აზიის ყველაზე ღრმა ვერტიკალური ჭაბურღილის სიღრმემ 9,026 მეტრს მიაღწია

აზიის ყველაზე ღრმა ვერტიკალური ჭაბურღილის სიღრმემ 9,026 მეტრს მიაღწია

ჩინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლის, PetroChina-ის ინფორმაციით, მისი Pengshen-6-ის ნავთობის ჭაბურღილის სიღრმემ 5.6 მილს (9,026 მეტრი) მიაღწია, რაც მას აზიაში ყველაზე ღრმა ვერტიკალურ ჭაბურღილად აქცევს. რეკორდული სიღრმის ჭაბურღილი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს.

გართულებული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სტრუქტურის მშენებლობა მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. მშენებლობაში მონაწილე მუშებს მაღალ ტემპერატურასთან, წნევასა და გოგირდის შემცველობასთან გამკლავება უწევდათ. ჭაბურღილი 2021 წლის ივლისში, ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაციის განყოფილების მიერ გაიბურღა. დიზაინის თავდაპირველი გეგმის თანახმად, ჭაბურღილის სიღრმე მხოლოდ 7,990 მეტრი უნდა ყოფილიყო, თუმცა ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენის მიზნით, საბოლოოდ სიღრმე 9,026 მეტრამდე გაიზარდა.

Petrochina Southwest Oil and Gasfield Company-ის საინჟინრო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მა იონგის განცხადებით, ახალი ჭაბურღილი უფრო მეტ სიღრმეზე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენის საშუალებას იძლევა, გარდა ამისა ის 6.2 მილის სიღრმის (10,000 მეტრი) სამეცნიერო საძიებო ჭაბურღილის გაყვანის დაწყების საფუძველი გახდა. პროექტის განხორციელება წელს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიის ინსაიდერები, კონსტრუქციას ევერესტს, უფრო კონკრეტულად კი, „მიწისქვეშა მთა ჯომოლუნგმას“ უწოდებენ. „ჭაბურღილის სიღრმე რეკორდულია, რაც მას აზიაში ყველაზე ღრმა ვერტიკალურ ჭაბურღილად აქცევს, ამავდროულად კი უზრუნველყოფს საინჟინრო და ტექნიკურ გარანტიას ჩინეთში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით კვლევებისთვის“, – აცხადებს იონგი. ცნობისთვის, 2011 წლიდან მოყოლებული, PetroChina-მ 8,000 მეტრის სიღრმის რვა, ხოლო 9,000 მეტრის სიღრმის ორი ჭაბურღილი გაბურღა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *