„ნბნ ჯგუფმა“ პირველი რესტორანი ბათუმში 14 წლის წინ გახსნა. კომპანია დღეს ქალაქში უკვე ოთხ ობიექტს ფლობს: „ფიროსმანს“, „რუსთაველს“, „ფიროსმანი ექსპრესს“, „ვონკას“. გეგმები კიდევ უფრო დიდია და საქართველო გარდა ამერიკასაც მოიცავს. დეტალებზე რესტორნების თანადამფუძნებელი, ნიკა ჯიმშერაძე გვესაუბრა.
ბათუმში ოთხ რესტორანს ფლობთ – რატომ დაინტერესდით სარესტორნე ბიზნესით და როდის მიიღეთ პირველი რესტორნის გახსნის გადაწყვეტილება?
„ნბნ ჯგუფის“ ოთხი რესტორნიდან ყველაზე ძველი „ფიროსმანია“ და მისი არსებობა უკვე 14 წელს ითვლის. რესტორნის გახსნის მთავარი იდეა სტუმრებისთვის უგემრიელესი ქართული სამზარეულოსა და უნაკლო სერვისის შეთავაზება იყო. თავიდანვე მიზნად გვქონდა, „ფიროსმანი“ ბათუმის სავიზიტო ბარათი გამხდარიყო და ასეც მოხდა, რასაც ჩვენი ერთგული მომხმარებლების შეფასებებიც ცხადყოფს.
გამოცდილებამ და იმ გამოხმაურებამ, რომელსაც სტუმრებისგან ვიღებდით, მოგვცა საშუალება და თავდაჯერებულობა, ჩვენი სიტყვა განსხვავებული კონცეფციის რესტორნებითაც გვეთქვა და მოგვიანებით ბათუმს შეემატა რესტორანი „რუსთაველი“, რომელიც დახვეწილ ქართულ, ევროპულ და აზიურ სამზარეულოს აერთიანებს.
„რუსთაველი“ მულტიფუნქციური სივრცეა და მთავარი დარბაზის გარდა, სტუმრებს ხვდებათ კლასიკური „თინათინის დარბაზი“, თბილისური ეზო, ღვინის დარბაზები, აზიური სივრცე, ლიტერატურული კაფე და ტრადიციული, ქართული მარანი. ბუნებრივია, ყველა მათგანს ავთენტური ინტერიერი და კონცეფცია აქვს.
რამდენიმე თვეა, ობიექტების სიას ბათუმის გრანდ მოლში მდებარე „ფიროსმანი ექსპრესიც“ შეემატა. განსაკუთრებით გვეამაყება ჩვენი დესერტების მიმართულება „ვონკა“, რომელიც ნამდვილად ახალი სიტყვაა საკონდიტრო ბიზნესში.
რატომ ბათუმი? რა განასხვავებს მას ამ კუთხით სხვა ქალაქებისგან, თუნდაც თბილისისგან?
ბათუმი მულტიკულტურული, მრავალფეროვანი ზღვისპირა ქალაქია თავისი უპირატესობებით და ჩვენც, როგორც ბათუმის მცხოვრებლებმა, ბუნებრივია, ბათუმში გადავწყვიტეთ საქმის წამოწყება. ამით, ერთი მხრივ, თანაქალაქელებს სიახლე შევთავაზეთ, მეორე მხრივ, თავად ბათუმსაც გამოვადექით როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელი სტუმრების ღირსეული მასპინძლობით.
რას გვეტყვით რესტორნების კონცეფციაზე – რა არის თქვენი ნიში ბაზარზე და როგორია თქვენი იდენტობა?
ყველა ობიექტი განსხვავებული კონცეფციისაა და, შესაბამისად, განსხვავებულ ნიშსაც ვიკავებთ. „ფიროსმანი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული სამზარეულოა ბათუმში და მის სხვადასხვა კერძზე მომხმარებელთა საუკეთესო შეფასებებს ხშირად მოისმენთ.
„რუსთაველი“ სრულიად ახალი მიმართულებაა და თამამად შეიძლება თქმა, რომ ამგვარ მრავალფეროვნებას სტუმარს სხვა ვერავინ სთავაზობს. ესაა სივრცე, რომელიც ნებისმიერი ინტერესისა და ასაკის მომხმარებელს ერგება. აქ სავახშმოდ მოსვლაც შეგიძლიათ და გულიანად მოლხენაც.
„ფიროსმანი ექსპრესი“ უფრო მოქნილი, „ა ლა კარტზე“ გათვლილი რესტორანია და აქ მოდერნიზებული ქართულ-ევროპული სამზარეულოს გარდა, „ვონკას“ დესერტების დაგემოვნებაც არის შესაძლებელი. უშუალოდ „ვონკაში“, სხვა საკონდიტრო პროდუქტებთან ერთად, ყველაზე პოპულარულია „ვონკას ბოქსები“, რომლებიც სხვადასხვა დესერტისა და ტოპინგისგან შედგება.
რა ტიპის კერძებზე, რომელი ქვეყნის სამზარეულოზე აკეთებთ გათვლას?
გამომდინარე იქიდან, რომ „ნბნ ჯგუფი“ ოთხ რესტორანს ფლობს, ჩვენი სამზარეულოც მრავალფეროვანია. მაგალითად, „რუსთაველს“ ცალკე აქვს გამოყოფილი აზიური სამზარეულო და ტრადიციული აზიური კერძების დაგემოვნება შესაბამისი ინტერიერის სივრცეში შეგიძლიათ. მენიუში შეხვდებით ევროპულ კერძებსაც და, რა თქმა უნდა, აჭარული და ზოგადად ქართული კერძების ახლებურ ვერსიებსაც, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო. ერთი სიტყვით, უკმაყოფილოდ არცერთი გემოვნების სტუმარს არ ვტოვებთ.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები – ადგილობრივები, ტურისტები, თუ ორივე? საზოგადოების რომელ სეგმენტზეა რესტორნები გათვლილი?
ჩვენი სტუმრების ჩამონათვალში სრული მრავალფეროვნებაა. გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრები და ერთგული მომხმარებლები. რადგან ჩვენი ობიექტების სამზარეულო, ინტერიერი და კონცეფცია მრავლისმომცველია, სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუმრების საჭიროებების დაკმაყოფილება შეგვიძლია, შესაბამისად, გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ყველა მსურველს ვუმასპინძლოთ. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი პირობები მაქსიმალურად მისაღები და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და დიდწილად გამოგვდის კიდევაც.
რა ტენდენციები შეინიშნება ბათუმის ჰორეკა სექტორში 2024 წელს? რაზე და ვისი მხრიდანაა მოთხოვნა?
ქალაქებში, რომლებისთვისაც სეზონს დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველი წელი ახალი გამოწვევაა, თუმცა ჩვენ სეზონურ ობიექტებად არ ვპოზიციონირდებით და, შესაბამისად, ყველა სეზონზე ვცდილობთ, ბათუმში ცხოვრება საინტერესო და გემრიელი გავხადოთ. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა უცხოელი ტურისტების მხრიდან და ჩვენი რესტორნები აქტუალურობას ოთხივე სეზონზე ინარჩუნებს.
ზოგადად, რა მიმართულებით ვითარდება სარესტორნე ბიზნესი საქართველოსა და მსოფლიოში?
მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ სარესტორნე ბიზნესი საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება და სტუმარმასპინძლობის სფეროში ბევრი რამ იხვეწება. საგრძნობლადაა აწეული სამზარეულოს დონე როგორც გემოებისა და სერვირების, ისე სიახლეების კუთხით.
არსებობს ქვეყნები, სადაც სტანდარტები ძალიან მაღალია, თუმცა საქართველო ნამდვილად ცდილობს ღირსეული კონკურენციის გაწევას და გამოგვდის კიდეც. თხუთმეტი წლის წინ ამოსავალი წერტილი თუ მხოლოდ გემრიელი კერძები იყო, ახლა მომსახურების სტანდარტიც გაუმჯობესებულია. ცხადი გახდა, რომ მომხმარებლის კმაყოფილებისთვის მხოლოდ სამზარეულო არ კმარა, შესაბამისად, ჩვენც მუდმივად ვცდილობთ, სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
რა არის ამ პერიოდის მთავარი გამოწვევები თქვენთვის და როგორ უნდა გადაიჭრას ისინი?
საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორი მუდმივად სხვადასხვა გამოწვევის წინაშეა და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, იქნება ეს გარშემო მიმდინარე მოვლენები თუ ის, რომ თავად ამ სექტორის არსებობის ისტორია არც ისე ბევრ წელს ითვლის და მუდმივად საჭიროებს განვითარებას, გამოწვევებთან ადაპტირებას.
წელს ტურისტების ნაკადს მეზობელ ქვეყნებზე მეტად ევროპიდან ველოდებით და ესეც ერთგვარი გამოწვევაა – მომსახურების ევროპული სტანდარტი მაღალია, სარესტორნე სფეროც იქ უმაღლეს დონეზეა განვითარებული, საქართველოში კი, გარკვეულწილად, მოკლეხნიან ისტორიას ითვლის.
ჩვენი გუნდი ახლაც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ მაინც ყოველდღე ვცდილობთ, პროფესიული განვითარების მაქსიმუმს მივუახლოვდეთ და მომსახურების დონე კიდევ უფრო ავამაღლოთ.
რას გეგმავთ სამომავლოდ? ხომ არ აპირებთ, სიას ახალი ობიექტიც შემატოთ ან სხვა ქალაქიც აითვისოთ?
„ნბნ ჯგუფის“ სამომავლო გეგმები მასშტაბურია. რამდენიმე თვეში ბათუმს შეემატება ჩვენი ქოლგის ქვეშ მყოფი სასტუმრო, რომელიც, ისევე როგორც ჩვენი სხვა ობიექტები, ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
სასტუმრო „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ის ახლაც მულტიფუნქციური სივრცეა, სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება სტუმარმასპინძლობის სფეროს ყველა სერვისის მიღება.
ვგეგმავთ კიდევ ერთი ახალი რესტორნის გახსნას, რომელიც ასევე ბათუმის სავიზიტო ბარათი გახდება თავისი ხარისხის, კონცეფციისა და ადგილმდებარეობის გამო. როგორც აღვნიშნე, ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც არიან და, შესაბამისად, ახალი ობიექტის ადგილმდებარეობაც სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით შევარჩიეთ ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და საინტერესო ადგილას.
ამასთან, ჩვენი ინტერესის ობიექტი თბილისიც არის და გვინდა, რომ დედაქალაქსაც გავაცნოთ ის, რითაც ვამაყობთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა და გეტყვით იმასაც, რომ მომავალში ამერიკულ ბაზარზეც ვაპირებთ, ვთქვათ ჩვენი სათქმელი. როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს, თუმცა მჯერა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გეგმებს აუცილებლად განვახორციელებთ.