ბემონი - უმაღლესი ხარისხი ენერგეტიკაში

ბემონი - უმაღლესი ხარისხი ენერგეტიკაში

„საერთაშორისო ენერგოპროექტებში „ბემონი“ თავის სიტყვას იტყვის“, – ამ ამბიციური განაცხადით იწყებს საუბარს Forbes Georgia-სთან გიორგი მირცხულავა, რომლის გუნდი რამდენიმე მსხვილ პროექტზე მუშაობს.

საქართველოს რომ ენერგოპოტენციალი მნიშვნელოვნად ასათვისებელი აქვს, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, გვესმის და ვიცით, თუმცა ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტმა და მისმა ანცხადებებმა კიდევ ერთხელ ხაზი აუსვა იმას, რომ საქართველომ ახალი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. კერძოდ, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანიდან და პოტენციურად საქართველოდან გაგზავნილმა ელექტროენერგიამ შესაძლოა, ერთ დღესაც ევროპული ქვეყნების ოჯახებიც გაანათოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება.

ბემონი“ სწორედ აქ ხედავს თავის მისიას. მისი მმართველი და დამფუძნებელი, ენერგო-და სამშენებლო სექტორებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიორგი მირცხულავა ადრეც არაერთხელ მოხვედრია Forbes Georgia-ს ფურცლებზე. ამჯერად მას რეგიონში მოსალოდნელ ახალ ენერგორეალობასა და მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მიზნებზე ვესაუბრეთ.

ფოტო: ნიკო მდინარაძე

ბატონო გიორგი, თქვენ ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია ჯერ კიდევ 2017 წელს შექმენით, თუმცა მიმდინარე წელს მისი რებრენდინგი გადაწყვიტეთ. რატომ? რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე?

უცხოეთში 17-წლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოში 2017 წელს დავბრუნდი და მაშინვე გამიჩნდა იდეა, შემექმნა ძლიერი თანამედროვე სამშენებლო კომპანია. მაშინ ბაზარს გადავხედე და მივხვდი, რომ რამდენიმე კომპანიის გარდა, ყველა უფრო მეტად „ძველი ყაიდის“ კომპანია იყო, რომლებიც ვერ და არ იქნებოდნენ მზად, საქართველოსა და მის გარეთ კონკურენცია უცხოური კომპანიებისთვის გაეწიათ. ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანია 2022 წლამდე ძირითადად საპროექტო და საინჟინრო დაგეგმარების პროექტებს ახორციელებდა და პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა, მაგრამ წელს კომპანიის განვითარების გეგმა კარგად მომწიფდა და მისი სრულად გარდაქმნა გადავწყვიტეთ. ფაქტობრივად, საჭირო გახდა ახალი სულის შთაბერვა და საბოლოოდ რამდენიმე თვეში შევძელით მისი რებრენდინგი.

ამ კომპანიით მინდა დავამტკიცო, რომ საქართველოს შეუძლია უმაღლესი დონის ენერგოპროექტების განხორციელება, რომლებიც ხარისხზე იქნება პასუხისმგებელი. ჩვენი სახელი „ბემონიც“ სწორედ სულხან საბას მიხედვით უმაღლეს ხარისხს ნიშნავს. ჩვენს რებრენდინგზე ალექს ჩიქოვანმა და კომპანია „ლაივ ბრენდინგმა“ იმუშავა. სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი ბრენდის ფერად შევარჩიეთ ზურმუხტისფერი. ამის ინსპირაცია იყო ენგურჰესის კაშხალი და ენგურის წყლის ფერი. ამ მდინარიდან წამოსული დიდი ენერგია ჩვენს სახელს და ბრენდს ძალიან ერგება. ამას ემატება ჩვენი სლოგანიც – ავაშენებთ!

და უკვე აშენებთ კიდეც… წელს პირველი პროექტებიც გაქვთ…

დიახ. პირველი პროექტია სვანეთში 7.1 მეგავატის სიმძლავრის ჰესის, „კასლეთი 1”-ის მშენებლობა. სამუშაოების მობილიზაცია უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დაგეგმვითი სამუშაოები და დიდი იმედი გვაქვს, რომ „კასლეთი ჰესი“ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას 2024 წელს დაიწყებს.

გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი მსხვილი პროექტი. ოთხი კომპლექტი 133 მვა ავტოტრანსფორმატორის მიწოდება „გარდაბანი-500“-ის ქვესადგურში, რომელიც მოემსახურება ორჯაჭვა 500-კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენერგოსისტემისთვის, ვინაიდან გარდაბნის ხაზის გაორჯაჭვიანების შემდეგ საჭირო გახდა დამატებითი თანამედროვე ტრანსფორმატორები, რათა ამ ხაზმა გაატაროს ის გაზრდილი ელექტროენერგია, რომლის იმპორტი და ექსპორტი აზერბაიჯანიდან არის შესაძლებელი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შესაბამის ტრანსფორმატორებს ჩამოვიტანთ და დავამონტაჟებთ.

მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე მსხვილი პროექტის თაობაზე ვაწარმოებთ და იმედია, რომ წლის ბოლომდე ამ ორ ამბიციურ პროექტს, მინიმუმ, კიდევ ერთს დავუმატებთ.

რებრენდინგის შემდეგ კარგი სტარტი გაქვთ. როგორ ახერხებთ ამას? რა გიმაგრებთ ზურგს?

ჩვენს კომპანიას ზურგს გუნდი უმაგრებს. ჩვენი ყველა დამკვეთი, როდესაც „ბემონის“ გუნდს გაიცნობს, რწმუნდება, თუ რა ძლიერ პროფესიონალებთან აქვთ საქმე. „ბემონის“ მმართველ გუნდში უკვე 20-მდე ადამიანია – მაღალი დონის სპეციალისტები, ზოგი ჩემთან ერთად ანაკლიის პროექტზე მუშაობდა, ზოგიც კიდევ ენგურჰესის რეაბილიტაციაზე, ზოგს საერთაშორისო გამოცდილება აქვს, მათ შორის British Petrolium-ში რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობის, რაც, დამეთანხმებით, უდიდესი „სკოლაა“.

ენერგოინფრასტრუქტურა საკმაოდ ფართო მიმართულებაა. „ბემონი“ რაზე კონცენტრირდება? რისი ექსპერტიზა აქვს თქვენს გუნდს?

მართალი ხართ, ენერგოინფრასტრუქტურა ბევრ კომპონენტს მოიაზრებს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოვიცვათ ყველა ის კომპონენტი, რასაც ზოგადად ენერგეტიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა აერთიანებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს, შეგვწევს ძალა, დავაპროექტოთ და ავაშენოთ მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. ასევე ვაპირებთ, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩავერთოთ მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში; გარდა ამისა, ვაკეთებთ ავტობანების, გზების, გვირაბების განათებას და სრულ ელექტრობას. მოკლედ, „ბემონს“ შეუძლია, ნულიდან დაიწყოს და ობიექტის საქართველოს ენერგეტიკულ ქსელში ჩასართავად საჭირო ყველა სამუშაო შეასრულოს. გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც შევძლებთ წარმატებული პროექტების განხორციელებას.

ფოტო: ნიკო მდინარაძე

ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა, რომელმაც პრემიერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და რომ აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტს საქართველოს გავლით გეგმავს. აქვს საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა?

ფაქტია, რომ დღეს ევროპა ელოდება ელექტროენერგიას ჩვენი რეგიონიდან, რაც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან უნდა გავიდეს. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ 3-5 წელიწადში როგორც აზერბაიჯანი, ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოც ერთ-ერთი მოთამაშე გახდება. ამისთვის ინფრასტრუქტურულად დღეს არც ჩვენ და არც აზერბაიჯანი მზად არ ვართ. სრულიად ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, როგორც 1990-იან წლებში ნავთობსადენი და გაზსადენი აშენდა, ისე მოგვიწევს მასშტაბური ინფრასტრუქტურის – ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების აშენება. უფრო მეტიც, ამ მოცულობის ელექტროენერგიის მისაღებად და გასატარებლად არც თურქეთია მზად. მოსაწყობია 500 კილოვატის ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგური თურქეთთან დასაკავშირებლად. ამ კუთხითაც გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ამ სამუშაოებში ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგეგმება შავ ზღვაში კაბელის ჩადება და საქართველოს ენერგეტიკული ქსელის პირდაპირ ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირება. ესეც ძალიან საინტერესო პროექტი იქნება და გვინდა, ამაშიც უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი როლი შევასრულოთ.

ჩვენ არა მხოლოდ აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ტრანზიტული ქვეყანა, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორიც შეგვიძლია, გავხდეთ?

რა თქმა უნდა, თუმცა ამისთვის გვჭირდება მსხვილი ჰესების აშენებაც, რათა საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება შევძლოთ და შემდეგ უკვე, შექმნილი ინფრასტრუქტურით, ქართული ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარს მივაწოდოთ. ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ეს იქნება ყველაზე სასარგებლო და დიდი საქმე, რაც შეიძლება, უახლოესი ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში გაკეთდეს. ეს სამომავლოდ ნიშნავს უფრო მეტ ევროპას საქართველოში, უფრო მეტ ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი, და ახალი თაობის უსაფრთხო და ბედნიერ მომავალს. როგორ უნდა შევძლოთ ეს? ამისთვის საჭიროა მოსახლეობამ, ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად იმუშაოს.

ამ ყველაფრისთვის კი თქვენ ახსენეთ მასშტაბური ენერგოინფრასტრუქტურის მშენებლობის საჭიროება. რა დაბრკოლებებს ხედავთ ამ კუთხით?

ამ პროექტის განხორციელებას, ბუნებრივია, ექნება ტექნიკური გამოწვევები – სამშენებლო და საინჟინრო კუთხითაც. ეს არ არის მარტივი პროექტი. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩვენი კომპანია თავის როლს ითამაშებს. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერაც. ჩვენ ალბათ გასულ წელს ვერ წარმოვიდგენდით, რომ ევროპაში ახლა ასეთი ენერგოკრიზისი იქნებოდა, ესე იგი, მსგავს რისკებზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ. შესაბამისად, ქვეყანამ თავისი პოტენციალი ბოლომდე უნდა აითვისოს. ის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ პოტენციალს მნიშვნელოვნად აითვისებენ, წინ იქნებიან. ჩვენ გაგვიმართლა და გვაქვს უდიდესი ჰიდრორესურსი. მისი არგამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს ქვეყანას განვითარებაში ხელს შეუშლის. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჰიდროპროექტების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საიმედო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ჩვენი ქვეყნის „აბჯარი“ და დაცვა სწორედ დიდი ენერგოპროექტებია. ჯერჯერობით ჰიდროელექტრორესურსების პოტენციალი, მაქსიმუმ, 20%-ით არის ათვისებული…

რაც შეეხება ქარისა და მზის პოტენციალს, რა პერსპექტივას ხედავთ ამ მიმართულებით?

ფაქტობრივად, ჩემი ბედნიერებაც და გამოწვევაც ის არის, რომ ეს რესურსებიც ასათვისებელია. ბოლო მონაცემების მიხედვით, თუ არ ვცდები, მთლიანი ფოტო: ნიკო მდინარაძე გამომუშავებული ენერგიის 60%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, დანარჩენი უკვე თბოელექტროსადგურებზე, ამას დავუმატოთ ზოგადად იმპორტი და, მგონი, მხოლოდ 1%-ზე ნაკლები უკავია ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას. აშენებულია მხოლოდ ერთი 20-მეგავატიანი სადგური, თუმცა სხვა ქარის ელექტროსადგურების აშენების გეგმები არის, რომლებშიც ჩვენც დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას და ამისთვის მიმდინარეობს კიდეც მზადება. რაც შეეხება მზის ენერგიას, ქვეყანაში მსხვილი მზის სადგური საერთოდ არ არის. ამაზეც უნდა ვიფიქროთ… თუმცა ჰიდროს გარეშე ეს პროექტები ვერ განხორციელდება!

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ენერგოპოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი კადრების არსებობაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად პრობლემურია კვალიფიციური კადრების ნაკლებობა თქვენს სექტორში?

სამწუხაროდ, ჩვენს სექტორშიც ეს დიდი პრობლემაა. თუ ჩვენ გვინდა, კვალიფიციური კადრები შევინარჩუნოთ და მათ ახალი კადრები გაზარდონ, ხოლო ქვეყნიდან გასული კვალიფიციური კადრები უკან დავაბრუნოთ, სწორედ ისეთი მასშტაბური პროექტები გვჭირდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. 2000 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ ენერგო- და სამშენებლო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, მათ შორის – წამყვან პოზიციებზეც, თუმცა 17 წლის შემდეგ დავბრუნდი, ვინაიდან საინტერესო და მასშტაბური პროექტები გამოჩნდა საქართველოში. ჯერ იყო ანაკლიის პორტის პროექტი, შემდეგ ენგურჰესის მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ახლა კი ახალი გამოწვევების დროა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მმართველმა თავის დასაქმებულებს მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინონ ნიჭი და უნარები. სწორედ ასეთი მმართველობის სტილი მაქვს მე და ამას ვაპირებ „ბემონშიც“. ჩვენ გვყავს კვალიფიციური გუნდი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ კვალიფიციურმა გუნდმა თავი იგრძნოს დაფასებულად – როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალურად და პიროვნულად. ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს.

რა გეგმები აქვს „ბემონს“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

პირველ რიგში აქცენტს, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავაკეთებთ. თავდაპირველად ალბათ ადგილობრივ ძლიერ კომპანიებთან ერთად – კონსორციუმებში ვიმუშავებთ, შემდეგ უკვე უფრო მეტის ამბიციაც გვექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე და ჩემი გუნდის წევრებს ამ ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება გვაქვს, კარგად ვიცნობთ ამ ქვეყნებს და ვიცით ამ ქვეყნების ენერგოსექტორის საჭიროებები და სპეციფიკა. ამგვარად, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ უცხოურ ბაზრებზეც ვიტყვით ჩვენს სიტყვას და ავაშენებთ!

 

მთავარი ფოტო: ხათუნა ხუციშვილი