გლობალური მნიშვნელობის საუბრები თბილისში — რა ხდებოდა Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივ ღონისძიებაზე

გლობალური მნიშვნელობის საუბრები თბილისში — რა ხდებოდა Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივ ღონისძიებაზე

2026 წლის 19–21 ივნისს თბილისმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Global Tech Weekend-ს უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალმა 10,000-ზე მეტი მონაწილე, 150-ზე მეტი ბრენდი და 200-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა. ღონისძიებების სერიამ სტარტი 19 ივნისს Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივი ექსკლუზიური ღონისძიებით აიღო.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ბრენდები, რომელთა ჩართულობამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საღამოს წარმატებით ჩატარებაში: NIMBI, GASTRONOME, VISUAL FRAGMENTS და ADJARA GROUP.

Stamba Rooftop-ზე შეკრებილ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლები, ინვესტორები, მეწარმეები, კორპორაციული ლიდერები და სტარტაპების დამფუძნებლები. საღამომ მონაწილეებს იდეების გაცვლის, ახალი პროფესიული კავშირებისა და მომავალი თანამშრომლობების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

ღონისძიება ოფიციალურად  Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, შოთა დიღმელაშვილმა, და Global Tech Weekend-ის თანადამფუძნებელმა, გური ქოიავამ გახსნეს. მათ ფესტივალის წლევანდელ მასშტაბზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თბილისი რეგიონის უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ცენტრად ყალიბდება.

საღამოს პირველი ნაწილი დაეთმო Fireside Chat-ის ფორმატს, სადაც მთავარი თემა დისკუსია — The California Edge იყო.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • ჯონათან ლიტმანი (Jonathan Littman) — ავტორი და JonClubSF-ის დამფუძნებელი;
  • ფრენკ ვილარეალი (Frank Villarreal) — US Capital Global-ის მმართველი დირექტორი და პარტნიორი.

სპიკერებმა ინოვაციების მართვის, სტარტაპების განვითარების, კაპიტალის მოზიდვისა და იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრეს, რომლებითაც საერთაშორისო ინვესტორები პერსპექტიულ კომპანიებს აფასებენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს, Fashion & Art Tech მიმართულებას, რომელიც საქართველოში ამ ფორმატით პირველად განხორციელდა. თბილისს ამ სფეროს წამყვანი გლობალური ფიგურები ესტუმრნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ ტექნოლოგიურ ტრენდს რეგიონში. სწორედ ამ ინოვაციური მიმართულების გარშემო წარიმართა საღამოს მეორე ნაწილი, ინტერაქციული Ask Me Anything ფორმატი, რომლის მოდერატორიც Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი ანინა ტეფნაძე იყო.

“ორი წლის წინ ეს მხოლოდ იდეა იყო. წელს კი ღონისძიებისთვის Dolce & Gabbana, US Capital და დამფუძნებლები სამი კონტინენტიდან თბილისში, ერთ სივრცეში შეიკრიბნენ და ერთსა და იმავე თემაზე მსჯელობდნენ. სწორედ ასეთი გარემოს შექმნა გვინდოდა და ეს მხოლოდ დასაწყისია”, — აცხადებს ნოდო ივანიძე, Global Tech Weekend Tbilisi-ის თანადამფუძნებელი.

ამ სექციაში მონაწილეობდნენ:

  • მარკო ტომბოლინი (Marco Tombollini) — Dolce & Gabbana Beauty-ის ბიზნესანალიზის გლობალური ხელმძღვანელი;
  • ჰუგო ბარბერა (Hugo Barbera) — AI დირექტორი და HumAIn-ის თანადამფუძნებელი;
  • ენრიკო ფანტაგუცი (Enrico Fantaguzzi) — Digital Fashion Academy-ის პრეზიდენტი და Gucci-ს, Tod’s-ის, YOOX-ისა და Walt Disney-ის ყოფილი სტრატეგიული მრჩეველი;
  • ურანიკ ბეგუ (Uranik Begu) — Plug and Play-ის მმართველი დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

სესიის ფარგლებში სპიკერებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიები მოდისა და ხელოვნების ინდუსტრიას და როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტი ტრადიციული სექტორების გარდაქმნისათვის მთავარი ინსტრუმენტი.

ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ სცენაზე დაწყებული მნიშვნელოვანი დისკუსიები ინვესტორებს, მეწარმეებსა და ტექ-ეკოსისტემის ლიდერებს შორის ცოცხალ საუბრებში გადაიზარდა. Forbes Georgia-სა და Global Tech Weekend-ის ერთობლივმა საღამომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თბილისი სწორედ ის მიზიდულობის ცენტრია, სადაც საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყარო ახალი იდეების გარშემო ერთიანდება.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი