ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა | რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა?

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა | რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა?

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პირისპირ შეხვედრები დასრულდა და ტრამპი ჩინეთიდან სამშობლოში გაემგზავრა. ტრამპი სი ძინპინს „მეგობრად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ „ბევრი სხვადასხვა პრობლემა“ გადაიჭრა.

აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს ტრამპი სი ძინპინს სამუშაო ლანჩზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ ოფისში ეწვია, შემდეგ კი აეროპორტისკენ გაემართა, სადაც მას გრანდიოზული გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოუწყვეს.

მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა პრობლემების გადაწყვეტის შესახებ, მხარეებს კონკრეტული ოფიციალური შეთანხმებების თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. თუმცა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთი აშშ-ისგან 200 კომერციულ თვითმფრინავს და საკვებ პროდუქტებს შეიძენს.

საზოგადოების ყურადღება ჩინეთისა და აშშ-ის ირანის ომის დასასრულებლად ერთობლივ ძალისხმევაზეა მიმართული. პრეზიდენტ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან ირანში ომის შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, სი ძინპინს ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმების გაფორმების ხილვა სურს და ამისთვის მან დახმარების სურვილიც გამოთქვა. „მას სურს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნას“, – აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპის თანახმად, სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ირანს სამხედრო შეიარაღებას არ მიაწვდის. ამასთან, ორივე მხარე თანხმდება, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

კონკრეტულად რა სახის ძალისხმევაზეა საუბარი ჩინეთის მხრიდან ირანში ომის დასასრულებლად, ჯერჯერობით უცნობია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.