მსოფლიოს მასშტაბით საავიაციო ინდუსტრიაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილები 350 000-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, ახალი კვლევის მიხედვით, წინ კიდევ უფრო მტკივნეული გზა ელის ინდუსტრიას, რის შედეგადაც ჯამში ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შემცირდება წლის ბოლომდე. საკონსულტაციო ჯგუფის Five Aero-ს თანდამფუძნებლის როულენდ ჰეილერის თქმით, ეს შეეხება აეროპორტებსა და საავიაციო წარმოებასაც.
ცნობისთვის, მხოლოდ აგვისტოში სექტორში 50 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა.
„ეს კრიზისი ავიაინდუსტრიას გრძელვადიან უზარმაზარ ზიანს მოუტანს. იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ნებისმიერი სხვა ბიზნესის, სამუშაო ადგილების შემცირება ზოგადად ეკონომიკისთვის უდიდესი ზარალი იქნება“, – განაცხადა ჰეილერმა.
ამ ეტაპზე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სამუშაო ადგილების შემცირების 80%-ზე მეტის შესახებ უკვე განაცხადეს. აღნიშნულ ორ რეგიონზე 2019 წლის მონაცემებით მგზავრთა ნაკადის 49% მოდიოდა.
რაც შეეხება აზიური კომპანიებს, ისინი შესაძლოა შედარებით ნაკლებად უშვებენ სახლში თანამშრომლებს, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინეთი და მსგავსი ქვეყნები არც ასაჯაროებენ ოფიციალურ მონაცემებს. შესაბამისად, ზუსტი სურათი რთულად დასადგენია.