ფოტო: Getty Images
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 17.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 5.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და წლიურად 22.1%-ით მოიმატა. იმპორტმა 12.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტია. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ს აღწევს.
იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ყველაზე დიდი მოცულობის ბრუნვა თურქეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან დაფიქსირდა. სამ ქვეყანასთან ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ 6.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე თურქეთი იყო. საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.25 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 2.04 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამე პოზიცია რუსეთმა დაიკავა, 2.03 მილიარდი დოლარით.
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7% შეადგინა.

საექსპორტო ბაზრების მიხედვით სურათი განსხვავებულია. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი იყო, სადაც იანვარ-აგვისტოში 577.6 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. მას ჩინეთი და რუსეთი მოჰყვნენ, შესაბამისად, 543.7 მილიონი და 500.7 მილიონი დოლარის ექსპორტით.

იმპორტის მიმართულებით პირველ ადგილზე თურქეთი იყო 1.92 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზე რუსეთი – 1.53 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე აშშ – 1.51 მილიარდი დოლარით.

Forbes Georgia, ვებრედაქტორი













