"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო კორუფციის რეიტინგში 41-ე ადგილზეა

კურუფცია2

31 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო 41-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით დაბალი კორუფციის დონე 40 ქვეყანაშია.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით კორუფციის დონის რეიტინგს რამდენიმე ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი და, შესაბამისად, გავლენიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია კორუფციის აღქმის ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. კორუფციად აღქმულია საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის ბოროტად (არაკანონიერად) გამოყენება.

კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. აქედან, 13 კვლევა უშუალოდ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, „ფრიდომ ჰაუსი“, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიოს სამართლის პროექტი, ჟურნალი „ეკონომისტი“ და სხვა.

კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო, 2022 წლის ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში

2023 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს და 41-ე ადგილს იყოფს ჩეხეთთან, იტალიასა და სლოვენიასთან ერთად.  გასულ წელს საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 55 ქულა ჰქონდა. საქართველოს ქულა ერთით გაუმჯობესდა.

2021 წლის ინდექსში საქართველოს ქულა ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსს, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსს, „გლობალ ინსაიტის“ ქვეყნების რისკის რეიტინგს, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევას, პროექტ „დემოკრატიის ვარიაციებს“ და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვას ემყარება.

ინდექსის მიხედვით, საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. 2018 წელს საქართველოს უფრო მაღალი, 58 ქულა ჰქონდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეიტინგში საქართველოს შედეგი ძირითადად განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა“.

თავად „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს შემდეგნაირად ახასიათებენ: „სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება“.

საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის რეიტინგში

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია დანიაშია. დანიას 90 ქულა აქვს. ფინეთი და ახალი ზელანდია რეიტინგში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ 87-87 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეოთხე ადგილზე ნორვეგიაა 84 ქულით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე სომხეთია, რომელიც 63-ე ადგილზეა 46 ქულით. თურქეთი 101-ე ადგილზეა 36 ქულით, რუსეთი 137-ე ადგილზეა 28 ქულით და აზერბაიჯანი 157-ე ადგილზეა 23 ქულით.

კორუფციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალია 12 ქულით, შემდეგ მოდის სირია და სამხრეთი სუდანი 13-13 ქულით, ანუ ისინი ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად არიან მიჩნეული. შემდეგ მოდის ვენესუელა, იემენი და ლიბია.

დაბალი კორუფციის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1დანია90
1ფინეთი87
1ახალი ზელანდია87
4ნორვეგია84
4სინგაპური83
4შვედეთი83
7შვეიცარია82
8ნიდერლანდები80
9გერმანია79
10ირლანდია77

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა