Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება $1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და ის ამჟამად $3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Forbes-ის განახლებულ შეფასებას არ ახლავს განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ ჩათვალა გავლენიანმა გამოცემამ, რომ ექსპრემიერისა და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის ქონება წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება Bloomberg-ის შეფასებას, მილიარდერების ინდექსის თანახმად, ამჟამად ივანიშვილის ქონება $5.77 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, ამ ორ შეფასებას შორის სხვაობა ამჟამად $2.47 მილიარდი დოლარია.
2020 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის “მხოლოდ $200 მილიონ დოლარს იტოვებდა”, დანარჩენ ქონებას კი მის საკუთრებაში არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ჟურნალ Entrepreneur-თან მან ისიც განაცხადა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის შეფასებები რეალობისგან განსხვავდებოდა:
“ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია [$5.5-მილიარდიანი ქონება]. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან და უძრავ ქონებასთან ერთად ექსპრემიერი საკუთარ ქონებას ოფშორულ ზონებში ხელოვნების ნიმუშებში, აქციებში, ობლიგაციებსა და შვეიცარიული ბანკების დეპოზიტებში ინახავს. უკვე მეხუთე წელია, გრძელდება სასამართლო პროცესები შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან, სადაც ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის საქმიანობით, მილიარდერს $100 მილიონზე დიდი ზარალი მიადგა. დავა შვეიცარიაში, ასევე სინგაპურსა და ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარეობს.