"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ნაიკი“?

როგორ გამდიდრდა “ნაიკი“?

კომპანია “ნაიკი“ სპორტული ტანსაცმლის, აქსესუარების და ინვენტარის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 4 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 23 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 160 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 73 ათასზე მეტი ადამიანი. “ნაიკი“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, სპორტული აღჭურვილობის სექტორში.

1964 წლის 25 იანვარს, აშშ-ში, ორეგონას შტატის ქალაქ იუჯინში, ორეგონას უნივერსიტეტის მძლეოსნობის გუნდის წევრმა, ფილ ნაიტმა და მისმა მწვრთნელმა, ბილ ბაუერმანმა 500-500 დოლარის საწყისი კაპიტალით კომპანია Blue Ribbon Sports დააარსეს. მათ თავად აწუხებდათ ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმლის სიძვირე, რომელსაც მაშინ მხოლოდ “ადიდასი“ აწარმოებდა. დანარჩენი ბრენდების ფეხსაცმელი იაფი იყო, მაგრამ ვერ აკმაყოფილებდა სპორტსმენების მოთხოვნებს.

            

     

Blue Ribbon Sports იაპონური წარმოების Onitsuka Tiger-ის სპორტული ფეხსაცმლის დისტრიბუტორი გახდა აშშ-ში. პირველ წელს 8 ათასი დოლარის ფეხსაცმელი გაიყიდეს, 1965 წელს კი 20 ათასის. 1967 წელს, კოპანიას უკვე რამდენიმე მაღაზია ჰქონდა გახსნილი აშშ-ში.

1971 წელს Blue Ribbon Sports იაპონელ პარტნიორებთან ურთიერთობა დაუზიანდა, რადგან იაპონურმა კომპანიამ, Blue Ribbon Sports-ის გვერდის ავლით მოინდომა ფეხსაცმლის გაყიდვა. ფილ ნაიტმა და ბილ ბაურმანმა გადაწყვიტეს თავად ეწარმოებინათ სპორტული ფეხსაცმელი და პირველ რიგში კომპანიის რებრედინგი განახორციელეს. კომპანიას “ნაიკი“ დაარქვეს. სახელის ინსპირაცია ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე იყო. კომპანიის ცნობილი ლოგო კი დიზაინერმა კეროლინ დევიდსონმა შექმნა 35 დოლარის სანაცვლოდ. მოგვიანებით, 1983 წელს ფილ ნაიტმა კეროლინ დევიდსონს კომპანიის 500 აქცია აჩუქა, რომელიც 1 მლნ დოლარის ღირებულების იყო.

თავიდან “ნაიკის“ ახალ ფეხსაცმელს წარმატებით დაეხმარა ე.წ. “ვაფლის ძირი“, რომელიც ბილ ბაურმანს მოაფიქრდა ვაფლზე შეხედვის დროს. ახალი ძირი მსუბუქი და მარტივად დრეკადი იყო.

1980 წელს “ნაიკი“ საჯარო კომპანია გახდა, აქციები გაყიდა, რამაც მისი დამფუძნებლები მილიონერები გახადა. ფილ ნაიტის ქონება 180 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

“ნაიკის“ წარმატებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მარკეტინგულ კამპანიებს. ერთ-ერთი ასეთი იყო სლოგანი: “Just Do It”, რომელთანაც დაკავშირებულია გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა. ამას მოჰყვა ცნობილ სპორტსმენებზე, “ნაიკის“ პროდუქციის გამოყენების შეთავაზება, რაც დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი პირველი წარმატებული თანამშრომლობა იყო, მაიკლ ჯორდანთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ჯორდანს წლიურად ნახევარ მლნ დოლარს უხდიდა და დამატებით მაღალი კლასის მერსედესი გადასცა საჩუქრად.

1990-იან წლებში “ნაიკი“ მრავალ მაღაზიას ფლობდა სხადასხვა ქვეყანაში. ასევე, გახსნილი ჰქონდა ქარხნები, რამდენიმე ქვეყანაში. გარკვეულ სკანდალშიც გაეხვია, როდესაც ბრალი დადეს ინდონეზიაში დაბალი ხელფასების გადახდაში. მას შემდეგ, 90-იან წლებში კომპანიამ დასაქმებულთა ხელფასები თანდათანობით მნიშვნელოვნად გაზარდა.

1994 წელს, “ნაიკმა“ კონტრაქტი გააფორმა, როჯერ ფედერერთა, 1996 წელს ცნობილ ამერიკელ გოლფის მოთამაშესთან, ტაიგერ ვუდსთან, 2003 წელს კი ლებრონ ჯეიმსთან და კობი ბრაიანტთან.

1999 წელს, ბილ ბაურმანი გარდაიცვალა, ხოლო ფილ ნაიტმა კომპანიას 2016 წლამდე უხელმძღვანელა. 2016 წელს კომპანიის შემოსავალი 32 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ფილ ნაიტი 40 მილიარდ დოლარამდე ქონებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

2002 წელს “ნაიკმა“ კომპანია Hurley შეისყიდა, ხოლო 2004 წელს Converse 309 მლნ დოლარად. 2012 წელს კომპანია ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის, ხოლო 2015 წელს ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგისთვის, სპორტული ინვენტარის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

“ნაიკის“ წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეკლამაზე, შესაბამისად არ იშურებს თანხებსაც, ასე მაგალითად 2016 წელს, რეკლამაზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

კომპანიის შემოსავლები თითქმის უწყვეტად იზრდება. 2005 წელს 13.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2010-ში კი 13 მილიარდის. შემოსავლები გაიზარდა 2008-2009 წლებშიც, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო.

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა