მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ აეროპორტში რამდენიმე საათს დააყოვნეს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კი ადგილობრივმა სასაზღვრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩოგბურთელი ქვეყანაში შესვლის წესებს არ აკმაყოფილებდა და დეპორტაციას დაექვემდებარებოდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში შესვლისათვის აუცილებელ ვაქცინაციის პირობებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნული შინაარსის განცხადების გავრცელების შემდეგ მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად არ არის ცნობილი, თუ როგორია ჯოკოვიჩის ვაქცინაციის სტატუსი, თუმცა სერბი ჩოგბურთელის გასული წლის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ის ვაქცინაციის წინააღმდეგია.
Tennis Australia-ს განმარტებით, ჩოგბურთელის სამედიცინო გამონაკლისს ორი სხვადასხვა, დამოუკიდებელი სამედიცინო უწყება ადასტურებს. თუმცა, სასაზღვრო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება გამონაკლისის დაშვების შესახებ.
„ვიზიტორს, რომელსაც არა აქვს ქვეყანაში შემოსასვლელად საჭირო ვიზა ან ვისი ვიზაც გაუქმებულია, არ მიენიჭება ავსტრალიაში შემოსვლის უფლება და იქნება დეპორტირებული“ – ნათქვამია ავსტრალიის სასაზღვრო ძალების განცხადებაში.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. მან აღნიშნა, რომ ავსტრალიაში შემოღებულ წესებზე მაღლა არავინ დგას, შესაბამისად, გამონაკლისს არც ჯოკოვიჩი წარმოადგენს. სასაზღვრო ძალების განსაკუთრებული ყურადღება კი ჩოგბურთელის მიერ ვაქცინასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა მიიპყრო.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს მელბურნში იწყება, ჯოკოვიჩს კი ეს გათამაშება წარსულში 9-ჯერ აქვს მოგებული.