აზერბაიჯანში პლასტმასის პროდუქციის წარმოება და იმპორტი აიკრძალა

აზერბაიჯანში პლასტმასის პროდუქციის წარმოება და იმპორტი აიკრძალა

აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე პლასტმასის პროდუქციის წარმოებას, გაყიდვასადა იმპორტს კრძალავს. აღნიშნული შეზღუდვა შეეხება პლასტმასის ჩანგლებს, კოვზებს, დანებს, თეფშებსა და ჭიქებს.

შეზღუდვა ძალაში 1 ივლისიდან შევიდა და ის წარმოადგენს გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში შემუშავებული „გარემოს დაცვის კანონის“ შესწორებას. 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე აღნიშნულ კანონში რამდენიმე შესწორება შევიდა. მაგალითად, 2021 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში 15 მიკრონზე სქელი პოლიეთილენის პარკები აიკრძალა.

ამ გადაწყვეტილებით აზერბაიჯანი შეუერთდა მეზობლების, თურქეთისა და საქართველოს, პრაქტიკას, რომელთაც მსგავსი ნაბიჯი შედარებით ადრე გადადგეს. აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხთარ ბაბაიევმა, განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთის პრაქტიკამ დადებითი შედეგები აჩვენა. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საშუალოსტატისტიკური  აზერბაიჯანელი მომხმარებელი ყოველწლიურად დაახლოებით 24 კილოგრამ პლასტმასას იყენებს.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მინისტრი ადგილობრივი სასურსათო მაღაზიების ქსელების მფლობელებს შეხვდა და სახელმწიფოსათვის აღნიშნული ქმედების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, კანონის დარღვევისთვის ჯარიმა დაახლოებით 4 000 აზერბაიჯანული მანათი ანუ 2 350 ამერიკული დოლარი იქნება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის კვლევის მიხედვით, 2010 წლიდან 2017 წლამდე პლასტმასის პროდუქციის წარმოება ქვეყანაში 2.5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, კანონში შესწორების ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *