აზიის ყველაზე განვითარებადი ეკონომიკა წელს შესაძლოა, კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს

აზიის ყველაზე განვითარებადი ეკონომიკა წელს შესაძლოა, კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს

აზიის ყველაზე განვითარებადი ეკონომიკა წელს შესაძლოა, კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს. ამის შესახებ CNBC წერს. საუბარია ტაივანზე, რომელმაც პანდემიის პერიოდში რეგიონში საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ტაივანის მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება, რაც, გარკვეულწილად ავტოწარმოებისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნით იქნება განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსთვის ჩიპების უმსხვილესი მიმწოდებელი სწორედ ტაივანური კომპანიებია.

პროგნოზების მიხედვით, ტაივანის ეკონომიკა წელს 4.64%-ით გაიზრდება.

ცნობისთვის, გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, ტაივანის ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ჩინეთის ეკონომიკა და ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი შემთხვევა იყო.

2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტაივანიდან პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა 4.9%-იანი ზრდა აჩვენა. საუბარია ტექნიკაზე, ვინაიდან პანდემიის გამო გამოცხადებული ლოკდაუნების შედეგად მოთხოვნა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა.