ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ძველი გვარდია

ძველი გვარდია

Ask not what your country can do for you – ask what you can do for your country.
John Fitzgerald Kennedy

წლის ბოლოს კალამთან (ანუ კლავიატურასთან) შეთამაშებულ ავტორს, როგორც წესი, უჩნდება განვლილი წლის შეჯამების და ღმერთო, მაპატიე – მომავალი წლის პროგნოზირების არცთუ ისე თავმდაბალი სურვილი. მაგრამ 2021 წლის ბოლო ბლოგს ვუძღვნი ერთი არაორდინარული ადამიანის გახსენებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ეს კაცი იყო აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი და საქართველოს მეგობარი, დონალდ ჰენრი რამსფელდი (Donald Henry Rumsfeld).

დონალდ რამსფელდი აშშ-ის ერთადერთი თავდაცვის მდივანი იყო, რომელიც ამ პოსტს იკავებდა როგორც ცივი ომის, ასევე 21-ე საუკუნეში, ტერორიზმთან ბრძოლის დროს – პირველად, 1975-1977 წლებში პრეზიდენტ ჯერალდ რუდოლფ ფორდის ადმინისტრაციის პერიოდში და შემდეგ 2001-2006 წლებში ჯორჯ უოლკერ ბუშის პრეზიდენტობის დროს. ცივი ომი იყო პერიოდი, როდესაც კაცობრიობის გადარჩენა ჩამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ, არცთუ ისე გამძლე ძაფზე – Mutually Assured Destruction-ზე (MAD) ანუ ორმხრივად გარანტირებულ განადგურებაზე. ურთიერთშეკავების ეს პრინციპი ნიშნავდა იმას, რომ ორი ზესახელმწიფო, როგორც აშშ, ასევე საბჭოთა კავშირი, პირველი ბირთვული მასირებული თავდასხმის მერეც კი, გარდაუვლად მიიღებდა არანაკლებ მასირებულ ბირთვულ კონტრდარტყმას. ეს კი გამოიწვევდა კაცობრიობის გაქრობას ან მის დეგრადირებას პრიმიტიული საზოგადოების დონეზე (არაერთ ფილმში გვინახავს ატომური ომის შემდგომი, დისტოპიური მსოფლიო). ასეთ დანის-პირზე-სასიარულო ეპოქაში იყო დონალდ რამსფელდი. აშშ-ის თავდაცვის მდივანი მუშაობდა თავისი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ამავე დროს, მონაწილეობდა ამ ეგზისტენციალური საფრთხის შემცირების პროცესშიც. კონკრეტულად კი ის იყო ჩართული SALT II-ის პროცესში (Strategic Arms Limitation Talks, მოლაპარაკება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე). უფრო ცოცხლად კი აშშ-ის თავდაცვის მდივანი რამსფლედი ალბათ გვახსოვს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ რამდენიმე საათში გამართული პრესკონფერენციიდან. იმ დღეს, როდესაც პენტაგონს ამერიკული ავიახაზების გატაცებული, საბედისწერო რეისი #AA77 დაეჯახა, რამსფელდი თავის სამუშაო კაბინეტში იყო. პრესკონფერენციაზე  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენტაგონი აგრძელებს ფუნქციონირებას. სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მ დაიწყო ერაყის და ავღანეთის ომები, რომელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი დონალდ რამსფელდი იყო.

დონალდ რამსფელდის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას გაიზარდა აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და ამაღლდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. საქართველოს სამხედრო კონტინგენტმაც შეიტანა თავისი წვლილი ერაყისა და ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

როდესაც დონალდ რამსფელდი არ მუშაობდა საჯარო სამსახურში, იგი არანაკლებ წარმატებული იყო კორპორაციულ სექტორში. რამსფელდი იყო G.D. Searle & Company-ის გენერალური დირექტორი, შემდეგ თავმჯდომარე და პრეზიდენტი.  იმ დროს G.D. Searle & Company იყო გლობალური ფარმაცევტული კომპანია და რამსფელდის ხელმძღვანელობით მისი მოგება კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ რამსფელდი იყო General Instrument Corporation-ის გენერალური დირექტორი და თავმჯდომარე. ეს კომპანია მუშაობდა საკაბელო და სატელიტური კომუნიკაციების სფეროში და ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელმაც განავითარა მაღალი გარჩევადობის ციფრული ტელევიზია (high-definition TV, HTDV). დონალდ რამსფელდის თავმჯდომარეობის პერიოდში ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე გავიდა.  რამსფელდი აგრეთვე იყო ბიოფარმაცევტული კომპანია Gilead Science, Inc.-ის თავმჯდომარე. Gilead-მა შექმნა  მედიკამენტი „ტამიფლუ“, რომელიც გამოიყენება გრიპების, მათ შორის ქათმის გრიპის სამკურნალოდ.

2000-იანი წლების მიწურულს დონალდ რამსფელდმა დააარსა რამსფელდის ფონდი (www.rumsfeldfoundation.org). ფონდის მუშაობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ფინანსური დახმარება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტების თუ კოლეჯების სწავლის დასრულების შემდეგ აპირებენ მუშაობას საჯარო სამსახურში; სხვადასხვა სახის დახმარება ვეტერანებისთვის; კავკასიისა და ცენტრალური აზიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და ავღანეთი) პროგრამა. ეს პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ორჯერ, 6 კვირით, ამათი ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანას აშშ-ში, სადაც მათ ეძლევათ საშუალება, გაიცნონ საჯარო და კორპორაციული ამერიკა და აგრეთვე გაიცნონ ასე ახლოს და ამავე დროს ასე შორს მყოფი ერთმანეთი. რამსფელდის ფონდის ხელმძღვანელობით შეიქმნა რეგიონალური ფორუმი – CAMCA (Central Asia – Mongolia – Caucasus – Afghanistan). CAMCA ემსახურება რეგიონთშორისი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.

დონალდ რამსფელდი თავის სტიპენდიატებს ხშირად აჩვენებდა კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულ ღამის კორეის ფოტოს: ჩაბნელებული ჩრდილოეთი და გაკაშკაშებული სამხრეთი. მისთვის ეს იყო დიქტატორობასა და თავისუფლებას შორის სხვაობის მკაფიო მანიფესტაცია. დონალდ რამსფელდის სულისკვეთება და ფასეულობა მკაფიოდაა გამოხატული ფონდის პროგრამის მისიაში: We believe free systems, economic and political, provide the most opportunities for their people (ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს შეუძლიათ შექმნან ყველაზე მეტი შესაძლებლობა თავისი ხალხისთვის). სწორედ რამსფელდისნაირი ადამიანები ამცირებენ მსოფლიოს ცნობილ თუ უცნობ საფრთხეებს. მასვე რომ დავესესხო: ზღუდავენ unknown unknowns (არსებული, მაგრამ უჩინარი საფრთხეების არსებობის არცოდნა).

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin