საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 13.3%-ითაა შემცირებული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6%-ით მეტია.
ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა 1,559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2,110.3 ლარი;
- საშუალო ბიზნესი – 2,385.0 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1,540.8 ლარი.