"ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. კვლევების ძირითადი მიმართულება ეხება მონეტარულ პოლიტიკას და მის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე და უთანასწორობაზე. ასევე მისი ინტერესების სფეროში შედის სახელმწიფოს ლეგიტიმაციის ევოლუცია და ის, თუ როგორ აისახება ლეგიტიმაციის ცვლილება ინდივიდის თავისუფლებაზე".

აზარტული თამაშების აკრძალვის მოსალოდნელი შედეგები

აზარტული თამაშების აკრძალვის მოსალოდნელი შედეგები

აზარტული თამაშების აკრძალვის უკვე დაწყებულმა კამპანიამ გარკვეულწილად დაკარგა აქტუალობა, ზოგადი პოლიტიკური დაძაბულობის და სხვა უფრო გახმაურებული რეფორმების ფონზე.

თუმცა, ცხადია, ამ პრობლემის ირგვლივ დისკუსია აუცილებლად დაბრუნდება, როცა მორიგი დანგრეული და დაკარგული ცხოვრების ისტორიას გავიგებთ. ამ ტრაგედიის საპასუხოდ კი ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, თუნდაც დაღუპული ახალგაზრდის მიმართ პატივისცემით, აზარტული თამაშების აკრძალვა ან მკაცრი რეგულირება მოითხოვოს. და რადგან ჩვენ აკრძალვებით სავსე რეალობაში ვცხოვრობთ, კიდევ ერთი რეგულაციის განხილვისას წმინდა ეკონომიკური არგუმენტები შეიძლება გვერდზე გადავდოთ, ვინაიდან ბევრისთვის მშპ-ს ზრდის ტემპზე და ადამიანის სიცოცხლეზე ერთდროულად საუბარი ამორალურია. თუმცა ეს ყველაფერი ამ გადაწყვეტილების შესაძლო რისკების იდენტიფიცირების აუცილებლობას არ გამორიცხავს.

დღეისთვის ჩვენ საკმაოდ კარგად შეგვიძლია პროგნოზირება, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები, როცა მათი თავისუფლება იზღუდება, მათ შორის “კეთილი” მიზნებით. მაგალითად, როცა აშშ-ში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით აიკრძალა ალკოჰოლი, ის მაინც დარჩა ხელმისაწვდომი, თუმცა უფრო მაღალ ფასად და შავ ბაზარზე, რომელმაც თავის მხრივ მკვეთრად გაზარდა კრიმინალი. შედარებით მდიდარ ადამიანების ცხოვრებაზე ეს ცვლილება მნიშვნელოვნად არ აისახა, ხოლო ღარიბი ამერიკელები გადაერთვნენ კანაფის მოხმარებაზე, რომელიც ალკოჰოლის ჩამნაცვლებელია. მოგვიანებით, აშშ-ი ადამიანზე ზრუნვით კანაფიც აიკრძალა, თუმცა აკრძალვამ არ გააქრო კანაფის მოხმარება, მხოლოდ გააჩინა ნარკოტიკების არალეგალური ბაზარი, გააძლიერა კრიმინალი და გააძვირა ნარკოტიკები. ამის გარეგანი ეფექტები კი იყო უფრო მავნე ნარკოტიკების გავრცელება, რომლის წარმოება და ფარულად გაყიდვა მარტივია. თუმცა ისინი დიდწილად ისევ შედარებით ღარიბი ადამიანებისთვის შეიქმნა, რადგან მდიდრებს არ უჭირთ, საჭიროებისამებრ მაღალი ხარისხის ნარკოტიკების შეძენა.

კიდე ერთი მორალური ნორმებით განპირობებული აკრძალვა ეხება აბორტს. ქვეყნებში, სადაც ის აკრძალულია, აბორტები კეთდება არანაკლები სიხშირით, თუმცა არალეგალურად. გარეგანი ეფექტი კი ექიმების ნაწილის კრიმინალიზაცია და არაადეკვატურ გარემოში გაკეთებული აბორტებით გამოწვეული ქალების სიკვდილიანობის ზრდაა. თუმცა ეს შედარებით ღარიბ ქალებს ეხება, რომელსაც არ აქვთ შესაძლებლობა, აბორტის გასაკეთებლად სხვა ქვეყანაში წავიდნენ.

ბევრი ასეთი მაგალითი კარგად შესწავლილია და მთავარი, რაც მათ აერთიანებს, არის ის, რომ აკრძალვა არ აქრობს ადამიანების საჭიროებას, რომელმაც არასასურველი ქცევა გამოიწვია. ასევე სამორინეების აკრძალვა ვერ და არ გააქრობს ლუდომანიას, რადგან პრობლემა არა სამორინეებია, არამედ ის მოტივები, რომლებიც ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს.

ბუნებრივია, პრობლემას გართობის მოტივი არ წარმოადგენს, რადგან სამორინე შეიძლება ისეთივე გართობის წყარო იყოს, როგორც, მაგალითად, ბოულინგი. ხოლო ტოტალიზატორმა შეიძლება სპორტული თამაშების მომხიბვლელობა გაზარდოს. ამიტომ ამ შემთხვევაში, აზარტული თამაშები ეკონომიკის ერთ-ერთ რიგით სექტორს წარმოადგენს. თუმცა აზარტულ თამაშებს აქვს გარეგანი ეფექტი – ის ხშირად განიხილება, როგორც “ადვილი ფულის” წყარო. ხოლო უკანასკნელი ახალგაზრდებისთვისაა მომხიბვლელი, რომლებსაც შედარებით მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვების იმედი დაკარგული აქვთ.

საინტერესოა, რომ კვლევების თანახმად, მოთამაშეს ხშირად ახასიათებს ე.წ. კონტროლის ილუზია, ანუ რწმენა, რომ მას აქვს გავლენა თამაშის შედეგებზე (რაც თეორიულად შეუძლებელია), და წაგების, როგორც მოახლოებული მოგების ნიშნის, აღქმა. პირველი, სავარაუდოდ რეალურ ცხოვრების არაკონტროლირებადობის კომპენსირების მცდელობაა, ხოლო მეორე თავისი ფორმით გავს არსებულ პრობლემებში მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშნების ძიებას, რაც ხშირია რელიგიურ ადამიანებს შორის.

აქედან გამომდინარე, სამორინეების აკრძალვა მარტივად გამდიდრების სურვილს არ გააქრობს, და მხოლოდ წაახალისებს ახალგაზრდებს ამ სურვილის დაკმაყოფილების სხვა გზა იპოვონ. მაგალითად, კარტის თამაში მარტივად გახდება არალეგალური ბიზნესის ნაწილი (რაც ისედაც არ არის იშვიათი), როგორც ტოტალიზატორები, თუ სამორინეების შემდეგ მათზე გადავა ყურადღება. ეს ყველაფერი ბუნებრივად გაზრდის კრიმინალს და გააუარესებს მოთამაშეების მდგომარეობას.

თუმცა, სავარაუდოდ, მოთამაშეების უმრავლესობა გადაერთვება უფრო მარტივად ხელმისაწვდომ ალტერნატივებზე. პირველ რიგში, ეს არის online კაზინოები, რომლების ბლოკირება ტექნიკურად შეუძლებელია, რა მოლოდინიც არ უნდა ჰქონდეთ აზარტულ თამაშებთან მებრძოლეებს. ეს მით უმეტეს ცხადი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიუხედევად ყველა მცდელობისა, ვერცერთმა მთავრობამ ვერც ცენზურა დაამყარა ინტერნეტში, ვერც ნარკოტიკებისა და იარაღის არალეგალური ბაზარი აღმოფხვრა.

ლუდომანების სხვა ნაწილი კი მიმართავს კომპანიებს, რომლებიც გვთავაზობენ ბირჟაზე “მომგებიანი სტრატეგიებით” ვაჭრობას, რაც ასევე აზარტული თამაშების ანალოგია, თუმცა, მათგან განსხვავებით, თაღლითობასთან ძალიან ახლოს მდგომი.

საქმე იმაშია, რომ ბირჟაზე მომგებიანი “აქტიური სავაჭრო სტრატეგიების” არსებობა ეწინააღმდეგება ეკონომიკური თეორიის ერთერთ ყველაზე ფუნდამენტურ კონცეფციას – ეფექტიანი ბაზრების ჰიპოთეზას. მის უკან იმდენად ელეგანტური თეორია დგას, რომ ამ ჰიპოთეზის უარყოფა გარანტირებულად მოუტანდა ავტორს ნობელის პრემიას და უზარმაზარი მოგების მიღების შანს. თუმცა როგორც უორენ ბაფეტმა გვაჩვენა, პროფესიონალ ტრეიდერებსაც კი არ აქვთ ხშირად ეს გაცნობიერებული, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც მარტივად ატყუებენ კლიენტებს, რომ მომგებიანი აქტიური სტრატეგიის შემუშავება შესაძლებელია და “ასწავლიან” კიდეც, თუ როგორ შეიძლება ეს განახორციელო. ლამაზი ოფისი, ჭკვიანური და ამით დამაჯერებელი ტერმინოლოგია, გრაფიკები და სერიოზული კონსულტანტები ქმნიან ილუზიას, რომ ეს არა თამაში, არამედ აი ზუსტად ის შანსია, რომელსაც იმსახურებ, ბოლო ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისკენ. თუმცა მიუხედავად ამ რისკებისა, ბირჟაზე წვდომის შეზღუდვა არასასურველია, რადგან ბირჟა განვითარებული ეკონომიკის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ამარტივებს კაპიტალის აკუმულირებას და მის ეკონომიკაში გადანაწილებას. ასევე საფინანსო ბაზრებზე არსებული ინსტრუმენტები ბიზნესმენებს რისკების დაზღვევაში, ხოლო, რიგით მოქალაქეებს ფასიან ქაღალდებში გრძელვადიანი დანაზოგის განთავსებაში ეხმარება.

ამდენად, სამორინეების აკრძალვის პირობებში, ლუდომანების სურვილი, გაექცნენ რეალობას და პრობლემების გადაწყვეტის მარტივი გზა იპოვონ, უფრო საშიში და დესტრუქციული აქტივობების წახალისებასა და აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების კრიმინალიზაციას გამოიწვევს. და რაც კიდე უფრო მნიშვნელოვანია, აკრძალვა ვერ შეამცირებს იმედდაკარგული მოთამაშეების რაოდენობას, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში:

  • სადაც მმართველები მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს;
  • სადაც არასდროს ყოფილა ცივილიზებული სასამართლო სისტემა;
  • სადაც არასდროს გვქონია კერძო საკუთრების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები და პრინციპში კერძო საკუთრებაც;
  • სადაც არასდროს ისტორიაში არ ყოფილა თაობა, რომლის ცხოვრების დროს არ მომხდარა ომი თუ რევოლუცია.

ასეთი მძიმე წარსულის ქვეყანაში კი მოქალაქეებს თავისივე უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსვლა ეზარებათ, რადგან “ცივა და თან მაინც არაფერი შეიცვლება”. და როცა თქვენ გადახედავთ ამ რეალობას, ამ უიმედობით, არასამართლიანობით და წვალებით სავსე ცხოვრებას, ნუთუ ვერ გაუგებთ იმ ახალგაზრდას, რომელმაც ერთხელ გაიფიქრა “გავრისკავ, და იქნებ და გამიმართლოს”?

ამიტომ, ჩვენი მთავარი ტრაგედია არა ლუდომანია, არამედ ქვეყნის განუვითარებლობა, ელემენტარული ცივილიზებული ინსტიტუტების, სასამართლოსა თუ კერძო საკუთრების არარსებობა და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპია, რომელიც არ აჩენს იმედს, რომ ხვალ უკეთესი ცხოვრება გველის, ვიდრე დღეს. სხვა სიტყვებით, პასუხი ზუსტად იმ “სუფთა ეკონომიკურ” არგუმენტშია, რომელზეც ჩვენ დასაწყისში უარი ვთქვით, როგორც ვითომდა ამორალურზე. ამიტომ, თუ მართლა გვაღელვებს ჩვენი მომავალი, მეტი რეგულაციებისკენ მაღალფარდოვანი სიტყვებით სავსე მოწოდებების ნაცვლად, მეტ თავისუფლებაზე უნდა ვზრუნავდეთ, რაც მეტი სიმდიდრის დაგროვების გზას გაგვიხსნის ჩვენ და მომავალ თაობებს.

გააზიარე