ბილ ეკმანმა $1.3 მილიარდი გაიღო ქველმოქმედებისთვის

ბილ ეკმანმა $1.3 მილიარდი გაიღო ქველმოქმედებისთვის

მილიარდელმა ბილ ეკმანმა კომპანია Coupang-ის $1.3 მილიარდის ღირებულების აქციები საქველმოქმედო მიზნებით გადასცა საკუთარ ფონდს „The Pershing Square Foundation“, ასევე ანონიმურ არაკომერციულ ორგანიზაციასა და ფონდს. აღნიშნული ინფორმაცია ეკმანმა თავადვე გაავრცელა ტვიტერის საშუალებით.

ეკმანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დონაციის დეტალებზე საუბარი არ ისურვა, შესაბამისად, უცნობია რაში დაიხარჯება მილიარდერის მიერ გაღებული $1.3 მილიარდი.

„მე ვიყავი Coupang-ის ძალიან იღბლიანი ინვესტორი დასაწყისშივე. ამ შესანიშნავი წარმატების შემდეგ კომპანიის  26.5 მილიონი აქცია კაცობრიობის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული“ – ვკითხულობთ ეკმანის ტვიტში.

„The Pershing Square Foundation“ საკუთარი საქმიანობის აღწერისას აღნიშნავს, რომ წარსულში $400 მილიონზე მეტი გაიღეს ქველმოქმედების სახით ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მედიცინა და სოციალური თანასწორობა. ცნობისთვის, ეკმანს Forbes-მა ფილანტროპიის რეიტინგში გასულ წელს 4 ქულა მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიარდერი საკუთარი ქონების 10-19.9%-ს სწორედ ქველმოქმედებაზე ხარჯავს.

ეკმანმა, რომელიც Pershing Square Capital Management-ის დამფუძნებელი და მმართველია, ინვესტიცია განახორციელა კორეულ კომპანიაში Coupang. აღნიშნულმა კომპანიამ გასულ კვირას აქციების პირველადი განთავსების (IPO) შედეგად $4.55 მილიარდის მობილიზება შეძლო. მიმდინარე წელს ეს ყველაზე მასშტაბური IPO იყო აშშ-ში და ამასთან, აზიური კომპანიის ყველაზე მსხვილი IPO – მანამდე ეს რეკორდი Alibaba-ს ეკუთვნოდა.

Forbes-ის შეფასებით, ეკმანის კაპიტალის ღირებულება $3 მილიარდია, ხოლო ბომ კიმის, რომელიც Coupang-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, $8.8 მილიარდი.