აზერბაიჯანმა და კიდევ სამმა ქვეყანამ თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტით რუსეთის მაჩვენებლებს გადაუსწრო

აზერბაიჯანმა და კიდევ სამმა ქვეყანამ თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტით რუსეთის მაჩვენებლებს გადაუსწრო

აზერბაიჯანმა და კიდევ სამმა ქვეყანამ თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტით რუსეთის მაჩვენებლებს გაუსწრო. 2019 წლის მარტში, რუსეთი თურქეთში ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი იყო. თუმცა, მიმდინარე წლის მარტში ეს მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც იმან გამოიწვია, რომ ასპარეზზე ოთხი ქვეყანა გამოჩნდა.

უფრო კონკრეტულად გასული წლის მარტში რუსული გაზის წილი თურქეთის ბაზარზე 33% იყო, 2020 წლის მარტში კი 9.9%-მდე შემცირდა.

წელს, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა თურქეთის ბაზარზე 23.5%-ს მიაღწია, ირანის გაზის ექსპორტმა 14.2%-ს, ყატარიდან 20%-ს, ხოლო ალჟირიდან 13.7%-ს. შესაბამისად რუსეთმა ამ მხრივ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, მარტის თვეში აშშ-დან თურქეთში თხევადი აირის ექსპორტის მაჩვენებელი 300%-ით გაიზარდა წლიურ ჭრილში და საერთო მოცულობის 9.4% შეადგინა.

ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ 2020 წლის მარტში, პირველად ისტორიაში თურქეთმა უფრო მეტი თხევადი აირის იმპორტი განახორციელა, ვიდრე გაზსადენით მიღებული გაზის. თხევად აირის იმპორტმა მთლიანად გაზის იმპორტის 52.5%-ს მიაღწია და მოცულობაში 2.07 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ამგვარად “გაზპრომის“ გაზის თურქეთის ბაზარზე ექსპორტი 72%-ით შემცირდა წინა წლის მარტის მონაცემებთან შედარებით. მაშინ „გაზპრომისთვის“ საექსპორტო ბაზრის მოცულობის მიხედვით, თურქეთი გერმანიისა და იტალიის შემდეგ რიგით მესამე ყველაზე მსხვილი ბაზარი იყო. ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ს ანალიტიკოსებმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ თურქეთისთვის უმჯობესი იქნება თუ რუსულ ბუნებრივ აირს ყატარიდან, ნიგერიიდან და აშშ-დან თხევადი აირის ექსპორტით ჩაანაცვლებენ. მათივე თქმით, როგორც მოსალოდნელია 2020 წლის მეორე კვარტალში “გაზპრომის“ გაზი თურქეთს საშუალოდ ათას კუბურ მეტრზე $228 დაუჯდება, მაშინ როდესაც თხევადი გაზი $53-70-ს შეადგენს ათას კუბურ მეტრზე.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მარტში რუსეთიდან $1776 მილიარდის ღირებულების გაზის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნახევარზე ცოტა მეტია. კერძოდ, 2019 წლის მარტში $ 3.713 მილიარდის ღირებულების გაზი გაიტანა რუსეთმა ექსპორტზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *