აზერბაიჯანმა, თურქეთმა და უზბეკეთმა პირველი მასშტაბური სამხედრო სწავლება ჩაატარეს

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და უზბეკეთმა პირველი მასშტაბური სამხედრო სწავლება ჩაატარეს

ფოტო: Turkish MoD

 

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და უზბეკეთმა პირველი ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, Power of Unity 2026, ჩაატარეს. წვრთნებში სამი ქვეყნის 3,500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლებას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოს, ყირგიზეთის, პაკისტანის, სერბეთის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ირანის წარმომადგენლები.

სამი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო სწავლება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში, ხოჯავენდის რაიონში, ასევე ბაქოში, ნახიჩევანსა და კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილში ჩატარდა.

წვრთნების მიმდინარეობისას, სამხედროებმა თანამედროვე ომისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სცენარი გაიარეს: დრონების მასობრივი თავდასხმები, კიბერშეტევები, დეზინფორმაციის გავრცელება, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობები და გემის ხელში ჩაგდების ოპერაციები.

სწავლების ფარგლებში, ყიზილქაიას სამხედრო პოლიგონზე 130-ზე მეტი უპილოტო აპარატი, 70-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 90-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და 20-ზე მეტი საჰაერო ტექნიკა გამოიყენეს. წვრთნები მოიცავდა დრონების ჯგუფური თავდასხმების მოგერიებას, სამხედრო კოლონებზე დარტყმების განხორციელებას, დაზვერვას, ასევე საბრძოლო მასალისა და სხვა მარაგების დრონებით მიწოდებას.

დამატებით, სახმელეთო ოპერაციების მიღმა, სამხედროებმა კასპიის ზღვაშიც გაიარეს სპეციალური მომზადება, რაც გემისა და ოფშორული ობიექტის გათავისუფლების, მძევლების გადარჩენისა და სანაპიროზე დესანტის გადასხმის სცენარებს ითვალისწინებდა.

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2021 წელს მხარეებს შორის გაფორმებული „შუშას დეკლარაციითაა“ განსაზღვრული. გარდა ამისა, ბოლო წლებში, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გააღრმავეს აზერბაიჯანმა და უზბეკეთმაც, მათ შორის თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით.

სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ჰასანოვმა აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად შეაფასა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მზაობაზე, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში ქვეყნების სტრატეგიულ როლზე.