ATP-ის ჩოგბურთელების რეიტინგი კარიერაში მოგებული საპრიზო თანხის მიხედვით

ATP-ის ჩოგბურთელების რეიტინგი კარიერაში მოგებული საპრიზო თანხის მიხედვით

კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხის მიხედვით, ATP-ის ჩოგბურთელებს შორის, სერბი სპორტსმენი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს. მართალია, მან 2022 წელს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა, თუმცა ზემოხსენებულ რეიტინგში ლიდერის პოზიციის დათმობას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ჯოკოვიჩმა, რომელიც ATP-ის ტურნირებზე მოგროვებული ქულებით ამჟამად მხოლოდ მეხუთე პოზიციას სჯერდება, მიმდინარე წელს საპრიზო თანხის სახით თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარი მოიგო. საერთო ჯამში, კარიერის განმავლობაში მის მიერ მოგებულმა თანხამ 164 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ჯოკოვიჩზე დაახლოებით $30 მილიონით ნაკლები საპრიზო თანხა აქვს მოგებული მის მდევარს, ესპანელ რაფაელ ნადალს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ნადალი ATP-ის რეიტინგშიც მეორე ადგილზეა. მან წელს საერთო ჯამში 9.3 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოგება შეძლო.

36 წლის ესპანელს კი, მოგებული საპრიზო თანხის მოცულობით, ჩამონათვალში როჯერ ფედერერი მოსდევს. იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ცოტა ხნის წინ პროფესიონალური კარიერა დაასრულა, ის მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვეღარ შეძლებს და $130-მილიონიან შედეგზე დარჩება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 41 წლის ფედერერი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელიც წელს ამერიკული Forbes-ის ტოპ-10 მაღალშემოსავლიან სპორტსმენს შორის მოხვდა. გამოცემის რეიტინგში მან $90.7 მილიონით მე-7 ადგილი დაიკავა.

კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხის მიხედვით ATP-ის ჩოგბურთელების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი – $164,691,308
  2. რაფაელ ნადალი – $134,329,921
  3. როჯერ ფედერერი – $130,594,339
  4. ენდი მარი – $63,248,285
  5. პიტ სამპრასი – $43,280,489
  6. სტან ვავრინკა – $35,330,662
  7. ალექსანდრ ზვერევი – $32,905,055
  8. დავიდ ფერერი – $31,483,911
  9. მარინ ჩილიჩი – $31,181,242
  10. ანდრე აგასი – $31,152,975
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *