ბილ გეიტსი: მაქვს დიდი სახლები, დავფრინავ კერძო თვითმფრინავით... ვინ ვარ მე, რომ თქვენ გარემოს დაცვაზე ლექცია წაგიკითხოთ?!

ბილ გეიტსი: მაქვს დიდი სახლები, დავფრინავ კერძო თვითმფრინავით... ვინ ვარ მე, რომ თქვენ გარემოს დაცვაზე ლექცია წაგიკითხოთ?!

ბილ გეიტსი ფილანთროპი და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი მილიარდერია. თუმცა იცის, რომ თავისი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავადაც საკმაოდ დიდ კვალს ტოვებს დედამიწაზე, რაც კლიმატურ ცვლილებებს ხელს უწყობს. ამის შესახებ გეიტსი წერს საკუთარ წიგნში – „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა“.

„მართალია, ჩემი ნახშირბადის კვალი ძალიან დიდია. მაქვს დიდი სახლები, დავფრინავ კერძო თვითმფრინავით – ერთ-ერთი მათგანით პარიზში კლიმატური ცვლილებების შესახებ გამართულ კონფერენციაზეც გავემგზავრე. ასე რომ ვინ ვარ მე, რომ ვინმეს გარემოს დაცვაზე ლექცია წავუკითხო?“, – წერს გეიტსი საკუთარ წიგნში.

მისივე თქმით, ის ძალიან დამნაშავედ გრძნობს თავს ამის გამო, თუმცა ამ წიგნზე მუშაობა  მას საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებასა და გარემოზე ზეგავლენის შემცირებაში დაეხმარა.

შედეგად, მან 2020 წელს ისეთი თვითმფრინავით დაიწყო ფრენა, რომელიც შედარებით ეკომეგობრულ საწვავს იყენებს, ეს კი მისი ოჯახის მიერ ავიამგზავრობის შედეგად გამონაბოლქვის შემცირებას გამოიწვევს.

გეიტსი ასევე წერს, რომ  ფულს მწვანე ენერგიის მწარმოებელ და მომხმარებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებში აბანდებს. მაგალითად, 2015 წელს გეიტსმა დააარსა Breakthrough Energy – ფონდი, რომელიც კლიმატთან დაკავშირებით ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაში ინვესტიციებს ახორციელებს.

„$1 მილიარდზე მეტი ოდენობის თანხა ჩავდე იმ მიდგომების განვითარებაში, რაც, ვიმედოვნებ, მსოფლიოს ნულოვანი ემისიის მიღწევაში დაეხმარება, მათ შორის – ხელმისაწვდომი და სანდო სუფთა ენერგიის წარმოებაში“, – წერს გეიტსი წიგნში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კაცობრიობა ორი შესაძლო საფრთხის – კლიმატური ცვლილებებისა და ბიოტერორიზმის  წინაშე დადგება.

წყარო: cnbc

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *