OpenAI $1.5-ტრილიონამდე შეფასებით, ახალი დაფინანსების მოზიდვას განიხილავს

OpenAI $1.5-ტრილიონამდე შეფასებით, ახალი დაფინანსების მოზიდვას განიხილავს

ფოტო: Getty Images

 

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI დაფინანსების ახალი რაუნდით $1.5-ტრილიონამდე შეფასების მიღწევას განიხილავს. The New York Times-მა და The Wall Street Journal-მა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელეს, რაც AI-სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, 2026 წლისთვის დაგეგმილი IPO-ს გადავადების შესახებ განაცხადა.

The New York Times-ის ინფორმაციით, რამდენიმე ინვესტორმა OpenAI-სთან უკვე გამართა მოლაპარაკებები და კომპანიას $1.2 ტრილიონის შეფასებით დაფინანსება შესთავაზა. თუმცა, როგორც გამოცემა DealBook-ზე დაყრდნობით წერს, OpenAI-ს უფრო მაღალი, $1.5 ტრილიონამდე შეფასების მიღწევა სურს.

ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის მიერ დაფინანსების ბოლო რაუნდში მიღებულ შეფასებას. კერძოდ, AI-სტარტაპმა ჯერ 2026 წლის თებერვალში $110 მილიარდის მოზიდვის შესახებ განაცხადა, რითაც მისმა ღირებულებამ $730 მილიარდს მიაღწია. ხოლო მოგვიანებით, მარტში, კერძო დაფინანსების რაუნდში $122 მილიარდის მოზიდვის შემდეგ, OpenAI-ის შეფასებამ $852 მილიარდს მიაღწია.

AI-სტარტაპის განცხადებით, დაფინანსების რაუნდს მხარს OpenAI-ის პარტნიორები, მათ შორის Amazon-ი, Nvidia, Microsoft-ი და SoftBank-ი უჭერდნენ.

OpenAI განსაკუთრებით დიდ იმედებს თავის AI-პროგრამირების ინსტრუმენტებზე, მათ შორის მაღალი მოთხოვნის მქონე COD-ზე ამყარებს. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფის შექმნაზე ორიენტირებული AI-ინსტრუმენტია და Anthropic-ის Claude Code-ის კონკურენტად განიხილება.

კომპანიის ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, OpenAI არ გამორიცხავს, რომ მისმა წლიურმა შემოსავალმა $40 მილიარდს გადააჭარბოს, რაც 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული თანხაა. დამატებით კი, სტარტაპი სარეკლამო ბიზნესიდან $1 მილიარდის ოდენობის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

ცნობისთვის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მა აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის კონფიდენციალური განაცხადი ივნისში შეიტანა. თუმცა IPO-ს გადავადების შესახებ სემ ოლტმენმა მიმდინარე კვირაში განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებით ახსნა და აღნიშნა, რომ „მიუღებელია თუნდაც 10%-იანი ალბათობა იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ათწლეულის ბოლომდე კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს“.