"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა კომპანია “მიშლენი“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “მიშლენი“?

კომპანია “მიშლენი“ ავტომობილების საბურავების წარმოებით მსოფლიოში მეორეა, ის მხოლოდ “ბრიჯსტოუნს“ ჩამორჩება. 2019 წელს “მიშლენის“ შემოსავალმა 24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 1.7 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 35 მილიარდ დოლარზე მეტია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 17 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 113 ათასამდე ადამიანი.

          

1889 წელს, ფრანგმა ძმებმა ედუარდ და ანდრე მიშლენებმა საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანიში რეზინის ქარხანა დააარსეს. მათ ქარხანაში ველოსიპედის საბურავების შეკეთება უწევდათ, რომელიც იმ დროს პნევმატური იყო, მაგრამ სალტეზე იყო დაწებებული. მის შეკეთებას და მერე ისევ სალტეზე გადაკვრას მთელი დღე სჭირდებოდა, თან შესაძლოა ისევ მალე დაზიანებულიყო. ძმებმა მიშლენებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად შექმნეს ველოსიპედის ისეთი საბურავი, სადაც რეზინი სალტეზე დაწებებული არ იყო და შეკეთება ან გამოცვლა მარტივი მოხდებოდა. 1891 წელს, მათი შექმნილი საბურავებით იასპარეზა ცნობილმა სპორტსმენმა, ჩარლზ ტერონტმა და გრძელ დისტანციაზე ჩემპიონი გახდა. 1895 წლიდან მათი წარმოებული საბურავების გამოყენება მოტოციკლებზე და ავტომობილებზეც დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ “მიშლენი“ თანამედროვე საბურავის გამომგონებელია.

            

1898 წლიდან “მიშლენის“ სარეკლამო სახე გახდა მასკოტი ბიბენდუმი, იგივე “მიშლენის კაცი“, რომელიც დღემდე არის გამოსახული კომპანიის ლოგოზე.

1906 წელს კომპანიამ პირველი ქარხანა გახსნა საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, იტალიაში, ტურინში.

პირველი მსოფლიო ომის დროს “მიშლენმა“ დროებით თვითმფრინავების წარმოებაც დაიწყო.

1920-იან წლებში “მიშლენის“ საბურავები მთელ ევროპაში პოპულარული იყო და სხვადასხვა ქვეყნებში ხსნიდა ქარხნებს, 1920 წელს ვიეტნამშიც კი დაიწყეს საბურავების წარმოება.

1931 წელს, კომპანია საგზაო ნიშნების მსხვილი მწარმოებელიც გახდა. 1935 წელს ავტომწარმოებელი კომპანია “სიტროენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა, რომელსაც 1975 წლამდე ფლობდა.

კომპანია საბურავების წარმოებაში მთავარ ინოვატორად ითვლება, ის უამრავ სიახლეს ნერგავდა და აპატენტებდა, მაგალითად როგორიც იყო ბრტყელი საბურავი, რადიალური საბურავი და სხვა.

1968 წლიდან “მიშლენმა“ აშშ-შიც გახსნა გაყიდვების ოფისი და მალე ბაზრის 10% დაიკავა. 1989 წელს “მიშლენმა“ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ამერიკული კომპანიები “B.F. Goodrich“ და “Uniroyal“ შეისყიდა.

მიშლენი 2006 წლამდე იყო საბურავების მწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანია. 2008 წელს იაპონურმა კომპანიამ “ბრიჯსტოუნმა“ გადაუსწრო. 2008 წელს დაიბრუნა პირველობა, მაგრამ ბოლო წლებში ისევ “ბრიჯსტოუნი“ ლიდერობს. იაპონური კომპანიის პირველობას იაპონიაში ავტოინდუსტრიის მაღალ დონეზე განვითარებაც უწყობს ხელს. “ბრიჯსტოუნის“ პირველ ადგილზე გადასვლას “მიშლენის“ მიერ 2010 წელს იაპონიაში ქარხნის დახურვამაც შეუწყო ხელი. თუმცა, 2011-2012 წლებში კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და 21.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2016 წელს “მიშლენმა“ რესტორნების ონლაინ რეზერვაციის კომპანია “BookaTable“ შეიძინა.

2018 წელს “მიშლენმა“ “Camso“-ს ბრენდი შეისყიდა. მას ეკუთვნის ასევე უნგრული ბრენდი “Taurus Tyre“ და პოლონური ბრენდი “Kormoran“.

“მიშლენის“ გამორჩეული მარკეტინგული კამპანიის ნაყოფია დღემდე მოქმედი “მიშლენის ვარსკვლავი“, რომელიც სასტუმროებს და რესტორნებს ენიჭებათ. 1900 წელს ძმებმა მიშლენებმა შეიმუშავეს მეგზური, სადაც მოცემული იყო რესტორნები, ავტოგასამართი სადგურები და ავტომობილის შესაკეთებელი ადგილები. 1926 წელს კი მიშლენებმა რესტორნებზე ვარსკვლავების მინიჭება დაიწყეს, რაც ერთგვარი რჩევა იყო მძღოლებისთვის, თუ სად უკეთესი იყო მისვლა. მიშლენების რუკების, იგივე მეგზურების 10 ათასობით ეგზემპლარი იბეჭდებოდა, რაც თავად კომპანია “მიშლენის“ პოპულარობას მნიშვნელოვნად ზრდიდა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, ომში მონაწილეები აქტიურად იყენებდა მიშლენის რუკებს.

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა