"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “აუდი“?

როგორ გამდიდრდა “აუდი“?

კომპანია “აუდი“-მ 2019 წელს, 2 მილიონამდე ავტომობილი გამოუშვა და 64 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 80 მილიარდ დოლარამდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 82 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.

“აუდის“ ისტორია 1909 წლიდან იწყება, თუმცა მისმა დამფუძნებელმა, გერმანელმა ინჟინერმა აუგუსტ ჰორხიმ, პირველი ავტომწარმოებელი კომპანია 1899 წელს დაარსა. აუგუსტ ჰორხი რამდენიმე წელი, კარლ ბენცთან მუშაობდა. მის პირველ კომპანიას “Horch & Cie Motorwage Werke“ ერქვა. 1909 წელს, ჰორხს პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა, საწარმოდან წამოვიდა და ახალი კომპანია “აუდი“ დააარსა. ახალი ფირმის დასახელება მან საკუთარი გვარის “Horch” (უსმინე)  ლათინური თარგმანიდან აიღო.“აუდის“ პირველი მანქანა 1910 წელს გამოუშვა “Type A“, რომლის სიჩქარე 16 კმ საათი იყო. მომდევნო წლებში ახალი მოდელებიც გამოუშვა. ავტომობილების პოპულარობისთვის “აუდი“ ავტორბოლებში იღებდა მონაწილეობას.

1932 წელს, როდესაც “დიდი დეპრესი“-ის პერიოდში გერმანია ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, გერმანული საავტომობილო კომპანიები გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ. სწორედ ამან აიძულა ოთხი გერმანული კომპანია: “აუდი“, “Horch“, “Wanderer“,  და “DKW“ გაერთიანებულიყვნენ. გაერთიანებული კომპანია წარმოებული მანქანების რაოდენობით გერმანიაში მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო კომპანიის ლოგო ოთხი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლები გახდა (რაც ოთხი კომპანიის გაერთიანების სიმბოლოა), რომელიც დღემდე არის “აუდის“ ლოგო. გაერთინებულ კომპანიას “Auto Union AG“ დაარქვეს. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო “აუდი“-მ მანქანების წარმოება შეწყვიტა.

მეორე სოფლიო ომის შემდეგ “აუდის“ ქარხნები საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. კომპანიის ქარხნები ჯერ ომისგან დაზარალდა და რაც გადარჩა, დანადგარები ან გადაადნეს ან საბჭოთა კავშირში წაიღეს. კომპანია “აუდი“ ფაქტობრივად აღარ არსებობდა. კომპანიის მცირე საწარმო გადარჩა დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტადტში, საიდანაც დაიწყო გაერთიანებული კომპანიის აღდგენა და დღემდე “აუდის“ ცენტრალური ოფისია განთავსებული. “აუდი“-მ მუშაობა 1949 წლიდან განაახლა, ფრიდრიხ ფლიქსის მმართველობით. მომავალი 10 წელი მანქანების გამოშვება ნელი ტემპით იზრდებოდა და კომპანიისთვის გარდამტეხი 1958 წელი გახდა, როდესაც მისი აქციების 88% “დაიმლერ ბენცმა“ იყიდა 41 მილიონ მარკად. 1964 წელს, კი “აუდი“ (იმ დროს “Auto union“ ერქვა“) “დაიმლერ ბენცისგან“ “ფოლკსვაგენმა“ იყიდა და დღემდე “ფოლკსვაგენ ჯგუფის“ საკუთრებაა.

1970 წლიდან, “აუდის“ მანქანების, აშშ-ში ექსპორტი დაიწყო, რაც კომპანიისთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. 1977 წლიდან, კომპანიამ დაიბრუნა თავისი სახელი და დღემდე მის გამოშვებულ ყველა მანქანას “აუდი“ ქვია.

“ფოლკსვაგენ ჯგუფში“ გაერთიანებამდე, “აუდი“ ხელმისაწვდომი გერმანული ავტომობილების სახელით იყო ცნობილი, თუმცა, 1980-იანი წლებიდან მაღალი კლასის ავტომობილების წარმოება დაიწყო და დღეს მისი ზოგიერთი მოდელი “Luxury“ კლასში გადის.

1998 წელს, გამოვიდა “Audi TT“, რომლის დიზაინი რევოლუციური იყო და სწრაფად იქცა უამრავი ადამიანის საოცნებო მანქანად.

21-ე საუკუნეში “აუდი“ ფაქტობრივად ყველა სეგმენტში შევიდა, სპორტული ავტომობილებიდან დაწყებული, მდიდრული, სედანით, კუპეთი და ჯიპით დამთავრებული. 2000 წელს, კომპანიამ 653 ათასი მანქანა გაყიდა, 2008 წელს კი მილიონი, 2013 წელს 1.3 მილიონი. გაყიდვების ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი გახდა (წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 20%).

“აუდი“ მანქანებს აწყობს გერმანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, ბრაზიალიაში, მექსიკაში, ჩინეთში, ინდოეთში და რუსეთში. მისი გაყიდვებისთვის სტრატეგიული ბაზრები აღმოსავლეთ ევროპა და აზიაა. რომ არა პანდემია, 2021 წელს მხოლოდ ჩინეთში გეგმავდა 1 მლნ ავტომობილის გაყიდვას.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა