Starlink-ი, თვეში $200-ად, გლობალური როუმინგ-სერვისის შეთავაზებას გეგმავს

Starlink-ი, თვეში $200-ად, გლობალური როუმინგ-სერვისის შეთავაზებას გეგმავს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი უახლოეს პერიოდში მომხმარებლისთვის, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის საშუალებით, გლობალური როუმინგ-სერვისის შეთავაზებას აანონსებს. როგორც კომპანიის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტიდან ირკვევა, სერვისი ხელმისაწვდომი დედამიწის თითქმის ყველა წერტილში იქნება.

Starlink-ი უკაბელო ინტერნეტის მისაწოდებლად, მათ შორის ძნელად მისადგომ ტერიტორიებზე, „დედამიწის დაბალი ორბიტის“ (LEO) სატელიტების ჯგუფს იყენებს. ამ ეტაპისთვის, სერვისი მსოფლიოს 48 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და 3,500-ზე მეტი სატელიტისგან შემდგარი ჯგუფის საშუალებით მუშაობს. სამომავლოდ, სერვისის დაფარვის ზონის კიდევ უფრო გასაზრდელად, SpaceX-ი პლანეტაზე დამატებით 42,000 სატელიტის განთავსებას გეგმავს.

SpaceX-ის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მიმღებმა გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ მომხმარებლებს Starlink-ის ნაკრების მისაღებად ერთჯერადი საფასურის სახით $599-ის გადახდა მოუწევთ. ნაკრებში სატელიტური თეფში, თეფშის დასამაგრებლად სამფეხა სადგამი და Wi-Fi-როუტერი შედის. სერვისის თვიური ღირებულება $200 იქნება, მომხმარებელს კი, პირველ 30 დღეში, გარანტიით თანხის უკან დაბრუნებაც შეეძლება.

SpaceX-ი, როუმინგ-სერვისის უზრუნველყოფისთვის, მისი სატელიტების შესაძლებლობების ერთმანეთთან დაკავშირებას გეგმავს. ე.წ. „შიდასატელიტური კავშირები“, ერთმანეთთან დაკავშირებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებით, ქსელებში შეფერხებას ამცირებს.

თუმცა ულტრამაღალი სიჩქარის ინტერნეტის შეთავაზების პარალელურად კომპანია მომხმარებელს დაბალი კავშირისა და, საერთოდაც, კავშირის არარსებობის შესაძლო შემთხვევებზეც აფრთხილებს. თუმცა SpaceX-ი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და დროთა განმავლობაში პრობლემის მოგვარების პირობასაც იძლევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *