"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
აშშ-ის კიდევ ერთი დილემა: შავი ზღვის რეგიონი
მოსაზრება Forbes Georgia-ს მაისის ნომრიდან.
შავი ზღვის რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახვა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას როგორც უშუალოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებული ყირიმის საზღვაო და სახმელეთო ტერიტორიებზე უპრეცედენტო სამხედრო ძალების კონცენტრაციამ ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. განიხილებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონკრეტული სცენარები და შემდგომი შესაძლო მოქმედებები. შეშფოთებას გამოხატავდნენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები და უშუალოდ შავი ზღვის რეგიონის ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ცხადია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიციას ენიჭებოდა.
პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი გუნდისთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი და სერიოზული ტესტი. მას შემდეგ, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“, ანუ აშშ დაბრუნდა, როგორც გლობალური ლიდერი; მას შემდეგ, რაც ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ უწოდა „მკვლელი“, ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ ვლადიმირ პუტინი მალევე შეეცდებოდა მისი სიტყვებისთვის სერიოზული გამოცდის მოწყობას. რატომ მაინცდამაინც უკრაინა? იმიტომ, რომ აღმოსავლეთი უკრაინა რუსული საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია; იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში უკრაინაში პუტინის უახლოეს მოკავშირე მედვედჩუკსა და მის პროპაგანდისტულ მანქანას ამერიკული სანქციების დაწესებით სერიოზული პრობლემები შეექმნა; იმიტომ, რომ უკრაინის (ისევე როგორც საქართველოს) წარმატებას, გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას ვლადიმირ პუტინი სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს; იმიტომ, რომ ალექსეი ნავალნის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის და შემდეგ მისი დაპატიმრების გამო რუსეთის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ახალი, შიდაპოლიტიკური კრიზისი და საგარეო პოლიტიკური წნეხიც დაემატა. მავანი აუცილებლად იტყვის, რომ ეს ყველაფერი – სანქციებით დაწყებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალათასიანი აქციებით დასრულებული – პუტინის ძლევამოსილებას ვერაფერს დააკლებს. ასე იქნებოდა, ბარელი ნავთობი რომ 200 აშშ დოლარი ღირდეს; ასე იქნებოდა, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ასეულობით დოლარი რომ ღირდეს; ასე იქნებოდა, ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის უცხოური ინვესტიციები ქვეყნიდან რომ არ გაედინებოდეს; ბოლო-ბოლო ასე იქნებოდა, მთელი რუსული პოლიტიკური, სამხედრო და პროპაგანდისტული ელიტის (თავად ვლადიმირ პუტინის ჩათვლით) ოჯახის წევრები, მათი ფეშენებელური სახლები და მსხვილი ანგარიშები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ არ იყოს.
ამ ყველაფერს პრეზიდენტ ბაიდენის რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას თუ დავუმატებთ, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ყოველგვარი ოპერაციების აკრძალვა იყო, ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები უკრაინის მიმართულებით.
აშშ-ის ხელისუფლების ხისტმა პოზიციამ, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის უკრაინისადმი მხარდაჭერის სიმტკიცემ, კონკრეტული შედეგი გამოიღო და ათიათასობით რუსი სამხედროს დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებამ ვითარება შედარებით განმუხტა, მაგრამ – დროებით. ყირიმის ანექსია არ დასრულებულა, ისევე როგორც არ შეწყვეტილა საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში.
აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინასთან დამოკიდებულებაში თავისი განზრახვების სერიოზულობის დემონსტრირება მოახდინა. პენტაგონში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კაპიტოლიუმის ბორცვზე აქტიურად განიხილება დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობა, კიევში კი სულ უფრო ხმამაღლა ისმის განცხადებები აშშ-სთან ორმხრივი სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ რეალურად იგრძნოს, რომ მას ჰყავს მოკავშირე საერთო მტერთან ბრძოლაში.
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რომ არ გაუმჯობესდებოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით. ისევე როგორც არასდროს მქონია ილუზია, რომ შავი ზღვის კიდევ ერთ გავლენიან ქვეყანას, ნატო-ს წევრ თურქეთსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის სტრატეგიული კავშირი შეიქმნებოდა აშშ-სა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წინააღმდეგ. თურქეთი და რუსეთი „ფრონტის ხაზის“ სხვადასხვა მხარეს იყვნენ და არიან სირიასა და ლიბიაში (აქ ყველაზე მწვავედ შეიგრძნო რუსეთმა ეს „კონკურენცია“), არცთუ ისე დიდი ხნის წინ ყარაბაღში თურქეთმა დაარღვია რუსეთის მონოპოლია სამხრეთ კავკასიაში გავლენაზე, სულ ბოლოს კი თურქეთის პრეზიდენტმა ჯერ ე.წ. „სტამბოლის სრუტის“ მშენებლობის ინიცირებით და უკრაინის პრეზიდენტისთვის ღია მხარდაჭერით მკაფიოდ დაანახვა რუს კოლეგას, რომ თურქეთი სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა იყო, არის და ყოველთვის იქნება რუსეთისთვის.
ცხადია, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აუცილებლად უნდა განვიხილოთ აშშ-თურქეთის ურთიერთობების ჭრილში. თურქეთის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ს-400“-ის შეძენამ მნიშვნელოვნად გაართულა ორ ქვეყანას შორის არსებული ისედაც არცთუ მარტივი ურთიერთობები. თუმცა ბოლო პერიოდში თურქეთის დამოკიდებულებაში შეინიშნებოდა პოზიტიური ძვრები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპასთან მიმართებით. ცხადია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში ათვითცნობიერებენ, რომ როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე შავი ზღვის რეგიონებში თურქეთს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, მაგრამ აშშ-ის დემოკრატიულ ხელისუფლებას აქვს პრობლემები პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის სტილთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის შესუსტებული კავშირების აღდგენას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენებისთვის „ოსმალოთა მიერ სომხების გენოციდის“ წოდების თაობაზე. ვიდრე ამ გადაწყვეტილებას გაახმიანებდა, ჯოზეფ ბაიდენი თურქ კოლეგას ტელეფონით დაუკავშირდა და ნატო-ს სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ვიდრე ეს სვეტი დაიბეჭდება, შესაძლოა, თურქეთის მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქციებიც ვიხილოთ, მაგრამ ივნისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მაინც იქნება შესაძლებლობა, რომ ალიანსის ორი ყველაზე ძლიერი არმიის მქონე ქვეყნის ლიდერებმა მოახერხონ მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ თემებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა.
შავი ზღვის რეგიონში კიდევ ორი ნატო-ს წევრი ქვეყანაა – ბულგარეთი და რუმინეთი, რომელთა უსაფრთხოებას ამერიკელი სამხედროები სხვა მოკავშირეებთან ერთად უზრუნველყოფენ. აგრეთვე, აშშ-ს ჰყავს შავ ზღვაზე პარტნიორი, ჯერჯერობით ნატო-ს არაწევრი ქვეყანა საქართველო, რომლის დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულების მანძილზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული.
თუ აგრეთვე გავითვალისწინებთ, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს აშშ-ის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე – ჩინეთი, ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ სასურველია, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. ყოფილი მაღალი რანგის სამხედროებისა თუ დიპლომატების განცხადებები უკრაინასა და საქართველოში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების, ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ იმოქმედოს, და თანაც ძალიან სწრაფად. როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, რუსეთის ხელისუფლებას გამომუშავებული აქვს „ყნოსვა“ სისუსტეებზე და განსხვავებით დემოკრატიული სახელმწიფოებისგან, გადაწყვეტილებასაც ოპერატიულად იღებს და ნაბიჯებსაც სწრაფად დგამს.
ასე რომ: მოქმედების დროა!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023