ბაზრის ლიდერი წამყვანი ბრენდებითა და 14-წლიანი გამოცდილებით

ბაზრის ლიდერი წამყვანი ბრენდებითა და 14-წლიანი გამოცდილებით

“თეგეტა ჯგუფში“ შემავალი Tegeta Construction Equipment-ი (TCE) საქართველოში უკვე 14 წელია, ოპერირებს და დღეს ახალი სამშენებლო, საგზაო და სპეციალური ტექნიკის გაყიდვების ბაზრის დაახლოებით 50% უჭირავს. TCE, შექმნის წელსვე, ბრიტანეთის #1 სპეცტექნიკის მწარმოებელი ბრენდის, JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. სწორედ JCB-სთან თანამშრომლობამ და საქმიანობის სტრატეგიამ განსაზღვრა მისი წარმატება და შემდგომ ლიდერის სტატუსი, რომელსაც TCE–მ მალევე მიაღწია და დღემდე არ კარგავს. შემთხვევითი არ ყოფილა კომპანიის 2007 წელს შექმნის ფაქტიც. მართალია, იმ პერიოდში სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკის ბაზარი რამდენიმე მოთამაშით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ეს სფერო სათანადოდ არ იყო განვითარებული და, შესაბამისად, სერვისის ხარისხითაც არ გამოირჩეოდა, მეორე მხრივ, იმ პერიოდში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყებოდა, აღმოსავლეთ­ -­დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კი აქტიურ სამუშაო ფაზაში შედიოდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გადაწყდა TCE–ის შექმნა, რომელიც უკვე 2008 წელს სამშენებლო სეგმენტის კონკრეტულ მიმართულებებში ლიდერი გახდა და პოზიციებს დღემდე ინარჩუნებს.

Tegeta Construction Equipment–ის დირექტორი გიორგი ბერიძე კომპანიის საქმიანობასა და საქართველოში სამშენებლო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე გვესაუბრება.

ბატონო გიორგი, TCE-ის შექმნის პერიოდში ბაზარზე თითქმის სრულად მეორეული ტექნიკა იყო წარმოდგენილი. როგორ განვითარდა ბაზარი მას შემდეგ და რა მდგომარეობაა დღეს?

ბაზარი ჩვენთან ერთად განვითარდა. როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, ქვეყანაში არსებული სამშენებლო ტექნიკის უდიდესი ნაწილი ამორტიზებული იყო, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხსა და განხორციელების ვადებზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისთვის. ჩვენი რეკომენდაციების შემდეგ ბევრმა მათგანმა ხარჯების დათვლა გრძელვადიან ჭრილში დაიწყო და მიხვდა, რომ ახალი და მეორეული ტექნიკის შეძენისა და ფლობის ხარჯებს თუ შევადარებდით, 2–3 წლიან ჭრილშიც კი, ახლის შეძენა ბევრად უფრო გონივრული და მოგებიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. 5–10-წლიან ჭრილში კი ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდებოდა. დღეს უკვე ბევრმა იცის, რომ ბიუჯეტის შედგენისას მხოლოდ შეძენის ხარჯი არ უნდა გაითვალისწინოს, რადგან ფლობის ხარჯს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებთ, ბაზარი მალე ისე განვითარდება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ამ პრინციპს ყველა გაითვალისწინებს.

დღეს ბაზარზე ახალი და მეორეული ტექნიკის თანაფარდობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ამ პროცესს ხელს უწყობს გადახდის მოქნილი პირობები, რომელთაც ჩვენ და ბაზრის სხვა მოთამაშეები მომხმარებლებს ვთავაზობთ. ეს ყველაფერი კი, ჯაჭვური რეაქციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხსა და შესრულების დროზე ისახება.

TCE ბაზრის დაახლოებით 50%–იანი წილის მფლობელია. ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები, პარტნიორი კომპანიები?

დღეს TCE ბევრ სეგმენტს ფარავს. ჩვენი მომხმარებლები არიან ბაზრის უმსხვილესი სამშენებლო, მომპოვებელი და საგზაო კომპანიები. ჩვენ მათ საგზაო, სამშენებლო და სასაწყობე სპეცტექნიკით უზრუნველვყოფთ. ამის პარალელურად კი მაღალი დონის შემდგომ მომსახურებასაც ვთავაზობთ.

რამდენად მძაფრია ბაზარზე კონკურენცია? რა არის თქვენი უპირატესობები სხვა მოთამაშეებთან შედარებით?

ვვითარდებით ჩვენ და ვითარდება ბაზარიც, მათ შორის – ჩვენი კონკურენტებიც. ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, თუმცა ჩვენს მიმართულებაში წარმატების მისაღწევად ასევე საჭიროა უნარები, რომლებიც დროსა და გამოცდილებას მოაქვს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, სტაბილურად ვფლობდეთ ბაზრის დიდ წილს და მუდმივად ვვითარდებოდეთ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბაზარზე ბევრი ბიუჯეტური და მათ შორის, ჩინური ბრენდი გამოჩნდა. ამ ეტაპზე კონკურენცია ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა ეს ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პირიქით, მივესალმებით, რომ ბაზარი იყოს მულტიბრენდული და ამორტიზებული ტექნიკის ახლით ჩანაცვლება სწრაფად მოხდეს.

მივყვებით განვითარების ხაზს, რომელსაც „თეგეტა ჯგუფის“ მაღალი სტანდარტები განსაზღვრავს და დღეს ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით მომხმარებელს ვთავაზობთ: 24-საათიან მომსახურებას როგორც მობილური ჯგუფების, ისე სერვისცენტრების საშუალებით, რეგიონულ მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ტექნიკისა და დამატებითი მოწყობილობების ადგილზე ხელმისაწვდომობას. ყოველთვის ვახდენთ ინვესტირებას ახალ მიმართულებასა და პროდუქციაში.

ჩვენს კომპანიას ისიც გამოარჩევს, რომ ჩვენი თითოეული მომხმარებლის პარტნიორი, მრჩეველი ვართ. შეძენამდე მათი პროექტის დეტალებით ვინტერესდებით, ანალიზს ვახდენთ და კონკრეტულ პროდუქტს ისე ვთავაზობთ.

JCB თქვენი მთავარი პარტნიორია, თუმცა ბაზარზე კიდევ რამდენიმე ბრენდის პროდუქციას წარმოადგენთ. რა კრიტერიუმებით არჩევთ მომხმარებლისთვის შესათავაზებელ ბრენდებს?

„თეგეტა ჯგუფს“ ხარისხის შიდა კონტროლის სტანდარტი აქვს, რომლის მიხედვითაც ხდება ბრენდების შერჩევა. მაგალითად, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბრენდებიც აკმაყოფილებენ მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რომლის უმნიშვნელოვასენი ნაწილია ციფრული პლატფორმები, მოქნილობა და ოპერატიულობა. სწორედ ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული სრულყოფილი მხარდაჭერა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კლიენტები მაღალი დონის მომსახურებით სარგებლობენ.

JCB 300–ზე მეტ მოდელს სთავაზობს მომხმარებელს და თითოეული მათგანი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. JCB-ს ძალიან ბევრი პატენტი აქვს მსოფლიოში. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ქართველ მომხმარებელს ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილი ურთიერთობა მომწოდებლებთან. ჩვენი პარტნიორი ბრენდებისა და ჩვენი ხედვა ამ მიმართულებითაც დაემთხვა.

ჩვენი მომხმარებელი ასევე სარგებლობს ჩვენ მიერ შეთავაზებული დამატებითი მოწყობილობებითაც, რომელთა საშუალებით ერთი ტექნიკის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებაა შესაძლებელი. ეს კი ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.

TCE-ში შემავალი ბრენდებისთვის რამდენად საინტერესოა ქართული ბაზარი?

TCE-ში შემავალი ბრენდებისთვის ქართული ბაზარი თავიდანვე საინტერესო იყო, როგორც რეგიონის ერთ­-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი. მაგალითად, JCB–ის მიერ ბაზრის წილის ფლობის მხრივ რეგიონში მოწინავე პოზიციას ვიკავებთ. გარდა ამისა, ბიზნესის კეთებისა და, ზოგადად, საქმიანობის კუთხით, საქართველო ძალიან კომფორტული ქვეყანაა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. ეს, პირველ რიგში, კორუფციის დაბალი დონითა და მოქნილი საგადასახადო კანონმდებლობითაა განპირობებული.

სამშენებლო და საგზაო სპეცტექნიკა ძვირად ღირებული პროდუქტია. როგორია ქართველი მომხმარებლებისთვის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა?

ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდა არა მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების, არამედ ჩვენი მიზანიცაა. რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ და მომხმარებლებს საინტერესო და მათზე მორგებულ სერვისსა და აქციებს ვთავაზობთ.

TCE სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკის ბაზრის განვითარებას მეორეული ტექნიკის ხარისხის უზრუნველყოფითაც ცდილობს. მოგვიყევით დეტალურად ამ შეთავაზების შესახებ…

ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს ხარისხიანი და საიმედო ტექნიკა შევთავაზოთ. ხდება ხოლმე, რომ მომხმარებლები ახალი ტექნიკის შეძენას ვერ ახერხებენ, ამ დროს ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ უსაფრთხო და გამართული მეორეული ტექნიკა შეიძინონ. ამის საშუალებას გვაძლევენ ჩვენი მომწოდებელი ბრენდები, რომელთაც მეორეული ტექნიკის შემოთავაზების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული ტექნიკა მათი სტანდარტების მიხედვით არის ინსპექტირებული და შემოწმებული.

ზოგადად, „თეგეტას“ მიერ გაყიდული ახალი თუ მეორეული სპეცტექნიკა დეტალურ შემოწმებას გადის. შესაბამისად, ჩვენ მიერ რეალიზებული ტექნიკა სრულად აკმაყოფილებს როგორც მომხმარებლის მოლოდინს, ასევე „თეგეტა ჯგუფის“ სტანდარტებს.

2020 წელს TCE-მ სომხეთის ბაზარზე ოპერირება დაიწყო. იქ როგორ წარიმართა თქვენი საქმიანობა და რა გეგმები გაქვთ უცხოურ ბაზრებთან მიმართებით?

სომხეთში JCB–ის წარმომადგენლები ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად გავხდით. საქართველოს ბაზარზე მრავალწლიანმა წარმატებულმა თანამშრომლობამ, სტაბილურობამ და გამართულმა პროცესებმა განაპირობა, რომ ჩვენმა პარტნიორმა სომხეთის ბაზარზე ნდობა გამოგვიცხადა. შედეგად, 2020–2021 წლებში JCB-იმ სომხეთის ბაზარზე პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა. სომხეთში სერვისის კუთხით მომსახურებას ვთავაზობთ როგორც სერვისცენტრში, ისე მობილური ჯგუფის საშუალებით.

აქტიურად ვმუშაობთ რეგიონალურ დონეზე უფრო მეტად განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ „თეგეტა“ აღნიშნულ სეგმენტში რეგიონს სრულად ფარავდეს. 

რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს სექტორი? როგორია TCE-ის პასუხი აღნიშნულ გამოწვევებზე?

დღეს ყველაზე დიდი მსოფლიო გამოწვევა პანდემიაა. სწორედ პანდემია უქმნის ჩვენს სექტორსაც სხვადასხვა ტიპის სირთულეს. კომპანიების დიდ ნაწილს მსხვილი ინვესტიციების დაგეგმვა და განხორციელება უჭირს. თუმცა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები პანდემიის პერიოდშიც კი არ შეჩერებულა. ჩვენი კომპანია მომართულია, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეები პარტნიორებსაც დავაძლევინოთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ტექნიკის შესყიდვის ისეთი პირობები, რომლებიც მათი ინვესტიციის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგალითად, მათ ტექნიკის შეძენა Buy Back და Trade in პირობებით შეუძლიათ.

საერთო ჯამში, ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, განხორციელებული აქტივობა, შეთავაზებული სიახლე საქართველოში სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. TCE, ისევე როგორც „თეგეტა ჯგუფში“ შემავალი ყველა კომპანია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზებაზე, ხარისხის ახალი სტანდარტის დანერგვაზეა ორიენტირებული. ეს ფაქტი გვეხმარება როგორც გამოწვევების დაძლევაში, ასევე წარმატების მიღწევაშიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *