გუშინდელი სავაჭრო დღის ბოლოს აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის საფონდო ინდექსმა ახალი რეკორდი დაამყარა. S&P 500-ის ინდექსი ისტორიაში პირველად 7,500-ს გადასცდა. ტრამპის სი ძინპინთან შეხვედრის ფონზე, როგორც ჩანს, ინვესტორთა მოლოდინი და განწყობები დადებით ტენდენციაშია.
ხუთშაბათს სავაჭრო დღის დასრულებისას S&P 500-ის ინდექსი 7,501.39-ზე დაიხურა. საინტერესოა, რომ ენერგორესურსების ფასების ზრდის, ირანში ომის მიმდინარეობის, უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივის ბუნდოვანებისა და სხვა გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური კითხვების ფონზე, ინდექსი ზრდას მაინც აგრძელებს.
ამჯერად, ინდექსის 0.8%-ით ზრდის მთავარი კატალიზატორი Nvidia აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, რომლის აქციათა ფასიც საფონდო ბირჟაზე 4%-ით გაიზარდა.
ზოგადად, S&P 500-ის ინდექსის ცვლილება კაპიტალის ბაზრებზე დიდ გავლენას ახდენს. საფონდო ინდექსის ზრდას იგივე ეფექტი აქვს ძირითად ინდექსებსა თუ ზოგადად საფონდო ბირჟაზე. მაგალითად, გუშინ S&P 500-სთან ერთად The Dow Jones-ის ინდუსტრიული ფონდიც გაიზარდა და კვლავ 50,000-ს გადააჭარბა.
ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Nasdaq-მაც, მას შემდეგ, რაც გუშინ სავაჭრო დღის ბოლოსთვის 0.9%-ით გაიზარდა.
S&P 500-მა 7,000-იან ნიშნულს პირველად აპრილში გადააჭარბა. The Dow Jones-მა კი 50,000-იან ნიშნულს პირველად თებერვალში მიაღწია, თუმცა ირანში ომისა და ენერგორესურსების ფასების ზრდის, ასევე სხვადასხვა ნედლეულის დეფიციტის ფონზე ზრდის შენარჩუნება ვერ შეძლო.















