ფოტო: Getty Images
ილონ მასკის კომპანიებმა Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური ბრალდებით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი უკან გაიწვიეს. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ ბრალდების მოხსნისა და საქმის შეწყვეტის შესახებ X Corp-მა და SpaceXAI-მა მოსამართლეს უკვე აცნობეს.
შესაბამისი განცხადება ილონ მასკის კომპანიებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში წარადგინეს. თუმცა დოკუმენტაციაში გადაწყვეტილების მიზეზები, მათ შორის, არც ის არის მითითებული, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა შეთანხმებას.
ცნობისთვის, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა xAI-მა Apple-ისა და OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი ტეხასის შტატის აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში აგვისტოში შეიტანა. xAI-ი აღნიშნულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩაშლის მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებს.
სასამართლო სარჩელის თანახმად, Apple-მა და OpenAI-მა ბაზრები ჩაკეტეს, რათა საკუთარი მონოპოლია შეენარჩუნებინათ და ხელი შეეშალათ X-ისა და xAI-ის მსგავსი ინოვატორი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევაში.
აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით Apple-მა და OpenAI-მა დამოუკიდებლად მიმართეს. თუმცა მოსამართლე მარკ პიტმანმა მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ახლა კი X Corp-მა და SpaceXAI-მა Apple-ის წინააღმდეგ ბრალდებები თავადვე მოხსნეს. ამის მიუხედავად, მასკის კომპანიები OpenAI-ის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ გეგმავენ და სასამართლოში საკუთარი მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ.













