ბილ გეითსი აცხადებს, რომ მომდევნო 4-6 თვე ამერიკისთვის იქნება ყველაზე ცუდი პანდემიის პერიოდში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყო, ჯერ აშშ-ი შორსაა ამ “უღრანი ტყიდან” გასვლისგან, ვინაიდან ზამთარი ყველაზე რთული იქნება სიკვდილიანობის კუთხით. Microsoft-ის დამფუძნებელმა ამის შესახებ CNN-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, “ჯანდაცვის მონაცემების და შეფასების ინსტიტუტის” მოდელის მიხედვით, აშშ-ში 2021 წლის 1 აპრილამდე, შესაძლოა, ვირუსს დამატებით 200 000 ადამიანი ემსხვერპლოს. ამჟამად, ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 306 000-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეითსების ფონდს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ამდრომდე $1.75 მლრდ აქვთ გადარიცხული.
შეგახსენებთ, მიჩიგანში მდებარე Pfizer-ის ქარხნიდან, სატვირთო მანქანები უკვე დაიძრა, მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უნდა დაარიგონ, რაც დაახლოებით 3 მლნ დოზას მოიცავს.
Pfizer-ის ვაქცინას ავტორიზაცია გასულ კვირას ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) მიანიჭა. პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები. მასობრივი ვაქცინაცია გაზაფხულამდე და შეიძლება ზაფხულამდეც ვერ მოხერხდეს. სწორედ ამიტომაც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის სრული გაკონტროლება ამერიკაში მომდევნო წლის პირველ ნახევარში ვერ მოხერხდება.