Illustration by Neil Jamieson for Forbes
ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელი ბუმი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების წლევანდელ რეიტინგზეც აისახა. 2025 წელს, აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის სიაში, 40 წლამდე ასაკის მხოლოდ ოთხი მილიარდერი იყო, 2026 წელს კი მათი რაოდენობა უკვე ათამდეა გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში მოსახვედრად წელს რეკორდული $4.4 მილიარდის ფლობა იყო საჭირო.
ცნობისთვის, 2025 წლის Forbes 400-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებიდან წლევანდელ რეიტინგში მხოლოდ სამმა შეინარჩუნა ადგილი. ესენი არიან Surge AI-ის დამფუძნებელი ედვინ ჩენი, Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Walmart-ის დამფუძნებლების მემკვიდრე ლუკას უოლტონი. უოლტონი ათეულში ერთადერთია, რომელმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა ის ასევე, $44.4 მილიარდის ქონებით, რეიტინგის სათავეშია.
შედეგად, Forbes 400-ის წლევანდელ სიაში 30-დან 40 წლამდე ასაკის შვიდი ახალწვეულია. შვიდივე მათგანის ქონება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას უკავშირდება. ამ შვიდი ახალწვეულიდან კი ოთხი Anthropic-ის თანადამფუძნებელია. კომპანია 2021 წელს OpenAI-ის შვიდმა ყოფილმა თანამშრომელმა დააარსა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ OpenAI ხელოვნურ ინტელექტს ზედმეტად სწრაფი ტემპით ავითარებდა და უსაფრთხოების საკითხებს საკმარის ყურადღებას არ უთმობდა.
Anthropic-ის შვიდივე თანადამფუძნებლის, მათ შორის 39 წლის ტომ ბრაუნისა და დანიელა ამოდეის, 37 წლის ჯეკ კლარკისა და 36 წლის სემ მაქკენდლიშის, კოლექტიური სიმდიდრე $15.5 მილიარდს აღწევს. ისინი რეიტინგში 75-ე ადგილს იყოფენ.
AI-ინდუსტრიიდან Forbes 400-ში კიდევ ერთი ახალწვეული OpenAI-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი გრეგ ბროკმენია. 38 წლის ბროკმენი Forbes 400-ის წლევანდელ რეიტინგში ყველაზე მდიდარი ახალწვეულია. მაისში, OpenAI-სა და ილონ მასკს შორის მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში, ბროკმენმა განაცხადა, რომ AI-სტარტაპში მისი წილი $20 მილიარდზე მეტი ღირებულების იყო. Forbes-ი კი მის სიმდიდრეს $25.5 მილიარდად აფასებს.
Forbes 400-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 30 წლის სტივენ ჰაოა. ჰაო Cognition-ის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. სექტემბერში Cognition-მა კერძო დაფინანსების რაუნდში $2 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულება, დაარსებიდან სულ რაღაც სამ წელიწადში, უკვე $48 მილიარდს აღწევს.
რეიტინგის მეორე ყველაზე ახალგაზრდა წევრი კი Anduril-ის დამფუძნებელი, 33 წლის პალმერ ლაკია. ავტონომიური დრონების მწარმოებელმა Anduril-მა მაისში ინვესტორებისგან $5 მილიარდის დაფინანსება მოიზიდა. შედეგად, კომპანიის შეფასება $61 მილიარდამდე გაიზარდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წელს Forbes 400-ის ათი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის საერთო ქონება დაახლოებით $169 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი $357 მილიარდი იყო. თუმცა ეს კლება, თითქმის სრულად, რამდენიმე მულტიმილიარდერის მიერ ასაკობრივი ზღვრის გადალახვას უკავშირდება. მათ შორისაა Meta-ს 42 წლის თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის ქონებაც $212 მილიარდადაა შეფასებული.
2026 წლის ათი ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერი (ასაკის მიხედვით)
#1 სტივენ ჰაო – $5.8 მილიარდი
ასაკი: 30
სიმდიდრის წყარო: Cognition
#2 პალმერ ლაკი – $5.9 მილიარდი
ასაკი: 33
სიმდიდრის წყარო: Anduril
#3 სემ მაქკენდლიში – $15.5 მილიარდი
ასაკი: 36
სიმდიდრის წყარო: Anthropic
#4 ჯეკ კლარკი – $15.5 მილიარდი
ასაკი: 37
სიმდიდრის წყარო: Anthropic
#5 გრეგ ბროკმენი – $25.5 მილიარდი
ასაკი: 37
სიმდიდრის წყარო: OpenAI
#6 ედვინ ჩენი – $18 მილიარდი
ასაკი: 38
სიმდიდრის წყარო: Surge AI
#7 დანიელა ამოდეი – $15.5 მილიარდი
ასაკი: 39
სიმდიდრის წყარო: Anthropic
#8 ტომ ბრაუნი – $15.5 მილიარდი
ასაკი: 39
სიმდიდრის წყარო: Anthropic
#9 ვლად ტენევი – $7.1 მილიარდი
ასაკი: 39
სიმდიდრის წყარო: Robinhood
#10 ლუკას უოლტონი – $44.4 მილიარდი
ასაკი: 39
სიმდიდრის წყარო: Walmart













