ფოტო: Sapir Organization
სამშაბათს თბილისში, მთაწმინდის პარკში, Trump Tower Tbilisi-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საქართველოში ყველაზე მაღალი შენობის აგებას ითვალისწინებს, თუმცა მისი მასშტაბი მხოლოდ 280-მეტრიანი ცათამბჯენით არ შემოიფარგლება. დეველოპერის ინფორმაციით, Trump Tower Tbilisi-ში საცხოვრებელი ფართების საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე, სავარაუდოდ, $7,000 იქნება, ზედა სართულებზე მოსალოდნელია, $10,000-ს მიაღწიოს, მშენებლობის პროგრესთან ერთად კი შესაძლოა $15,000-მდეც გაიზარდოს, რაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, პროექტის შესახებ პრეზენტაციის პარალელურად, მის გარშემო პოლიტიკური და ფინანსური კონტექსტიც იკვეთება – საერთაშორისო გამოცემების ნაწილმა, მათ შორის The Wall Street Journal-მა Trump Tower-ის მშენებლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაუარესებული ურთიერთობებისა და პროექტისთვის მიწის ნაკვეთის შესასყიდად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებულ ფონდთან გაფორმებული გარიგების ფონზე განიხილა.
რა ვიცით პროექტის შესახებ?
15 სექტემბერს Trump Tower Tbilisi-ის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე პროექტთან დაკავშირებული ბიზნესმენები და პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Trump Tower-ი თბილისში პროექტ The Tbilisi Downtown-ის ფარგლებში აშენდება, რომლის ინვესტიციის მოცულობა $2 მილიარდს შეადგენს. დასრულების შემდეგ ეს საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
მულტიფუნქციური პროექტი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ადგილობრივი დეველოპერების, „არქისა“ და „ინვიას“, მიერ, The Trump Organization-თან პარტნიორობითა და The Sapir Organization-თან თანამშრომლობით განხორციელდება. „მსოფლიოს ყველაზე დიდი არქიტექტურული სტუდიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi 62 სართულს აერთიანებს, ხოლო მისი სიმაღლე 280 მეტრს აღწევს, რაც მას საქართველოში ყველაზე მაღალ შენობად აქცევს“, – ვკითხულობთ „არქის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ Trump Tower Tbilisi ტრამპის ბრენდირებულ რეზიდენციებს, პრემიუმ-სასტუმროს სივრცეებს, საერთაშორისო სავაჭრო და კულინარიულ ობიექტებს, ასევე დასასვენებელ და გასართობ ზონებს გააერთიანებს. თბილისის პროექტი უცხოური ლიცენზირებისა და ბრენდირების იმ გარიგებათა სერიის ნაწილია, რომლებიც Trump Organization-მა ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ გააფორმა.
„Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, $2 მილიარდის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრის თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის“, – თქვა კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ვიდეოჩართვის საშუალებით, დამსწრეებს სიტყვით Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა მიმართა.
„როცა პროექტებს ვახორციელებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად კლიმატი. ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა. გვინდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული შენობები გვქონდეს. ამას მხარს უჭერს მამაჩემიც“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა ვიდეომიმართვისას.
პრეზენტაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, Trump Tower-ის მშენებლობა – 2031 წელს, მთლიანი უბნის დასრულება კი 2033 წელს იგეგმება.
ფინანსური და პოლიტიკური კონტექსტი
Trump Tower-ის პროექტის, მათ შორის მისი პოტენციური ღირებულების, შესახებ გამოცემა Ynetnews-თან ისაუბრა „არქის” პარტნიორმა, ისრაელელმა დეველოპერმა მენი ბენიშმა. ბენიშის ინფორმაციით, Trump Tower Tbilisi-ში კვადრატული მეტრის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, $7,000 იქნება, ხოლო ზედა სართულებზე კვადრატულის ღირებულებამ შესაძლოა $10,000-ს მიაღწიოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროგრესთან ერთად, კვადრატული მეტრის ფასი $15,000-მდეც გაიზარდოს.
ბენიშის თქმით, პროექტის მიზანი თბილისში ისეთი დონის საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, რომელიც ისრაელშიც კი იშვიათობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისთვის ეს ფასი მაღალი არაა, რასაც საქართველოს ბაზარზე ვერ ვიტყვით. ბენიშნმა ისიც განაცხადა, რომ პროექტით დაინტერესებულთა დიდი ნაწილი დუბაიდანაა, მათ შორის, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები, ისე საამიროებში მცხოვრები უცხოელები.
თბილისში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა მიმდინარე წლის აპრილში გაავრცელა. მოგვიანებით კი ამერიკულმა Forbes-მა ცათამბჯენის პოტენციური რენდერებიც გამოაქვეყნა. როგორც მაშინ გამოცემა წარსულ პროექტებზე დაყრდნობით ვარაუდობდა, არ არის გამორიცხული, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Trump Tower Tbilisi-ის სალიცენზიო შეთანხმებიდან, სულ მცირე, $5 მილიონი გამოიმუშაოს.
თბილისში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, The Wall Street Journal-მა კიდევ ერთი და შედარებით ვრცელი სტატია რამდენიმე დღის წინაც, 13 სექტემბერს გამოაქვეყნა. WSJ-ის სტატიაში, სათაურით: „Trump Tower-ის უახლესი ლოკაცია: ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც რუსეთს უახლოვდება“, მითითებული იყო, რომ პროექტი იმ პერიოდში ხორციელდება, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაციებულია — „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ოპოზიციისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების წინააღმდეგ მიღებული ზომებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ნაწილობრივ რუსეთთან დაახლოების ფონზე“.
სტატიაში WSJ წარსულში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მათ შორის 2005 წელს ჯორჯ ბუშის ვიზიტზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო წლებში გაუარესდა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ შეშფოთებას საჯაროდ გამოხატავდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი გასულ წელს გამოიყენა ფრაზა „ანტიამერიკული მთავრობა“.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტს კიდევ ერთი პოლიტიკური და ფინანსური კონტექსტი აქვს. გამოცემა წერს, რომ დეველოპერებმა პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის შესაძენად 2023 წელს გარიგება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებულ ფონდთან გააფორმეს. WSJ-ის ცნობით, შეთანხმების პირობებით, მოგვიანებით, ფონდს ჯამში $85 მილიონამდე უნდა მიეღო.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ თანხა ეტაპობრივად დაიფარა და გარიგება საბოლოოდ მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. თუმცა, ამავდროულად, WSJ ივანიშვილის პოლიტიკურ წარსულზეც მიუთითებს, ასევე იმ ფაქტზე, რომ ყოფილი პრემიერი აშშ-მა 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა.
დაბოლოს, საინტერესოა Trump Organization-თან თანამშრომლობის წარსულში მიღებული გამოცდილებაც. The Wall Street Journal-ი 2012 წელს, ბათუმში, 47-სართულიანი Trump Tower-ის დაანონსების საკითხსაც ეხმიანება. WSJ წერს, რომ დაახლოებით 15 წლის წინ ადგილობრივმა დეველოპერებმა Trump Organization-ს $1 მილიონამდე გადაუხადეს შენობისთვის Trump-ის სახელისა და სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე ლიცენზიის მისაღებად. თუმცა საბოლოოდ პროექტი არ განხორციელებულა და სალიცენზიო შეთანხმებაც ჩაიშალა.













