"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

დემოკრატიის რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა

დემოკრატია2

დემოკრატიის ინდექსში საქართველო 90-ე ადგილზეა 167 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

დემოკრატიის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული დემოკრატიის ინდექსით დგება. Economist Intelligence Unit-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Economist-ის კვლევითი და ანალიტიკური განყოფილებაა.

დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება და 2022 წლის დემოკრატიის ინდექსმა 167 ქვეყანა მოიცვა.

დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. აღნიშნული 5 კომპონენტი 60 კითხვას მოიცავს. 60 კითხვაზე პასუხები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დგინდება.

ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულა 10-ია, ხოლო მინიმალური – 0. კვლევის შედეგად ქვეყნები 4 ჯგუფად იყოფიან: სრულად დემოკრატიული (8-დან 10 ქულამდე), ხარვეზით დემოკრატიული (6-დან 8 ქულამდე), ჰიბრიდული რეჟიმები (4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარული რეჟიმები (4 ქულამდე).

საქართველო დემოკრატიის ინდექსში

2023 წლის პირველ თებერვალს დემოკრატიის ინდექსის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, შეიცვალა ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის დონის მიხედვით. ახალი კვლევით საქართველოს 5.20 ქულა აქვს და დემოკრატიის დონით მსოფლიოში 90-ე ადგილზეა. თებერვალში გამოქვეყნებული ინდექსი რეალურად 2022 წლის მდგომარეობას ასახავს.

საქართველო გასულ (2021) წელს 91-ე ადგილზე იყო და 0.08-ით ნაკლები, 5.12 ქულა ჰქონდა.

2022 წელს საქართველოს ქულა პოლიტიკური მონაწილეობის კომპონენტში გაიზარდა 5.56-დან 6.11-მდე. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ჯამური ქულის 0.08-ით ზრდა და რეიტინგში საქართველოს ერთი ადგილით დაწინაურება. პოლიტიკური მონაწილეობა ფასდება იმის მიხედვით, თუ მოსახლეობის რა პროცენტი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, რამდენად არიან პარლამენტში წარმოდგენილი ქალები, მოსახლეობის რა წილია ჩართული პოლიტიკურ პარტიებში და ა.შ. 0.3-ით გაიზარდა საქართველოს ქულა სამოქალაქო თავისუფლების კომპონენტში. კვლევაში არ არის ნაჩვენები, უშუალოდ რამ გამოიწვია საქართველოს ქულის ზრდა.

2022 წელს საქართველოს ქულა 0.42-ით შემცირდა საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კომპონენტში. დანარჩენი კომპონენტები უცვლელი დარჩა.

დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა. 2014-2015 წლებში მისი ქულა ცოტათი შემცირდა, მაგრამ 2016-2017 წლებში 5.93-მდე გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს ქულა მკვეთრად, 0.43-ით შემცირდა და 10 საფეხურით, 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. დემოკრატიის დონის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა და ასევე, ივანიშვილის გავლენით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევა იყო, როდესაც მთავრობა 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა.

საქართველოს დემოკრატიის ქულის კლება 2019-2021 წლებშიც გაგრძელდა და მიუხედავად 2022 წელს მცირედი ზრდისა, დღეს ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებშია 5.20 ქულით.

Economist Intelligence Unit-ი  ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, რაც აფერხებს არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. მთავრობის მხრიდან ზეწოლაა ოპოზიციაზე. სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურასა და მთავრობის მუშაობაში. გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. ადგილი აქვს ჟურნალისტების შევიწროებას და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

ინდექსის კომპონენტების მიხედვით საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ფუნქციონირებაში აქვს – 3.57, ხოლო ყველაზე მაღალი – 7.0 საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში აქვს. 3.75 ქულა აქვს პოლიტიკურ კულტურაში, 5.59 სამოქალაქო თავისუფლებაში და 6.11 პოლიტიკურ მონაწილეობაში.

საქართველოს პოზიცია დემოკრატიის ინდექსში

წყარო: Economist Intelligence Unit

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში

წყარო: Economist Intelligence Unit

დემოკრატიის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც 10-დან 9.81 ქულა აქვს. ნორვეგიას საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში, პოლიტიკურ მონაწილეობასა და პოლიტიკურ კულტურაში მაქსიმალური 10-10 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა 9.61 ქულით, ხოლო მესამეზე – ისლანდია 9.52 ქულით.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი უსწრებს, რომელიც 82-ე ადგილზეა 5.63 ქულით. თურქეთი 103-ე ადგილზეა 4.35 ქულით, აზერბაიჯანი 134-ეზეა 2.87 ქულით, ხოლო რუსეთი 146-ეზეა 2.28 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ავღანეთია 0.32 ქულით, შემდეგ მოდიან მიანმარი და ჩრდილოეთი კორეა 0.74 და 1.08 ქულით.

დემოკრატიის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ნორვეგია9.81
2ახალი ზელანდია9.61
3ისლანდია9.52
4შვედეთი9.39
5ფინეთი9.29
6დანია9.28
7შვეიცარია9.14
8ირლანდია9.13
9ნიდერლანდები9.00
10ტაივანი8.99

წყარო: Economist Intelligence Unit

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა