ქუჩის ხელოვანის, ბენკსის ნახევრად დაზიანებული ნაშრომი „Love is in the air” გასულ კვირას ლონდონში, „სოტბის“ აუქციონზე იმაზე 1 750%-ით უფრო დიდ ფასად გაიყიდა, ვიდრე სამი წლის წინ. ნამუშევარი აუქციონზე 25.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, რაც აუქციონზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
საინტერესოა, რომ ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე სამი წლის წინაც გაიყიდა სახელით „გოგონა ბუშტით“. მაშინ ნახატის ღირებულებამ აუქციონზე 1.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ბენკსის ნამუშევარმა თავი ხელოვანთა სამყაროს ერთი უცნაურობით დაამახსოვრა. ნახატის გაყიდვისთანავე მან თვითგანადგურება დაიწყო და მისი ნახევარი შრედერის მანქანაში გატარდა. საბედნიეროდ, მისი მეორე ნახევრის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა დიდი ნაწილი დაზიანდა.
ხელოვანმა მაშინ ამ ქმედებას ხუმრობა უწოდა, თავად Sotheby’s-ის აუქციონის ხელმძღვანელობამ კი აღნიშნულში ყველანაირი თანამონაწილეობა უარყო.
მომხდარის შემდეგ ნახატს სახელი სახელოვნებო წრეებში მაშინვე გადაერქვა და მას შემდეგ “Love is in the Bin”-ით იცნობენ. „იმ პერიოდში აღნიშნული პერფორმანსი კულტურული ფენომენი იყო“ – განაცხადა ლონდონის Sotheby’s-ის აუქციონის თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტმა, ემა ბეიკერმა.
აუქციონის დაწყებამდე ნახატის ღირებულებას ექსპერტები 5-დან 8 მილიონ აშშ დოლარამდე აფასებდნენ. თუმცა ვითარება სრულიად საპირისპირო გამოდგა. საბოლოოდ, ნახატი ვინმე ოლივერ ბარკერმა 16 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რაც ყველა ხარჯების გათვალისწინებით 25.42 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.