თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმას ისრაელის 1,300 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად კი ღაზის სექტორში 2,800-მდე ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, თავად სექტორი კი სრულ სახმელეთო და საზღვაო ბლოკადაში მოექცა. ისრაელის გარდა ღაზის სექტორს სახმელეთო საზღვარი ეგვიპტესთან აქვს. თუმცა, ეგვიპტემ რაფაჰის გამშვები სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტა და ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა. შექმნილი ვითარების გამო, ღაზის სექტორში მცხოვრები 2.2 მილიონი პალესტინელი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბაიდენის ისრაელში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის გეგმის ჩამოყალიბებაზე დათანხმდა.
„ბაიდენი ისრაელისგან მოისმენს, რა სჭირდება საკუთარი ხალხის დასაცავად. ასევე მოისმენს, თუ როგორ ჩაატარებს ოპერაციას ისრაელი სამოქალაქო მსხვერპლის მაქსიმალურად შესამცირებლად და როგორ დაუშვებს სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას, ისე, რომ ამით არ ისარგებლოს „ჰამასმა“.“- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.