აცრილებს პირბადის გარეშე ყოფნის უფლება ექნებათ - CDC-მ გაიდლაინი შეცვალა

აცრილებს პირბადის გარეშე ყოფნის უფლება ექნებათ - CDC-მ გაიდლაინი შეცვალა

ორივე დოზით აცრილ ადამიანებს შეეძლებათ ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეების გარეშე იარონ. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) განაცხადეს და კოვიდ-გაიდლაინი განაახლეს.

„თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ იმ ყველაფრის კეთება, რისი კეთების შეჩერებაც პანდემიის გამო მოგიწიათ“, – განაცხადა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით მიიღეს, რომლებმაც აჩვენა, რომ ვაქცინა მუშაობს.

მაგალითად, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული ისრაელის კვლევის მიხედვით, ვაქცინამ სიმპტომატური კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ 97%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო ასიმპტომატური შემთხვევების წინააღმდეგ – 86%-იანი.

ცნობისთვის, ვალენსკის თქმით, პირბადის ტარების მოთხოვნა მოგზაურობის დროს კვლავ ძალაში იქნება, სამოგზაურო გაიდლაინები კი მაშინვე განახლდება, როგორც კი უფრო მეტი სამეცნიერო დაკვირვება გახდება ხელმისაწვდომი.

CDC-ის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ ადამიანებმა რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონებზე პირბადეები შესაძლოა, საკუთარი სურვილითაც ატარონ.

აღსანიშნავია, რომ ნიღბების ტარების საკითხი აშშ-ში პანდემიის დაწყებიდანვე პოლიტიკური დავის საკითხი იყო. საბოლოოდ, პრეზიდენტმა ბაიდენმა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების შესახებ ბრძანებას ფიციდან ერთი დღის შემდეგ მოაწერა ხელი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დღეს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 58%-ია აცრილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *