"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა BMW

როგორ გამდიდრდა BMW

2018 წელს BMW-ს შემოსავალმა 97 მილიარდი დოლარი შადგინა, მოგებამ კი 7.2 მილიარდი დოლარი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული კომპანიაა. 2013 წლის შემდეგ კომპანიის შემოსავალი 30%-ით არის გაზრდილი.

გერმანული კომპანია “Bayerische Motoren Werke“ (BMW) 1916 წელს დაარსდა. 1922 წლამდე კომპანიას “Bayerische Flugzeugwerke AG“ ერქვა. თუმცა, BMW-ს წინამორბედი კომპანია “Rapp-Motorenwerke GmbH“ 1913 წელს დაარსდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, სახელმწიფო დაკვეთით, კომპანია საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა. BMW-ს დამფუძნებლები კარლ რაპი, გუსტავ ოტო, ფრანც პოპი და კამილო კასტილიონი არიან.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ BMW-მ თვითმფრინავების წარმოება შეწყვიტა. 1918-1923 წლებში სამეურნეო ტექნიკას, საყოფაცხოვრებო ნივთებს, სარკინიგზო მოწყობილობებს და მოტოციკლის ძრავებს აწარმოებდა. 1923 წლიდან კი ავტობუსების და სატვირთო ავტომობილების დეტალების წარმოება დაიწყო.

1928 წელს BMW-მ აიზენახის საავტომობილო ქარხანა შეიძინა და ავტომობილების წარმოება დაიწყო. აიზენახი უშვებდა მოდელს “დიქსი 3/15“, რომლის სახელიც გახდა “BMW 3/15“. ეს იყო კომპანიის პირველი სერიულად წარმოებული ავტომობილი.

პირველი საკუთარი მოდელი კომპანიამ 1932 წელს გამოუშვა, ეს იყო “BMW 3/20“, რომელსაც 20 ცხენის ძალა ჰქონდა და 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა. ამ პერიოდში BMW-ს შემოსავალი 32 მლნ მარკა იყო.

1936 წელს BMW-მ პირველი სპორტული მოდელი გამოუშვა, რომელიც რამოდენიმე წელიწადში ყველა რბოლას იგებდა და მსოფლიო რეკორდებს ამყარებდა სისწრაფეში. მდიდრული მანქანების წამოება კომპანიამ 1939 წლიდან დაიწყო, მათ შორის ოთხკარიანი სედანების.

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას ისევ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება დაევალა, მუშახელის ნაწილს კი პატიმრები შეადგენდნენ. 1944 წელს მისი შემოსავალი 750 მლნ მარკას აღწევდა. 1945 წელს კომპანიის ზოგიერთი ქარხანა განადგურდა. მოტოციკლების წარმოება 1948 წელს აღადგინა, ავტომობილების კი 1952 წელს. 1952 წელს ახალი მოდელი – სერია 501 გამოუშვა. ამ დროს გერმანიაში ეკონომიკური ბუმი იყო, დასავლეთის ქვეყნებიდან ინვესტიციები და ტექნოლოგიები შეედინებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში. საავტომობილო დარგი გაცილებით წარმატებულად ვითარდებოდა და გერმანია მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ავტომობილების მწარმოებელი ხდებოდა.

1950-იანი წლების მეორე ნახევარში კომპანიის რამოდენიმე მოდელმა წარუმატებლობა განიცადა და გაკოტრების ზღვარზეც კი იყო. 1959 წელს კომპანიის “დაიმლერ-ბენცთან“ გაერთიანებაც კი განიხილებოდა, თუმცა აქციონერები წინააღმდეგი წავიდნენ.

1961 წლიდან მასობრივი მოხმარების საშუალო კლასის ავტომობილების წარმოება დაიწყო, რომლების კარგად გაიყიდა. 60-იანი წლების ბოლოს კი მომავალში ყველაზე პოპულარული სერიების “BMW 3“ და “BMW 5“-ის წამოებას იწყებს.

1973 წელს კომპანიას 14 ქვეყანაში ქონდა ქარხნები გახსნილი, სადაც ჯამში 100 ათასამდე ადამიანს ასაქმებდა.

1978 წელს BMW-მ “M“ და “Z“ მოდელების გამოშვება დაიწყო. მნიშვნელოვანი იყო 1994 წელი, როდესაც ბრიტანული საავტომობილო კომპანია “როვერი“ შეიძინა და მის ბაზაზე“ Mini“-ის სერიის წარმოება დაიწყო. ასევე, მოიპოვა უფლება როლს-როილსის მოდელების გამოშვების.

1999 წელს BMW უშვებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად მოდელს “X5“-ს.

2011 წელს კომპანია აარსებს ახალ ბრენდს “BMW i“-ს, რომლის მიზანი ელექტრომობილების განვითარებაა. 2013 წელს პირველი ელექტრომობილი “BMW i3“ გამოუშვა, ხოლო 2014 წლიდან ჰიბრიდი “i8“. კომპანიის მიზანია 2025 წლისთვის გაყიდვების 25%-მდე ელექტრომობილებზე მოდიოდეს.

2018 წელს BMW-მ 2.5 მლნ ავტომობილი გამოუშვა, როდესაც 10 წლის წინ, 2008 წელს 1.2 მლნ აწარმოა. დასაქმებული ჰყავს 130 ათასამდე ადამიანი.

დღეს კომპანიის აქციების 29%-ს შტეფან ქუანდტი ფლობს, 21%-ს სუზან კლატენი, ხოლო 50% მცირე წილის მქონე აქციონერებზეა გადანაწილებული.

გარდა იმისა, რომ BMW მნიშვნელოვანწილად გერმანისს სახე და იყო და მისი წარმატება-წარუმატებლობა ქვეყნის ისტორიის კვალდაკვალ იწერებოდა, მნიშვნელოვანი იყო კონკურენცია. მას მოსვენებას არ აძლევდნენ “მერსედესი“ და “ფოლკსვაგენი“. BMW არ ჰქონდა დრო, შეჩერებულიყო, პროგრესი მომავლისთვის გადაედო. ეს კონკურენცია დღესაც მძაფრად გრძელდება.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა