს ინდივიდუალურ შეთავაზებებს, ექსკლუზიურ წვდომას უნიკალურ გამოცდილებებზე და საჭიროების შემთხვევაში — მხარდაჭერას, მაგალითად კონსიერჟ სერვისების მეშვეობით, რომელიც მოგზაურობის ყველა დეტალს უმარტივებს.
ამ ყველაფერს აერთიანებს გლობალური თანმიმდევრობა და სანდოობა. ჩვენი მიზანია, რომ Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელმა იგივე მაღალი ხარისხის გამოცდილება მიიღოს ნებისმიერ ქვეყანაში — იქნება ეს გადახდა, მომსახურებაზე წვდომა თუ უსაფრთხოება. სწორედ ეს გლობალური მასშტაბი და სტანდარტიზაცია ქმნის იმ ნდობას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობისას.
საბოლოოდ, ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, სადაც Visa-ს პრემიუმ ბარათი არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტი — ის არის „პარტნიორი მოგზაურობაში“, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას, ზრდის კომფორტს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას სრულად ისარგებლოს იმ გამოცდილებით, რისთვისაც მოგზაურობს.
Visa-მ ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობა დააანონსა hashbank-თან, ციფრულ ბანკთან, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს ციფრულ აქტივებთან აერთიანებს. რას ამბობს ეს თანამშრომლობა ზოგადად რეგიონის განვითარების მიმართულებაზე?
ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, ძალიან მკაფიო სიგნალია იმაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება რეგიონი — ფინანსური ინდუსტრია სწრაფად გადადის იქ, სადაც გადახდები, ბანკინგი და ახალი ციფრული აქტივები ერთიან ეკოსისტემად ყალიბდება.
თუ ფართო სურათით შევხედავთ, რეგიონში უკვე მკაფიოდ ჩანს სამი ძირითადი ტენდენცია. ერთი მხრივ, სწრაფად იზრდება ციფრული ბანკინგის როლი — მომხმარებლები ელიან უფრო მოქნილ, სრულად ციფრულ გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივად ინტეგრირდება. მეორე მხრივ, აქტიურად ვითარდება ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის ციფრული აქტივები, რომლებიც უკვე მხოლოდ ნიშური პროდუქტები აღარ არის და თანდათან ხდება ფინანსური სისტემის ნაწილი. და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ინოვაციური გარემოს გაძლიერება — ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ცდილობენ შექმნან ისეთი ეკოსისტემა, სადაც ახალი გადაწყვეტილებების დანერგვა სწრაფად და ეფექტიანად არის შესაძლებელი.
Visa-ს პარტნიორობა hashbank-თან სწორედ ამ სამივე ტენდენციის გადაკვეთის წერტილში ჯდება. ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური თანამშრომლობა — ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ ტრადიციული ფინანსური სერვისები და ახალი ციფრული შესაძლებლობები გაერთიანდეს ერთ პლატფორმაში და მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, მოქნილი და პერსონალიზებული გამოცდილება შეიქმნას.
hashbank-თან პარტნიორობა არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაგვაქვს ჩვენი სტრატეგია პრაქტიკაში. ჩვენ ვაერთიანებთ Visa-ს გლობალურ ქსელს, უსაფრთხოების მძლავრ ინფრასტრუქტურასა და გადახდების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას ინოვაციურ ადგილობრივ პლატფორმასთან, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლისთვის სრულიად ახალი ტიპის ფინანსური გამოცდილება შევქმნათ.
hashbank-ის შეთავაზებები — დაწყებული კრიპტო ქეშბექიდან, დასრულებული საერთაშორისო გზავნილებითა და სმარტ დეპოზიტებით — პირდაპირ პასუხობს საქართველოს ტექნოლოგიურად განვითარებული და თანამედროვე მომხმარებლების მზარდ მოლოდინებს. ჩვენი როლი ამ ეკოსისტემაში არის უზრუნველვყოთ გლობალური მასშტაბი, უწყვეტი ინტეგრაცია და ის სანდოობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი ინოვაციური სერვისები არა მხოლოდ ამუშაონ, არამედ წარმატებით მასშტაბირდნენ.
საბოლოოდ, ეს თანამშრომლობა აძლიერებს საქართველოს, როგორც ციფრული ფინანსური ინოვაციების მზარდი ჰაბის რეპუტაციას და ხაზს უსვამს, რომ სწორედ ასეთი პარტნიორობებით ყალიბდება რეგიონის ფინანსური სერვისების მომავალი.
რამდენიმე ბაზრის ერთდროულად მართვა სერიოზული პასუხისმგებლობაა. რა იყო თქვენი მუშაობის პერიოდში ის გადამწყვეტი გადაწყვეტილება, რომელმაც თქვენი ლიდერული სტილი ჩამოაყალიბა?
კავკასიისა და მოლდოვის მართვა ჩემთვის რეგიონული ლიდერობის გადაფასებისა და ახალი მიდგომების ჩამოყალიბების რეალური შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზრებს ხშირად მსგავსი განვითარების ტრაექტორია აქვთ, თითოეულს საკუთარი ფინანსური ეკოსისტემა, მომხმარებლის ქცევის თავისებურებები და ინსტიტუციური დინამიკა აქვს, რაც მოითხოვს მოქნილ და გააზრებულ მიდგომას.
ამიტომაც, თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ერთი სტანდარტული კორპორაციული მოდელის გამოყენების ნაცვლად, შეგვექმნა რეგიონული მუშაობის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფდა ცოდნის სტრუქტურირებულ გაზიარებას. როდესაც კონკრეტული ინიციატივა ამართლებდა საქართველოში ან სომხეთში — იქნება ეს პარტნიორობის მოდელი, ბაზარზე შესვლის სტრატეგია თუ მარეგულირებელთან მუშაობის მიდგომა — ვქმნიდით პირობებს, რომ მოლდოვას მოეხდინა მისი ადაპტაცია ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით და არა პირდაპირი კოპირება.
ამასთან, ეს პროცესი არასდროს ყოფილა ერთმხრივი. სწორედ რეგიონული მასშტაბი ქმნის რეალურ სინერგიას — ქვეყნებს შორის ხდება საუკეთესო გამოცდილებების გაცვლა, ინოვაციების ტესტირება და მათი დახვეწა სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკის მიხედვით.
საბოლოოდ, ასეთმა მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა ბალანსი — ერთი მხრივ, გვქონოდა რაციონალური, კოორდინირებული რეგიონული სტრატეგია, ხოლო მეორე მხრივ, თითოეულ ბაზარზე დაგვრჩენოდა საკმარისი მოქნილობა, რომ გადაწყვეტილებები რეალურად ადგილობრივ საჭიროებებს მორგებოდა და ამავდროულად სრულად შესაბამებოდა ჩვენს გლობალურ ხედვას.
პირადად თქვენთვის, როგორ გამოიყურება წარმატება ხუთი წლის შემდეგ?
ჩემთვის წარმატება არასდროს იზომება მხოლოდ რიცხვებით. ის ბევრად უფრო კომპლექსურია — ეს არის ნდობა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება, სამუშაო გარემო, რომელიც ვითარდება, და ის მომენტები, როდესაც ხედავ, რომ შენთან ერთად მომუშავე ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს ახლებურად აფასებენ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს, ვისთანაც ვმუშაობ, ჰქონდეს განცდა, რომ მისი წვლილი მნიშვნელოვანია და დაფასებულია — რადგან როცა ეს პირობები არსებობს, შედეგებიც ბუნებრივად მოდის.
რაც შეეხება მომავალს, ხუთი წლის შემდეგ საკუთარ თავს კიდევ უფრო აქტიურად ჩართულს ვხედავ ამ რეგიონში. კავკასია და მოლდოვა ახლა იმ ეტაპზეა, სადაც ფინანსური ეკოსისტემა სწრაფად იცვლება და ყალიბდება ახალი შესაძლებლობები. მინდა ვიყო იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ამ ცვლილებებს არა მხოლოდ აკვირდება, არამედ რეალურად აყალიბებს.
იქნება ეს Visa-ს საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოება, ლიდერების ახალი თაობის განვითარება თუ ციფრული ფინანსების მეშვეობით უფრო მდგრადი ეკონომიკური გარემოს შექმნა — ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ვაკეთებ, სცილდებოდეს მხოლოდ ბიზნეს შედეგებს და რეალურ, გრძელვადიან გავლენას ახდენდეს როგორც ბაზარზე, ასევე ადამიანებზე, რომლებიც ამ პროცესის ნაწილი არიან.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















