ფოტო: thetimes.com
Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, Forbes 400-ის რეიტინგში ამერიკის უმდიდრეს ადამიანად სახელდება. გამოცემის შეფასებით, მასკის ქონება $908 მილიარდს აღწევს, რაც მას ასევე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მხოლოდ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კი, ამერიკელი ბიზნესმენი $480 მილიარდითაა გამდიდრებული.
ამ ზრდის მიუხედავადაც, ილონ მასკისთვის ბოლო ერთი წელი ფინანსურად არც ისე სტაბილური აღმოჩნდა. მასკი, მცირე ხნით, თუმცა მაინც, ტრილიონერის სტატუსს დაეუფლა და მსოფლიოში პირველი ადამიანიც გახდა, რომელმაც ეს ნიშნული გადალახა.
მასკის ქონებამ ყველა დროის მაქსიმუმს, $1.3 ტრილიონს, SpaceX-ის 12 მაისის რეკორდული IPO-ს შემდგომ მიაღწია. IPO-ს შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით კლება დაიწყო. მასკის კოსმოსური კომპანიის აქციების ღირებულება პიკთან შედარებით დაახლოებით 34%-ით დაეცა. Forbes 400-ის რეიტინგის შედგენის პერიოდისთვის კი ისინი საწყის შეთავაზების ფასთან შედარებით მხოლოდ 10%-ით მაღალი ღირებულებით ივაჭრებოდა, რაც SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაციას დაახლოებით $2 ტრილიონად აფასებდა.
მიუხედავად კლებისა, SpaceX-ის ზრდამ მასკის ქონებაზე მაინც რეკორდული გავლენა იქონია. მასკი კომპანიაში 38%-ს ფლობს, მათ შორის აქციების ოფციონებსაც, რის შედეგადაც მისი ქონება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში $480 მილიარდით გაიზარდა. ეს თითქმის სამჯერ აღემატება გასულ რეკორდს — 2025 წლის Forbes 400-ის რეიტინგისთვის მასკმა 1-წლიან პერიოდში ქონების $184 მილიარდით ზრდა დააფიქსირა. მაშინ Tesla-ს დამფუძნებლის ქონება $428 მილიარდს შეადგენდა.
გასული 12 თვის რეკორდული მატების შედეგად კი, ამჟამად, ილონ მასკი $530 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე Forbes 400-ის მეორე ადგილზე მყოფი ჯეფ ბეზოსი. ამერიკული გამოცემის შეფასებით, Amazon-ის თანადამფუძნებლის ქონება $378 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, გასულ წელს ბეზოსი მხოლოდ რეიტინგის მეოთხე ადგილს იკავებდა, მისი ქონების ზრდაზე კი დადებითად მისივე კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის, მკვეთრად გაზრდილი შეფასება აისახა.
2022 წელს, როდესაც მასკმა Forbes 400-ის რეიტინგში პირველად გადაასწრო ბეზოსს და პირველი ადგილი დაიკავა, Tesla-ს აქციები და ოფციონები მისი $251-მილიარდიანი ქონების თითქმის სამ მეოთხედს შეადგენდა.
მას შემდეგ, Tesla-ს აქციების დინამიკა არასტაბილური იყო, თუმცა ბოლო ოთხ წელიწადში ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 12 თვეში — 6%-ით. ამავე პერიოდში მასკის წილი Tesla-ში, აქციებისა და ოფციონების ჩათვლით, 24%-დან 11%-მდე შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ოფციონების გამოყენება და დაახლოებით $23 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვა გახდა. ეს თანხა მოგვიანებით მასკმა Twitter-ის შესაძენად გამოიყენა.
ამერიკულმა Forbes-მა მასკის ქონების შეფასებისას Tesla-ში დარჩენილი აქციების ოფციონებიც გამოაკლო, რომელთა ღირებულება დაახლოებით $100 მილიარდს შეადგენდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, აპრილში გაფორმებული შეთანხმებით, ოფციონერი შეზღუდული უფლებების მქონე აქციებად გარდაიქმნა.
ასევე, აღნიშნული შეთანხმება მასკს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის (ან სხვა მსგავს) პოზიციაზე დარჩენას 2028 წლის იანვრამდე ავალდებულებს. თუმცა ამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლის ერთ-ერთ შესაძლო გზად Forbes-ი SpaceX-ის მიერ Tesla-ს შეძენას განიხილავს — ამან კი, შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობის ცვლილებამ, მასკს შესაძლოა შეზღუდულ აქციებზე წვდომა ვადაზე ადრე მისცეს.













