ინდური სტარტაპი, რომელსაც აზიის უმდიდრესი ადამიანი მუკეშ ამბანი აკონტროლებს, ჰუმანოიდი რობოტების ბაზარზე შედის. Addverb Technologies-ი თავის პირველ ჰუმანოიდ რობოტებს 2025 წელს წარადგენს და ბაზარზე კონკურენციას ამერიკულ და ჩინურ გიგანტებს გაუწევს.
Addverb Technologies-ის გეგმების შესახებ განცხადება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სანგეტ კუმარმა გააკეთა. კუმარის ინფორმაციით, სტარტაპის ჰუმანოიდი რობოტები სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულებას შეძლებენ, მათ შორის ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საცალო ვაჭრობა, მოდა, ენერგეტიკა და ა.შ. სხვა დეტალები, მათ შორის არც რობოტების ღირებულება, კომპანიას ამ ეტაპზე არ გაუსაჯაროებია.
Addverb Technologies-ი ჰუმანოიდ რობოტებს ინდოეთის ქალაქ ნოიდაში მდებარე ქარხანაში აწარმოებს. საწყის ეტაპზე 100 ერთეულის გამოშვება იგეგმება. რობოტების შესამოწმებლად და Reliance-ის სხვადასხვა ბიზნესში დასანერგად, ფირმა Reliance-ის AI-ტექნოლოგიასა და 5G-ქსელს გამოიყენებს.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი მუკეშ ამბანის ქონებას $99 მილიარდად აფასებს. Reliance Industries Ltd-ის საცალო ვაჭრობის ერთეულმა, ნოიდაში დაფუძნებული რობოტიკის კომპანიის, Addverb Technologies-ის 55.7%-იანი წილი 2022 წელს შეიძინა.