"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა კომპანია “კრაფტ ჰაინცი“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “კრაფტ ჰაინცი“?

კვების პროდუქტების მწარმოებელი, უმსხვილესი კომპანიის “კრაფტ ჰაინცის“ შემოსავალმა 2019 წელს 25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 2 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 101 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 39 ათასამდე ადამიანი.

1869 წელს, გერმანელმა ემიგრანტმა ჰენრი ჯონ ჰაინცმა აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგთან ახლოს კომპანია “ჰაინცი“ დააარსა. ჰენრი, 12 წლის ასაკიდან თავის ბაღში მოყვანილ ბოსტნეულს ყიდდა. როდესაც “ჰაინცი“ დააარსა 25 წლის იყო. კომპანიის მიზანი ჩვეულებრივი სურსათის განსაკუთრებულად კარგად დამზადება იყო. თავიდან კომპანია სანელებლებს აწარმოებდა. აუცილებელი იყო ნაწარმი გამჭვირვალე შეფუთვაში მოეთავსებინათ, რომ კლიენტს მარტივად დაენახა, რას ყიდულობდა.

კომპანიის საწყისი წლები წარამტებული არ აღმოჩნდა და 1875 წელს დაიხურა. თუმცა, ამავე წელს ჰენრი ჰაინცმა ძმასთან ერთად ახალი კომპანია “ F & J Heinz“ დაარსა. სწორედ ამ კომპანიამ გამოუშვა აშშ-ში პირველი კეტჩუპი – “ჰაინცის პომიდვრის კეტჩუპი“, რომელიც თავიდანვე წარამტებით იყიდებოდა და “Catsup“ ერქვა. 1880-იან წლებში უკვე პროდუქციის ექსპორტიც დაიწყო, პირველი საექსპორტო ქალაქი ლონდონი იყო. დღესაც, “ჰაინცის“ პროდუქტებიდან ყველაზე ცნობილი მისი კეტჩუპებია.

ჰენრი ჰაინცი ინოვატორი იყო, მე-19 საუკუნის ბოლომდე 60-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტი შექმნა. 1905 წელს, კომპანიას უკვე 20 ქარხანა ჰქონდა და პომიდვრისგან დამზადებული პროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში. 1910 წელს, ქარხანა კანადაშიც გახსნა, ხოლო 1914 წელს 2 ქარხანა ინგლისში. 1920 წელს ყველა ქარხანა ერთად 10 ათას ტონა პროდუქციას აწარმოებდა.

1919 წელს, ჰენრი ჰაინცი გარდაიცვალა და კომპანიას სათავეში მისი შვილი ჰოვარდ ჰაინცი ჩაუდგა, რომელიც კვების ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო და პროდუქციის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლა. 1930 წელს, როდესაც აშშ-ში “დიდი დეპრესის“ დროს, “ჰაინცმა“ მზა სუპებისა და ბავშვის საჭმლის გაყიდვა დაიწყო შეღავათიან ფასებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგრედიენტების მიწოდება პრობლემა გახდა და კეტჩუპის წარმოება ჯერ შემცირდა, შემდეგ კი გაქრა თაროებიდან. ამ დროს კეტჩუპი ჯერ კიდევ ფუფუნების სოუსად ითვლებოდა.

1950-იანი წლებიდან “ჰაინცმა“ სხვა ქვეყნებში ქარხნების შესყიდვა დაიწყო, რაც წარმოების ქსელს სწრაფად აფართოებდა. მათ შორის იყო ქარხნები მექსიკაში, იტალიაში, პორტუგალიაში, ჰოლანდიაში და ა.შ.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კომპანიის გაყიდვები ყოველ 5 წელიწადში ორმაგდებოდა. ემატებოდა ახალი პროდუქტები, ქარხნები და ბრენდები.

1909 წელს, კანადელმა ემიგრანტმა ჯეიმს კრაფტმა კომპანია “კრაფტი“ დაარსა, რომელიც 31 სახეობის ყველს ყიდდა. მომდევნო წლებში კომპანიამ ბევრი მცირე და საშუალო რძის პროდუქტების კომპანია შეიძინა და თანდათან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

2015 წლის მარტში “კრაფტი“ და “ჰაინცი“ გაერთიანდნენ და ახალ კომპანია “კრაფტ ჰაინცი“ შეიქმნა. 2015 წელს კომპანიის შემოსავალი 18 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც 2019 წლამდე 40%-ით გაიზარდა.

“ჰაინცის“ ბრენდი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველ მეორე ამერიკულ ოჯახის მაცივარში “ჰაინცის“ კეტჩუპი დევს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა