ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა

ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა

ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, წლის III კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა და 35.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET-ი BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს.  

ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ საქმიანობაში. სხვა სექტორებთან შედარებით, მრეწველობის სექტორმა ყველაზე პესტიმიტურად შეაფასა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ასევე მოლოდინები, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, 2018 წლის მესამე კვარტალში 3.4 პუნქტით არის შემცირებული. 

ბიზნესის ოპტიმიზმი მცირედით შემცირებულია და 64.2 პუნქტს შეადგენს. მრეწველობის სექტორთან ერთად, საცალო ვაჭრობამ და საფინანსო სექტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის შემცირებულ ოპტიმიზმში. 

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით შემცირებულია თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მომსახურების და მშენებლობის სექტორი მომდევნო კვარტალში კვლავ ფასების ზრდას მოელის. 

მოლოდინების და მიმდინარე საქმიანობის ინდექსი გაუარესებულია, როგორც დიდი ზომის, ისე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების შემთხვევაში.

დიდი ზომის ბიზნესისთვის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და აღჭურვილობა სახელდება. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობა მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს.

ბიზნესის განწყობის ინდექსი სფეროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა: 

  • წარმოება – შემცირდა 36.2 პუნქტით და შეადგინა 16.8
  • მშენებლობა – გაიზარდა 16.4 პუნქტით და შეადგინა 37.2
  • საცალო ვაჭრობა – შემცირდა 10.1 პუნქტით და შეადგინა 25.1
  • სერვისი – გაიზარდა 4.7 პუნქტით და შეადგინა 48.4
  • სოფლის მეურნეობა – გაიზარდა 13.4 პუნქტით და შეადგინა 29.8
  • საფინანსო სექტორი – შემცირდა 36.2 პუნქტით და შეადგინა 14.5 

კითხვაზე, როგორ შეიცვალა თქვენი კომპანიის დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 3 თვეში, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა – 57% ამბობს, რომ უცვლელი დარჩა, ხოლო 25% ამბობს, რომ გაიზარდა. კითხვაზე როგორ შეიცვალა თქვენი ბიზნეს აქტივობა ბოლო 3 თვეში კომპანიების 42% ამბობს, რომ არ შეცვლილა, ხოლო 24% კი მიიჩნევს, რომ გაუარესდა. 

რაც შეეხება მოლოდინებს მომდევნო სამ თვესთან დაკავშირებით, – ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი წარმოების სექტორში დაფიქსირდა, სადაც მოლოდინების ინდექსი 27.6 პუნქტით შემცირდა. 

გაუარესებული მოლოდინები აქვს როგორც მსხვილ, ისე მცირე ბიზნესს. ამასთან, გამოკითხული ბიზნესის 12% ელოდება, რომ მომდევნო სამ თვეში მათ კომპანიაში დასაქმებულების რაოდენობა შემცირდება. მომდევნო სამ თვეში, ბიზნეს კლიმატის გაუარესებას კომპანიების 10% ელოდება, 55% კი ფიქრობს, რომ ის უკეთესობისკენ შეიცვლება. 

რაც შეეხება ფასებს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გამოკითხული კომპანიების უმეტესობა – 77% ფასების ზრდას არ ელოდება, 15% კი თვლის რომ ფასები გაიზრდება.